21 დეკემბერს განცხადება გაავრცელა გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ. როგორც უწყება იტყობინება, რიმინის პროვინციაში იტალიელმა კარაბინერებმა ინტერპოლთან თანამშრომლობით დააკავეს უკრაინის მოქალაქე, სერგეი კ. - გერმანიის ფედერალური სასამართლოს გამომძიებელი მოსამართლის მიერ 2025 წლის 18 აგვისტოს გაცემული დაპატიმრების ევროპული ორდერის საფუძველზე.
ბრალდებული ეჭვმიტანილია აფეთქების, საბოტაჟისა და შენობების დანგრევის ორგანიზებაში.
დაპატიმრების ორდერის თანახმად, ეჭვმიტანილი იმ პირთა ჯგუფის წევრი იყო, რომლებმაც 2022 წლის სექტემბერში ბორნჰოლმის კუნძულთან ახლოს „Nord Stream 1-ისა" და „Nord Stream 2-ის" გაზსადენებზე ასაფეთქებელი მოწყობილობები დაამონტაჟეს. ის ოპერაციის ერთ-ერთი კოორდინატორი იყო.
სავარაუდოდ, მან და მისმა თანამზრახველებმა, გერმანული კომპანიის შუამავლების დახმარებით, გამოიყენეს ყალბი დოკუმენტებით დაქირავებული იალქნიანი იახტა.
მოწყობილობა 2022 წლის 26 სექტემბერს აფეთქდა. შედეგად ორივე გაზსადენი სერიოზულად დაზიანდა - ოთხიდან სამი ხაზი განადგურდა.
გერმანია ელოდება ეჭვმიტანილის იტალიიდან ექსტრადიციას. განცხადებაში დამატებითი დეტალები არ არის მოცემული.
იტალიაში უკრაინის მოქალაქის დაკავების შესახებ ჟურნალმა Spiegel-მაც გაავრცელა ინფორმაცია. ეს დაკავების პირველი შემთხვევაა ამ საქმეში.
- რუსეთიდან გერმანიაში მიმავალი „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ისა" და „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის" გაზსადენებზე აფეთქებები 2022 წლის 26 სექტემბრის ღამეს ბალტიის ზღვაში, დანიის კუნძულ ბორნჰოლმთან ახლოს მოხდა. იმ დროს გაზსადენები არ ფუნქციონირებდა. „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ არ ამოქმედებულა, ხოლო „ჩრდილოეთის ნაკადი 1-მა" გაზის მიწოდება დროებით შეაჩერა.
- გერმანიის პროკურატურას, რომელიც იძიებს საქმეს დივერსიის შესახებ, არ წარმოუდგენია ოფიციალური ვერსიები იმის შესახებ, თუ ვინ იდგა აფეთქებების უკან. მრავალმა დასავლურმა მედიასაშუალებამ დაწერა, რომ ეს უკრაინის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული პირების მიერ იყო ორგანიზებული. მედიის, კერძოდ, The Wall Street Journal-ის მონაცემებით, 2022 წლის მაისში უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების ჯგუფმა დაიწყო გაზსადენების აფეთქების ოპერაცია.
- გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გეგმა თავდაპირველად უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაამტკიცა, თუმცა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ზეწოლის შედეგად, მან მზადების შეჩერების ბრძანება გასცა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მაშინდელმა მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ, სავარაუდოდ, ეს ბრძანება უგულებელყო. კიევი დივერსიის ორგანიზების ბრალდებებს უარყოფს.
- გერმანულმა მედიამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ პროკურატურამ გასცა უკრაინის მოქალაქე ვლადიმირ ჟურავლიოვის დაპატიმრების ორდერი. ის პოლონეთში ცხოვრობს და მყვინთავების ინსტრუქტორად მუშაობს. პოლონეთის ხელისუფლებამ მოთხოვნას არ უპასუხა და ჟურავლიოვმა, სავარაუდოდ, უკრაინაში გამგზავრება შეეძლო.
- The Washington Post-ის ცნობით, „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ დივერსია, შესაძლოა, უკრაინის არმიის პოლკოვნიკ რომან ჩერვინსკის მიერ ყოფილიყო კოორდინირებული. „ჩრდილოეთის ნაკადების“ დაბომბვის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაში სერგეი კ.-ს სახელი არ იყო ნახსენები.
- გერმანიის გენერალურმა პროკურატურამ გასული წლის ნოემბერში განაცხადა, რომ დაადგინეს ორი ეჭვმიტანილის ვინაობა. უწყებამ მაშინ უარი თქვა მათი სახელების გამხელაზე, საგამოძიებო საიდუმლოების დაცვის აუცილებლობის მოტივით. პროკურატურამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს იყო სერიოზული თავდასხმა გერმანიის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, აფეთქების განმახორციელებელთა პოლიტიკური მოტივების მიუხედავად.
- წელს „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენებს, რომლებიც არ მოქმედებს, ევროკავშირის სანქციები დაუწესდა, რადგან ევროკავშირის ქვეყნებმა ისინი მოსკოვისთვის ევროპაზე ზეწოლის პოტენციურ ინსტრუმენტად მიიჩნიეს.