“ისტერიული ტირილი.აუტყდა… ხელებს მიკოცნიდა…” – იაკობ ჯანგავაძე

1 hour ago 3

ერთი სულისთქმა მქონდა, სახლამდე მივსულიყავი და ეს ამბავი მომეყოლა.

ავტობუსის გაჩერებაზე ვდგავარ. მოდის ერთი ახალგაზრდა კაცი, ალბათ ორმოც წლამდე.

მესალმება. ვატყობ, ნასვამია.

დაჯდა და მეკითხება, მეტრომდე რა მიმიყვანსო. ავუხსენი. დაჯდა. და ცოტა ხანში ბოდიშს მიხდის:

– ბოდიში, რომ შეგაწუხე.

– რას ამბობთ, რა ბოდიში-მეთქი.

და უცებ ტირილი დაიწყო.

„ეს რას დავემსგავსე… ქუჩაში მძინავს. მშენებლობაზე ვმუშაობდი, ინფარქტი მივიღე და ვეღარ გავაგრძელე. მერე ის საცხოვრებელიც დავკარგე. ვინ გაგაჩერებს, თუ არ იმუშავეო…“

სუნთქვა შემეკრა. ისეთი ამბავი მოჰყვა, თითქოს რამდენიმე წუთში მთელი მისი ცხოვრება გადმოიღო ჩემს წინ.

მაგრამ თურმე ეს მხოლოდ დასაწყისი ყოფილა. რამდენიმე წამიან პაუზას აკეთებს, ცას უყურებს და აგრძელებს,

„იქამდე არ ვსვამდი. შვილი დამეღუპა, შენი ასაკის იყო. შენ რამდენი წლის ხარ?…
ალბათ პატარა შენზე. და მერე დავიწყე დალევაო.“

უცებ ჩაიკეცა. გულზე მოიკიდა ხელი. აშკარად ძალიან ცუდად იყო. ჩუმად შემომხედა და მითხრა:
– გთხოვ, სასწრაფოში დარეკე.

იმ წამსვე დავრეკე.

სასწრაფოს ველოდებით და მეუბნება:
– წადი, შვილო. გეჩქარება. მადლობა ყველაფრისთვის.

ხელებს მიკოცნის. ცხადია, ფეხს არ ვიცვლი. არსად მეჩქარება. აქ ვიქნები, არ დაგტოვებ-მეთქი.

ამაზე ისტერიული ტირილი დაიწყო :
– რატომ მეხმარები? შენთვის არაფერი ვარ…

უკვე მეორედ ამევსო თვალები ცრემლით.

ჩემს უკან ერთი გოგო იდგა. ისიც ტიროდა. ყველანი ასე ვისხედით და ვტიროდით.

სანამ სასწრაფო მოვიდოდა, ვკითხე:

– საიდან ხართ? აქ ვინმე გყავთ? ვინმეს ხომ არ დავურეკოთ?

ქალაქი მითხრა, რომელიც ვერ დავიმახსოვრე. მერე დაამატა:

– ვლადიკავკაზში მყავს მეუღლე და სამი შვილი.

გაჩერდა.

ცას ახედა.

ისეთი მზერით უყურებდა, თითქოს იქ რაღაცას ეძებდა. მერე ჩუმად თქვა:

– არა… სამი არა. უკვე ორი.

თავი ისევ დახარა და ტირილი გააგრძელა.

ფილმის სცენას ჰგავდა იქაურობა.

თანხის შეთავაზებაც ვცადეთ. ბარათზე ჩარიცხვა, ნაღდი ფული… ბოლოს ვუთხარი, ტელეფონზე მაინც ჩაგირიცხავთ, ვინმეს რომ დაურეკოთ-მეთქი.

თვალებში წარმოუდგენელი სიამაყე ჰქონდა.
– არა. არავის ფულს არ ავიღებ. არასდროს არავისთვის ფული არ მითხოვია და არც მოვითხოვ.

ამასობაში სასწრაფოც მოვიდა.

ექიმები გადმოვიდნენ და იცნეს.

იცნეს, რადგან შვილის გარდაცვალების შემდეგ სულ სვამს. ინფარქტიც ჰქონდა გადატანილი და დალევის შემდეგ ხშირად ხდება ცუდად.

მათაც მოუბოდიშა:
– როგორ გაწვალებთ…
ერთ-ერთმა ექიმმა გაუღიმა და უთხრა:
– შენი ლექსიც კი მახსოვს.

იმ წამს სახე მთლიანად შეეცვალა.

თვალები გაუნათდა.

– მართლა გახსოვს?
– კი, მახსოვს.

მომიბრუნდა და ბედნიერი სახით მითხრა:

– გაიგე? ჩემი ლექსი ახსოვს.

ცოტა ხანში წამოვედი.

მხოლოდ ლექსის მონაკვეთის ჩაწერა მოვასწარი. იქნებ მისია, ან იქნებ მისი არაა, ვის აინტერესებს?

მინდოდა, ამ კაცისგან რაღაც მაინც დამრჩენოდა. კაცისგან, რომელსაც ცხოვრებამ თითქოს ყველაფერი წაართვა – შვილი, ჯანმრთელობა, სახლი, სამუშაო, ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა,

მაგრამ მაინც არ დაუკარგავს ღირსება, თავაზიანობა და სიამაყე, რაც ყველაზე ძნელად შესანარჩუნებელია.

და ალბათ ამიტომაც მახსოვს ყველაზე მეტად არა მისი ტირილი, ან როგორ ეჭირა გულზე ხელი ან როგორ მთხოვდა, წავსულიყავი,

მახსოვს მისი თვალები, როცა ექიმმა უთხრა, შენი ლექსი მახსოვსო.

იმ რამდენიმე წამით აღარ ახსოვდა ის ტრაგედია, რასაც მარტო გადიოდა.

აღარ ახსოვდა, რადგან ადამიანად იგრძნო თავი.

შეიძლება ვერ შევცვალოთ სხვისი ბედისწერა, ვერ გავაქროთ მისი ტრაგედია მაგრამ

ზოგჯერ ბედნიერებისთვის ისიც საკმარისია, ვინმეს შენი დაწერილი თუნდაც ერთი სტრიქონი ახსოვდეს.

სრულად წაკითხვა