იტალიაში მოქალაქეობის მიღებისა და ჩამორთმევის წესები მკაცრდება? – პარლამენტი კანონში ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს

1 hour ago 2

იტალიის პარლამენტის დეპუტატთა პალატამ მხარი დაუჭირა პარტია „ლიგის“ ინიციატივით მომზადებული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას, რომელიც იტალიის მოქალაქეობის მიღებისა და უკვე მინიჭებული მოქალაქეობის ჩამორთმევის წესების გამკაცრებას ითვალისწინებს.

დაჩქარებული პროცედურის სასარგებლოდ ხმა 148-მა დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგი 99 იყო, ხოლო ორმა თავი შეიკავა.

კანონპროექტი ჯერ კანონად არ ქცეულა. მისი ძალაში შესასვლელად აუცილებელია, რომ დოკუმენტი ორივე პალატამ (დეპუტატთა პალატამ და სენატმა) დაამტკიცოს.

რას ითვალისწინებს ინიციატივა?

კანონპროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არასრულწლოვან ემიგრანტებს ეხება.

„ლიგის“ საპარლამენტო ფრაქციის ლიდერის, რიკარდო მოლინარის განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობის პირობებში არასრულწლოვანის ნასამართლეობა, პრაქტიკულად, არ წარმოადგენს დაბრკოლებას იტალიის მოქალაქეობის მისაღებად.

ახალი ინიციატივის მიხედვით, არასრულწლოვანი, რომელსაც ჩადენილი აქვს მძიმე დანაშაული პიროვნების ან საკუთრების წინააღმდეგ, ან ნარკოტიკებით ვაჭრობასთან დაკავშირებული კრიმინალური ქმედება, იტალიის მოქალაქეობას სრულ იურიდიულ რეაბილიტაციამდე ვერ მიიღებს.

შესაძლოა გაფართოვდეს მოქალაქეობის ჩამორთმევის საფუძვლებიც

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს იმ შემთხვევების გაფართოებას, როდესაც უკვე მიღებული იტალიის მოქალაქეობის გაუქმება იქნება შესაძლებელი.

რიკარდო მოლინარის განმარტებით, აღნიშნული ზომა შესაძლოა გავრცელდეს იმ პირებზე, რომლებიც საბოლოო განაჩენით მსჯავრდებულნი არიან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის, მათ შორის:

  • მკვლელობისთვის;
  • გაუპატიურებისთვის;
  • დანით თავდასხმისა და სხვა განსაკუთრებით მძიმე ძალადობრივი დანაშაულებისთვის.

ჯერ ბევრი კითხვა პასუხგაუცემელია

ამ ეტაპზე უცნობია, რა სახეს მიიღებს კანონპროექტი საპარლამენტო განხილვებისა და შესაძლო შესწორებების შემდეგ.

ასევე ჯერ არ არის გარკვეული, გავრცელდება თუ არა მოქალაქეობის შესაძლო ჩამორთმევის ახალი წესები იტალიის ყველა მოქალაქეზე, თუ მხოლოდ იმ პირებზე, რომლებმაც მოქალაქეობა ნატურალიზაციის გზით მიიღეს.

რას ნიშნავს დაჩქარებული განხილვა?

დაჩქარებული საპარლამენტო პროცედურა ნიშნავს, რომ კანონპროექტი პარლამენტში ჩვეულებრივზე უფრო სწრაფად განიხილება.

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ცვლილებები უკვე ძალაში შევიდა – დოკუმენტმა ჯერ კანონშემოქმედებითი პროცედურის ყველა ეტაპი უნდა გაიაროს და დამტკიცდეს როგორც დეპუტატთა პალატაში, ისე სენატში.

ნინო ხოშტარია

დაკავშირებულ თემაზე: რამდენი უცხოელი ცხოვრობს იტალიაში, რამდენია მათ შორის ქართველი და ვინ არიან „ახალი იტალიელები“?

სრულად წაკითხვა