ოთხშაბათს ისრაელმა იემენის დედაქალაქ სანაში ჰუთი ამბოხებულების წინააღმდეგ კიდევ ერთი ძლიერი საჰაერო დარტყმა განახორციელა, რის შედეგადაც განადგურდა სამხედრო ობიექტები და საწვავის სადგური.
ჰუთების მიერ კონტროლირებადმა სატელიტურმა საინფორმაციო არხმა, ალ-მასირამ, განაცხადა, რომ ერთ-ერთი დარტყმა ცენტრალურ სანაში სამხედრო შტაბ-ბინას მოხვდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა. კონკრეტული რაოდენობა არ დაუსახელებიათ. ასევე დაზიანდა მეზობელი სახლები. ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით ქალაქის რამდენიმე უბანში ძლიერი აფეთქებები ისმოდა.
ისრაელმა საჰაერო დარტყმების განხორციელება ჰუთების მიერ ისრაელის მიმართულებით რაკეტებისა და დრონების გაშვების საპასუხოდ დაიწყო. ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთები აცხადებენ, რომ ისინი მხარს უჭერენ ჰამასს და პალესტინელებს ღაზას სექტორში და კვირას გაგზავნეს დრონი, რომელმაც გაარღვია ისრაელის მრავალშრიანი საჰაერო თავდაცვა და ქვეყნის სამხრეთ აეროპორტს შეეჯახა.
2023 წლის შემოდგომის შემდეგ იემენელი ჰუთები პერიოდულად დარტყმებს ახორციელებენ ისრაელზე, ასევე წითელ ზღვაში თავს ესხმიან ხომალდებს, რომლებიც ისრაელის პორტებისკენ მიემართებიან ან რაიმე აკავშირებთ ამ სახელმწიფოსთან. ჰუთები აცხადებენ, რომ ამ ნაბიჯებს დგამენ პალესტინელებთან სოლიდარობის ნიშნად. ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა არაერთხელ განახორციელეს დარტყმები იემენში განთავსებულ სამიზნეებზე, მათ შორის პორტებზე, ნავთობის საწყობებზე და საბრძოლო ობიექტებზე.