დიზაინერებმა და ტიპოგრაფებმა კარგად იციან ქართული ფონტის მრავალფეროვნების მნიშვნელობა. არაერთხელ გვსმენია მათგან, რომ ლათინური ფონტები საკმაოდ ბევრნაირი არსებობს, ქართული კი შედარებით მწირი რაოდენობა გვაქვს, ამიტომ ყოველი ახალი მცდელობა, შეიქმნას განსხვავებული ციფრული დამწერლობა, დასაფასებელია.
მარიამ ჩხიკვაძემ სულ ცოტა ხნის წინ ფლორენციის უნივერსიტეტში IED – Istituto Europeo di Design, სამაგისტრო პროგრამა Master in Graphic Design Focus on New Media დაასრულა. საბოლოო პროექტის ფარგლებში, გადაწყვიტა, შეექმნა ნაშრომი, რომელიც, ერთი მხრივ, ქართული დამწერლობის ცნობადობას გაზრდიდა, მეორე მხრივ კი, კიდევ ერთ ნიმუშს შემატებდა ქართული ფონტების ოჯახს. ამ საქმეში მასთან ერთად მუშაობდა იტალიური სააგენტო Zetafonts-ის დამფუძნებელი, რომლისთვისაც ქართულ პროექტზე მუშაობა ახალი გამოცდილება იყო.
მარიამ ჩხიკვაძე: „პირველი ქართული ფონტი შეიქმნა იტალიაში და პირველი ნაბეჭდი წიგნიც იტალიურ-ქართული ლექსიკონი იყო, ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც გადავწყვიტე, პროექტი „შრიფტში დაკარგული” დამეწყო. ამასთან ერთად, ბოლო წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ დაძაბული სიტუაცია იყო და მინდოდა, რაღაც მნიშვნელოვანი მეც გამეკეთებინა, ამ ყველაფერს კი ემატება ჩემი სიყვარული ფონტების მიმართ და ჩვენი დამწერლობის სილამაზე.
პროექტის მიზანია, გაიზარდოს ქართული დამწერლობის ცნობადობა. მსურს, დავაინტერესო დიზაინერები და სააგენტოები, შექმნან ქართული ფონტები, ვასწავლო ხალხს ჩვენი დამწერლობის ისტორია და ამ ყველაფერთან ერთად გადმოვცე ჩვენი ქვეყნის წარსული. პროექტი სხვადასხვა ეტაპისგან შედგებოდა და მოიცავს: ინსტაგრამის პოსტებს, წიგნს „Lost in Script”, ფონტს, ორენოვან პოსტერებს, ანიმაციასა და ვებსაიტს. პროექტი ემსახურება როგორც საგანმანათლებლო, ისე მარკეტინგულ მიზნებს“.
სრულად წაიკითხეთ აქ: marketer.ge/akhali-qartuli-fonti/