15 სექტემბერს საჯარო სკოლებში სწავლა რამდენიმე სიახლის ფონზე დაიწყო.
წლევანდელი სასწავლო წლიდან, სკოლებში ნაწილობრივ ინერგება ერთი სახელმძღვანელოს პრინციპი, როდესაც ბავშვებს ყველა სკოლაში ერთი და იგივე წიგნით მოუწევთ სწავლა. მეშვიდე და მეათე კლასელებს ახალი სახელმძღვანელოები უნდა ჰქონდეთ რამდენიმე საგანში, მათ შორის – ისტორიაში.
ზოგადი განათლების საფეხურები შემდეგნაირადაა ჩამოყალიბებული:
- დაწყებითი საფეხური (6 წელი − I−VI კლასები)
- საბაზო საფეხური (3 წელი − VII−IX კლასები)
- საშუალო საფეხური (2 წელი − X და XI კლასები და ნებაყოფლობითი 1 წელი − XII კლასი).
წელს სიახლეა ის, რომ „საქართველოს ისტორია“ ცალკე საგნად იქნება არა მხოლოდ მე-10 და მე-11 კლასებში, არამედ მე-7 კლასშიც. ხოლო მეათე კლასში მსოფლიო ისტორიას მოსწავლეები საერთოდ აღარ გაივლიან.
სკოლებში ისტორიის ინტეგრირებულად სწავლებაზე უარის თქმას, ისევე როგორც მე-10 კლასის ახალ სახელმძღვანელოს, აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.
„ისტორია“ და „საქართველოს ისტორია“ ცალ-ცალკე
ჯერ კიდევ 2022 წელს, განათლების მაშინდელი მინისტრის ბრძანებით ცნობილი გახდა, რომ X-XII კლასებში საქართველოს ისტორიას მოსწავლეები ცალკე საგნად ისწავლიდნენ.
ამჟამად მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით:
- VII კლასში – მოსწავლეები ცალ-ცალკე სწავლობენ „მსოფლიო ისტორიას“ და „საქართველოს ისტორიას“;
- VIII-IX კლასებში – საქართველოს და მსოფლიოს ისტორიას ერთ საგანში, ინტეგრირებულ რეჟიმში სწავლობენ;
- X კლასში – მხოლოდ საქართველოს ისტორიას სწავლობენ, მსოფლიო ისტორიას საერთოდ აღარ გადიან;
- XI-XII კლასებში – საქართველოს ისტორიას და მსოფლიო ისტორიას ისევ ცალ-ცალკე საგნად სწავლობენ.
დღეს მეშვიდე კლასში მსოფლიო ისტორიას მხოლოდ ერთი საათი ეთმობა კვირაში, მეათე კლასში კი სამი საათი მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ისტორიისთვისაა გამოყოფილი.
თეა ქარჩავა, ისტორიის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მიიჩნევს, რომ ისტორიის კომპლექსური სწავლებაა მნიშვნელოვანი და რომ ამ მიდგომით უკეთესად შეიძლება საკუთარი ქვეყნის ისტორიის, როლის, ადგილის დანახვა დროსა და სივრცეში.
„მე პირადად ვარ ჰოლისტური ისტორიის (მსოფლიოს და საქართველოს ისტორიის ერთად, ინტეგრირებული სწავლების) მომხრე. მგონია, რომ ეს უნდა ისწავლებოდეს ერთად. საქართველოც უნდა აღიქმებოდეს ერთიანი ისტორიული პროცესის ნაწილად. ბევრი რამ ამ მხრივ უფრო გასაგები იქნება ქართველი მოსწავლისთვის“, – ამბობს ის.
პროფესორის თქმით, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში სკოლას პრაქტიკულად აკლდება ორი სასწავლო წელი [მე-12 კლასი უქმდება და ბუნდოვანია მე-11 კლასის კონცეფცია], რაც ისტორიისთვის, ისევე როგორც სხვა საგნებისთვის „დიდი დარტყმაა“. გარდა ამისა, გაურკვეველი რჩება რა იქნება მე-11 კლასში, რომელიც დაანონსებული გეგმის მიხედვით, რეპეტიტორიუმი უნდა იყოს.
ისტორიკოსი განმარტავს, ზოგად პრინციპსაც, რომ ისტორიაში მოსწავლემ უნდა შეისწავლოს მინიმუმ სამი ეპოქა და მისი მახასიათებლები – ანტიკური, შუა საუკუნეები და ახალი/უახლესი. საბაზო საფეხურზე (VII−IX კლასები) ეს პრინციპი შემორჩენილია, მაგრამ ქარჩავას თქმით, „გამოშიგნულია“ მსოფლიო ისტორია.
მისივე განცხადებით, მსოფლიო ისტორიისთვის გამოყოფილი ერთი საათი, რომელზეც „ჩამოკიდებული“ დარჩა ზედა საფეხური (X და XI კლასები) საკმარისი არაა.
„ისტორია არ არის ზღაპრების და სადღეგრძელოების კრებული. ეპოქების მახასიათებლების დასანახად, მათ შორის განსხვავებების აღმოსაჩენად და ამის მისახვედრად, საჭიროა ერთგვარი მწყობრი მოცემულობა. მარტო საქართველოს მაგალითით ეპოქის მახასიათებლების დანახვა შეუძლებელია და მსოფლიო ისტორიის ამ დონეზე დაკნინება ნიშნავს, რომ ჩვენ ისტორიის, როგორც დისციპლინის საფუძვლებს კი არ ვასწავლით, საერთოდ არ ვიცი რა ჰქვია იმას, რასაც ვასწავლით“, – ამბობს ის.
თეა ქარჩავა ხაზს უსვამს იმასაც, რომ სახელმძღვანელოების მომზადება ისე დაიწყეს, რომ საუნივერსიტეტო და სასკოლო საზოგადოებას განმარტება მიღებული არც ჰქონდა, თუ რატომ იყოფოდა ისტორია ორ ნაწილად საბაზო საფეხურზეც (VII-IX კლასები).
ახალი სახელმძღვანელო
საჯარო სკოლებში სწავლის დაწყებამდე ორი დღით ადრე ცნობილი გახდა მე-10 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს პირველი ნაწილი, ისიც ონლაინ.
წინა წლებისგან განსხვავებით, განათლების სამინისტროს ღია კონკურსი არ გამოუცხადებია ისტორიის სახელმძღვანელოს შექმნაზე, რომელშიც ავტორები და გამომცემლობები ჩაერთვებოდნენ, მათ წიგნებს კი შემდეგ ექსპერტთა ჯგუფი განიხილავდა.
ახალი სახელმძღვანელო შეიქმნა რამდენიმესაფეხურიანი კონკურსის გარეშე, გაუმჭვირვალე დარჩა თუ როგორ შეირჩნენ ავტორები, რომელთა ვინაობა საჯაროდ არც დასახელებულა, გათვალისწინებული არ ყოფილა ექსპერტთა რეკომენდაციები.
წიგნის პირველი ნაწილის გასაჯაროების შემდეგ გაირკვა, რომ მე-10 კლასის სახელმძღვანელოს ავტორები არიან ისტორიკოსები ჯაბა სამუშია, ალექსანდრე ბოშიშვილი და გიორგი კალანდია. რა წიგნით ისწავლიან მე-7 კლასში, ამ დრომდე უცნობია. თეა ქარჩავა ეჭვობს, რომ ავტორები “პოლიტიკური ლოიალობის” ნიშნით შეირჩნენ. გიორგი კალანდია პროსამთავრობო ტელეკომპანიის, “იმედის” სახეა, ხოლო სამუშია “ოცნების” დეპუტატი იყო საკრებულოში.
სწავლა ისე დაიწყო, რომ მასწავლებლებს, მშობლებს, პროფესიული წრის წარმომადგენლებს არ ჰქონდათ დრო, საფუძვლიანად გასცნობოდნენ მე-10 კლასის წიგნს. პედაგოგებს არ ჰქონდათ დრო ის დაემუშავებინათ, შეედგინათ გეგმა, გაეგოთ რა კონცეფცია აქვს, რა დამატებითი რესურსები დასჭირდებათ პროცესში, თუ სხვა.
„კატეგორიულად მიუღებელია, რომ სახელმძღვანელოს გამოქვეყნებამდე ორი დღით ადრე გამოდიოდეს ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი სტანდარტები და საერთოდ არ ჰქონდეს ადამიანს გადახედვის საშუალება“
თეა ქარჩავა, რომელიც წარსულში ეროვნული სასწავლო გეგმების შექმნაზე, ასევე გრიფირების პროცესზეც მუშაობდა, იხსენებს, რომ წარსულში წიგნები ზაფხულში უკვე დაბეჭდილი იყო, სანამ მასწავლებლები შვებულებაში გავიდოდნენ და სასწავლო წელი დასრულდებოდა, გამომცემლები ვალდებულები იყვნენ ისინი სკოლებში გაევრცელებინათ.
„მასწავლებელი ვალდებული იყო, რომ გასცნობოდა წიგნებს და სკოლას აერჩია ამა თუ იმ საგანში მისთვის სასურველი სახელმძღვანელო“, – ამბობს ის.
დღეს ეს აღარ ხდება, რადგან ერთი სახელმძღვანელოს პრინციპი სკოლას და მასწავლებელს არჩევანის საშუალებას არ უტოვებს – რა წიგნით ისწავლის მოსწავლე, ამას სამინისტრო წყვეტს.
ისტორიკოსის შეფასებით, სკოლაში მივიღეთ მოცემულობა, როცა მსოფლიო ისტორია გვერდითაა გადადებული, საქართველოს ისტორია კი ისე ისწავლება, რომ მოსწავლეს გაუჭირდება აღიქვას კონტექსტი, არ მოხერხდება ქრონოლოგიური რეჟიმის დაცვა, რაც ამ საგანში, უმნიშვნელოვანესია.
ისტორიკოსის თქმით, გაურკვეველია რის საფუძველზე, რა არგუმენტებზე, კვლევაზე დაყრდნობით დაასკვნა სამინისტრომ, რომ თანამედროვე მოსწავლეს ნაკლებად შეიძლება აინტერესებდეს მსოფლიო ისტორია და კონტექსტი.
„მთლიანად მოიხსნა მსოფლიო ისტორია. ჩემი ვერსიით, ეს სრულიად ეწერება, იმ იდეაში, თუ რა ტიპის “სახელმწიფოს” ვაშენებთ – რომელიც უნდა იყოს იზოლაციონისტული. ავტორიტარული სახელმწიფოსთვის არ არის საჭირო [მოსწავლე. რედ] ფლობდეს ფართო კონტექსტს“, – ამბობს თეა ქარჩავა.
პრობლემაა საათების განაწილებაც – დღევანდელი მოცემულობით, მეშვიდე კლასის მოსწავლის სასკოლო დღე უფრო დატვირთული შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე მეათეკლასელის.
„როგორ შეიძლება მე-7 კლასელს ყოველდღე ჰქონდეს 7 გაკვეთილი, მაშინ როდესაც, ვთქვათ, მეათეკლასელს შეიძლება კვირაში ორჯერ უწევდეს 7 გაკვეთილი, ან საერთოდ ერთხელ?“
რაც შეეხება უშუალოდ ახალ წიგნს — თეა ქარჩავა გვეუბნება, რომ სახელმძღვანელო „ავტორისეული ტექსტია“, მასში სუსტადაა წარმოდგენილი მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, ხოლო პოლიტიკური, სოციალური, ინსტიტუციური კონტექსტი – პრაქტიკულად ნიველირებულია.
“მოსწავლეს კრიტიკული ანალიზისთვის აბსოლუტურად არა აქვს სივრცე დატოვებული“.
მისივე თქმით, წიგნში გათვალისწინებული არაა ახალი კვლევები, ის ეყრდნობა „საკმაოდ მოძველებული პერიოდის ლიტერატურას“, ძველ ნარატივებს. თეა ქარჩავას შეფასებით, თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ წარსულში ეს წიგნი გრიფირების პროცესს ვერ გაივლიდა, სიახლის გაუთვალისწინებლობის გამო.
netgazeti