იტალიაში 21 სექტემბრიდან ამოქმედდა ჯანმრთელობის ეროვნული სამსახურის (SSN) ფარგლებში ამბულატორიული სპეციალიზებული მომსახურებისა და პროთეზული დახმარების განახლებული ეროვნული ტარიფები. ცვლილება ეხება 448 ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებას და პროთეზებითა და დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის (assistenza protesica) 222 პოზიციას.
საშუალოდ, მომსახურებების ტარიფები დაახლოებით 5,8%-ით გაიზარდა, თუმცა ყველა ექიმთან ვიზიტი და კვლევა არ გაძვირებულა და ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტს რეალურად არც მოუწევს ახალი ტარიფით თანხის გადახდა.
ამის მიზეზი მარტივია: ეროვნული ტარიფი და პაციენტის მიერ გადასახდელი ticket-ი ერთმანეთისგან განსხვავდება.
რას ნიშნავს ახალი ტარიფი და რას ნიშნავს ticket-ი?
ახალი ეროვნული ტარიფები, უპირველეს ყოვლისა, განსაზღვრავს, რა თანხას უხდის ჯანმრთელობის ეროვნული სამსახური კონკრეტული მომსახურების გაწევისთვის სამედიცინო დაწესებულებებს – მათ შორის, აკრედიტებულ კერძო კლინიკებს.
ამავე დროს, ეს თანხები გავლენას ახდენს იმ თანხაზეც, რომელსაც გარკვეულ შემთხვევებში თავად პაციენტი იხდის, როგორც სამედიცინო მომსახურების ღირებულების ნაწილს (თანადაფინანსება).
იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, ამბულატორიული სპეციალიზებული მომსახურებისთვის ticket-ი, ჩვეულებრივ, მომსახურების ტარიფს შეესაბამება, თუმცა მოქმედებს 36,15 ევროს მაქსიმალური ზღვარი ერთ რეცეპტზე იმ პაციენტებისთვის, რომლებიც შეღავათით არ სარგებლობენ. გასათვალისწინებელია კონკრეტული რეგიონული წესებიც – მაქსიმალური ზღვარი რეგიონების მიხედვით შეიძლება განსხვავებული იყოს.
ამიტომ, მაგალითად, კარდიოლოგთან პირველი ვიზიტის ახალი ტარიფი 38 ევროა, მაგრამ იქ, სადაც 36,15-ევროიანი ზღვარი მოქმედებს, პაციენტს ამ მომსახურებისთვის 38 ევროს გადახდა არ მოუწევს – გადასახდელი თანხა მაქსიმუმ 36,15 ევრო იქნება.
რომელ ექიმებთან პირველი ვიზიტები გაძვირდა
ცვლილება განსაკუთრებით შეეხო სპეციალისტებთან პირველ ვიზიტებს.
ნევროლოგთან, გინეკოლოგთან, ორთოპედთან, პულმონოლოგთან, ენდოკრინოლოგთან და გასტროენტეროლოგთან პირველი ვიზიტის ტარიფი 25 ევროს ნაცვლად ახლა 26 ევროა.
ოფთალმოლოგთან პირველი ვიზიტის ტარიფი 25,80 ევროდან 26,80 ევრომდე გაიზარდა, დერმატოლოგისა და ალერგოლოგის შემთხვევაში – 25,40 ევროდან 26,40 ევრომდე, ხოლო ოტოლარინგოლოგთან —- 26,20 ევროდან 27,20 ევრომდე.
უფრო საგრძნობია ცვლილება კარდიოლოგის შემთხვევაში: კარდიოლოგთან პირველი ვიზიტის ტარიფი ელექტროკარდიოგრამის ჩათვლით 33,60 ევროდან 38 ევრომდე გაიზარდა.
თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა პაციენტი ავტომატურად 38 ევროს გადაიხდის. 36,15-ევროიანი ზღვრის მოქმედების შემთხვევაში პაციენტის მაქსიმალური გადასახადი ამ მომსახურებაზე სწორედ ეს თანხა იქნება, შესაბამისად, ძველ ტარიფთან შედარებით რეალური ზრდა 4,40 ევროს ნაცვლად 2,55 ევროს შეადგენს.
ზოგიერთი კვლევისა და პროცედურის ახალი ფასი
ახალი ტარიფებით, გაიზარდა რამდენიმე გავრცელებული კვლევისა და პროცედურის ღირებულებაც.
მაგალითად:
- ელექტროკარდიოგრამა – 11,60 ევროდან 12,05 ევრომდე;
- სპირომეტრია – 24 ევროდან 24,90 ევრომდე;
- ვენიდან სისხლის აღება – 3,80 ევროდან 4,30 ევრომდე;
- სარძევე ჯირკვლის წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსია – 31,25 ევროდან 36,50 ევრომდე.
ეს უკანასკნელი ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ზრდაა: ტარიფმა 5,25 ევროთი მოიმატა, თუმცა აქაც მოქმედებს ticket-ის მაქსიმალური ზღვრის საკითხი.
ბევრი გავრცელებული მომსახურება არ გაძვირებულა
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ახალი ტარიფები ყველა სამედიცინო მომსახურებას არ ეხება. მომხმარებელთა დაცვის ორგანიზაცია Altroconsumo აღნიშნავს, რომ ცვლილება ტარიფების მხოლოდ ნაწილის გადასინჯვას გულისხმობს და მრავალი გავრცელებული მომსახურების ფასი უცვლელი რჩება.
მაგალითად, სპეციალისტთან საკონტროლო ვიზიტის აქამდე არსებული ტარიფი – 17,90 ევრო – არ შეცვლილა, იგივე დარჩა.
ასევე უცვლელია რამდენიმე გავრცელებული კვლევის ტარიფი, მათ შორის:
- გულმკერდის რენტგენოგრაფია – 15,45 ევრო;
- გინეკოლოგიური ექოსკოპია – 30,95 ევრო;
- ძვლის სიმკვრივის კვლევა (დენსიტომეტრია) – 31,50 ევრო.
ძირითადი ლაბორატორიული კვლევების – მაგალითად, სისხლის საერთო ანალიზის, გლუკოზის, გლიკოზირებული ჰემოგლობინის, ქოლესტერინის, კრეატინინისა და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების – ტარიფებიც არ შეცვლილა. სისხლის ანალიზების შემთხვევაში ცვლილება, ძირითადად, სისხლის აღების საფასურს შეეხო (ვენიდან სისხლის აღების ტარიფი 3,80-დან 4,30 ევრომდე გაიზარდა).
როდიდან მოქმედებს ახალი ტარიფები
ეს მნიშვნელოვანი დეტალია.
ახალი ტარიფები ძალაში შევიდა 2026 წლის 21 სექტემბერს, მაგრამ დადგენილებით ისინი 21 სექტემბრიდან გაცემულ რეცეპტებზე ვრცელდება.
ანუ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რეცეპტის გაცემის თარიღს და არა მხოლოდ იმას, თუ როდის არის დანიშნული ვიზიტი. მაგალითად, თუ პაციენტს რეცეპტი 20 სექტემბერს გამოუწერეს, ხოლო ექიმთან ვიზიტი მოგვიანებით აქვს, საფასურს ძველი ტარიფით გადაიხდის.
ამიტომ, უკვე ჩანიშნული ვიზიტის შემთხვევაში თანხის გადახდამდე სასურველია რეცეპტის თარიღი და მომსახურების კოდი შეამოწმოთ.
ვის არ შეეხება გაძვირება
ტარიფების ცვლილების მიუხედავად, ticket-ისგან გათავისუფლების მოქმედი კატეგორიები ძალაში რჩება.
იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მიხედვით, გარკვეული სამედიცინო მომსახურება უფასოა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც კანონით გათვალისწინებული შეღავათი აქვთ – მათ შორის, ზოგიერთი კატეგორიის მიხედვით – ასაკისა და შემოსავლის, ქრონიკული ან იშვიათი დაავადებების, შეზღუდული შესაძლებლობის, ორსულობისა და ონკოლოგიური დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამების ფარგლებში.
ის ადამიანები, რომლებსაც კონკრეტულ მომსახურებაზე ticket-ისგან გათავისუფლების უფლება უკვე ჰქონდათ, ისევ ისარგებლებენ ამ შეღავათებით.
რატომ შეიცვალა ტარიფები
ახალი ტარიფების შემოღებას წინ უძღოდა ხანგრძლივი დავა სამედიცინო მომსახურების ღირებულების შესახებ.
იტალიის ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი ტარიფების გადასინჯვისას შეისწავლა სამედიცინო მომსახურების რეალური ხარჯები – პერსონალის, მასალების, ტექნოლოგიებისა და ინფრასტრუქტურის დანახარჯები. კვლევაში მონაწილეობდნენ როგორც სახელმწიფო, ისე აკრედიტებული კერძო დაწესებულებები.
მთავრობისთვის ერთ-ერთი ამოცანაა, რომ სახელმწიფო სისტემაში მომსახურების გაწევა სამედიცინო დაწესებულებებისთვის ფინანსურად უფრო შესაბამისი გახდეს და განახლებული ტარიფები რეალურ ხარჯებს მეტად დაუახლოვდეს.
ამასთან, ცვლილებას კრიტიკაც მოჰყვა. მომხმარებელთა და პაციენტთა ინტერესების დამცველი ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ ზოგიერთი მომსახურების შემთხვევაში ticket-ის ზრდა მაინც შეიძლება დამატებით ხარჯად დააწვეს ოჯახებს. თუმცა, როგორც ზოგიერთი იტალიური მედია იუწყება, ჯანდაცვის სამინისტროს შეფასებით იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც შეღავათებით არ სარგებლობენ, ცვლილების საშუალო გავლენა წელიწადში დაახლოებით 1,5 ევრო იქნება.
ნინო ხოშტარია
nostal.ge ახალი ამბები