იტალიაში საარჩევნო სისტემის მნიშვნელოვანი ცვლილება ახალ ეტაპზე გადავიდა. ქვეყნის სენატმა ჯორჯა მელონის მმართველი უმრავლესობის მიერ მომზადებულ საარჩევნო რეფორმას მხარი დაუჭირა 113 ხმით 71-ის წინააღმდეგ, ორმა სენატორმა თავი შეიკავა.
თუმცა რეფორმის კანონპროექტი ჯერ საბოლოოდ დამტკიცებული არ არის. სენატმა მასში ცვლილებები შეიტანა, რის გამოც ის დეპუტატთა პალატას კიდევ ერთხელ უნდა დაუბრუნდეს. საკითხის განხილვა დეპუტატთა პალატაში 28 სექტემბრიდან არის დაგეგმილი. 22 სექტემბრამდე კანონპროექტში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობაც არსებობს.
თუ დოკუმენტი საბოლოოდ დამტკიცდა, ახალი სისტემა იტალიის საპარლამენტო არჩევნების წესებს მნიშვნელოვნად შეცვლის.
მთავარი სიახლე – პროპორციული სისტემა და 42%-იანი ზღვარი
რეფორმის საფუძველი პროპორციული სისტემაა. მოქმედი მოდელისგან განსხვავებით, ახალი წესით უქმდება ერთმანდატიანი ოლქები და საპარლამენტო მანდატები, ძირითადად, პარტიებისა და კოალიციების მიერ მიღებული ხმების პროპორციულად გადანაწილდება.
ამასთან, სისტემას ემატება უმრავლესობის პრემია.
თუ რომელიმე პარტია ან კოალიცია არჩევნებში ხმების მინიმუმ 42%-ს მიიღებს, მას დამატებითი საპარლამენტო მანდატები გადაეცემა. პრემია შეადგენს 70 მანდატს დეპუტატთა პალატაში და 35 მანდატს – სენატში.
მნიშვნელოვანია ერთი დეტალი: 42%-იანი ზღვარი ერთმა და იმავე პარტიამ ან კოალიციამ ორივე პალატაში უნდა გადალახოს. თუ ეს პირობა შესრულდა, გამარჯვებული ძალა დამატებით მანდატებს მიიღებს. თუ 42%-იანი ზღვარი ვერ შესრულდა, მანდატები პროპორციული წესით განაწილდება.
პრეფერენციები ბრუნდება, თუმცა შეზღუდული ფორმით
ახალი წესით, ამომრჩეველი ხმას პარტიულ სიას აძლევს და შეუძლია სიიდან კონკრეტულ კანდიდატებსაც მისცეს პრეფერენცია – სიის პირველი ნომრის გარდა. სიის პირველი კანდიდატი „დაბლოკილი“ იქნება, ანუ მისი არჩევა ამომრჩევლის პრეფერენციაზე არ იქნება დამოკიდებული.
სენატის მიერ დამტკიცებული ტექსტით, ამომრჩეველს პარტიისთვის ხმის მიცემის გარდა შეუძლია 3 კანდიდატისთვის პრეფერენციის მიცემა პარტიული სიის 6 კანდიდატიდან (პირველი ნომრის შემდეგ). ამგვარად, ახალი მოდელი აერთიანებს პარტიის მიერ წინასწარ განსაზღვრულ პირველ კანდიდატსა და ამომრჩევლის მიერ პრეფერენციებით არჩეულ სხვა კანდიდატებს.
პარტიებმა წინასწარ უნდა დაასახელონ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე პარტიების საარჩევნო პროგრამებს უკავშირდება.
პოლიტიკურმა ძალებმა საარჩევნო პროგრამაში უნდა მიუთითონ კანდიდატი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე.
თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არჩევნების შემდეგ ის ავტომატურად გახდება პრემიერ-მინისტრი. იტალიის კონსტიტუციური წესის მიხედვით, მთავრობის ფორმირებაში საბოლოო სიტყვა კვლავ რესპუბლიკის პრეზიდენტს ეკუთვნის.
ამრიგად, ამომრჩეველი არჩევნებზე წინასწარ დაინახავს, თუ ვის კანდიდატურას უკავშირებს კონკრეტული პარტია ან კოალიცია მთავრობის ხელმძღვანელობას, მაგრამ პრემიერ-მინისტრის დანიშვნის კონსტიტუციური პროცედურა უცვლელი რჩება.
ახალი წესები პარტიებისთვის
რეფორმა არჩევნებში მონაწილეობის გარკვეულ პირობებსაც ცვლის.
არჩევნებში მონაწილეობის მსურველი ზოგიერთი არასაპარლამენტო პოლიტიკური ძალისთვის ხელმოწერების მოთხოვნა 1500-დან 6000-მდე იზრდება თითო საარჩევნო ოლქზე.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პატარა პარტიებისთვის, რადგან ახალი მოთხოვნა არჩევნებში მონაწილეობისთვის საჭირო ორგანიზაციული და ადმინისტრაციულ რესურსის ზრდას მოითხოვს.
საარჩევნო ზღვარს რაც შეეხება: სენატის მიერ დამტკიცებულ ტექსტში შენარჩუნებულია პარტიებისთვის 3%-იანი, ხოლო კოალიციებისთვის 10%-იანი ზღვარი.
რატომ გახდა რეფორმა პოლიტიკური დავის საგანი?
იტალიაში ამჟამად მოქმედი საარჩევნო სისტემა პროპორციული და ერთმანდატიანი ოლქების კომბინაციას ეფუძნება: პარლამენტის წევრების დაახლოებით ორ მესამედს ამომრჩევლები პროპორციული წესით, ხოლო ერთ მესამედს ერთმანდატიან ოლქებში ირჩევენ. რეფორმა ერთმანდატიან ოლქებს აუქმებს და სისტემას ძირითადად პროპორციულ მოდელზე გადაყავს.
იტალიის მმართველმა მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიციამ, რომელიც შედგება პარტიებისგან: „იტალიის ძმები“, „ჩრდილოეთის ლიგა“ და „ფორცა იტალია“ – განაცხადა, რომ რეფორმა უზრუნველყოფს პოლიტიკურ სტაბილურობას ქვეყანაში, რომელიც ცნობილია თავისი ხანმოკლე მთავრობებით. ჯორჯა მელონიმ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2022 წლის ოქტომბერში დაიკავა, 2026 წლის სექტემბერში კი მისმა მთავრობამ ბერლუსკონის 2005 წლის რეკორდს გადააჭარბა და ომისშემდგომ პერიოდში ყველაზე ხანგრძლივვადიანი მთავრობა გახდა.
ოპოზიციური პარტიების ნაწილი კი აკრიტიკებს როგორც უმრავლესობის პრემიას, ისე დაბლოკილი კანდიდატების (სიის პირველი ნომრები) შენარჩუნებას. სენატში რეფორმის განხილვას ოპოზიციის პროტესტიც ახლდა. მათი შეფასებით, დამატებითი მანდატების მექანიზმი გამარჯვებულ ძალას მის მიერ მიღებულ ხმებთან შედარებით მეტ საპარლამენტო ძალაუფლებას აძლევს.
ამასთან, ოპოზიციაში განსხვავებული პოზიციებია თავად პრეფერენციების საკითხზეც: ნაწილი სრულად თავისუფალი პრეფერენციების დაბრუნებას ითხოვდა, მაშინ როცა საბოლოოდ დამტკიცებულ ტექსტში „დაბლოკილი პირველი კანდიდატების“ მექანიზმი დარჩა.
ოპოზიცია რეფორმას მელონისთვის საარჩევნო წესების მორგების მცდელობად აფასებს, თუმცა ახალი სისტემა თავისთავად მელონის ბლოკის გამარჯვებას არ უზრუნველყოფს: 42%-იანი ზღვრის გადალახვა მის კოალიციასაც მოუწევს და იმავე ბონუსის მიღება მის კონკურენტ ბლოკსაც შეეძლება. ამასთან, ბოლო პერიოდში მელონის კოალიციას ახალი სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა – მემარჯვენე პოლიტიკური ძალა „ეროვნული მომავალი“ (Futuro Nazionale).
როდის ამოქმედდება ახალი სისტემა?
ჯერ უცნობია, როდის შევა ძალაში ახალი საარჩევნო სისტემა, რადგან კანონპროექტმა საბოლოო საპარლამენტო ეტაპი უნდა გაიაროს.
დეპუტატთა (ქვედა) პალატის შესაბამის კომისიაში ცვლილებების წარდგენის ვადა 22 სექტემბერს იწურება. ამის შემდეგ კანონპროექტის განხილვა გაგრძელდება და 28 სექტემბრიდან ის დეპუტატთა პალატის პლენარულ სხდომაზე უნდა გავიდეს.
თუ საბოლოო ტექსტს დეპუტატთა პალატაც დაამტკიცებს, იტალიის საპარლამენტო არჩევნები ახალი წესებით ჩატარდება – პროპორციული საფუძვლით, 42%-იანი ზღვრის გადალახვის შემთხვევაში უმრავლესობის პრემიით და შეზღუდული პრეფერენციების მექანიზმით.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, იტალიაში მომავალი საპარლამენტო არჩევნები 2027 წელს უნდა ჩატარდეს, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ განსაზღვრული არ არის.
ჯორჯა მელონიმ 16 სექტემბერს განაცხადა, რომ მოქმედი საკანონმდებლო ვადის ბოლომდე დარჩენა სურს და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას არ აპირებს.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ულტრამემარჯვენე პარტია „იტალიის ძმების“ ლიდერი ჯორჯა მელონი იტალიის პრემიერ-მინისტრის პოსტს 2022 წლის ოქტომბრიდან იკავებს. იგი პირველი ქალი პრემიერია იტალიის ისტორიაში.
ამრიგად, რეფორმის მთავარი იდეა ორი მიზნის გაერთიანებაა: ხმების უფრო პროპორციული გადანაწილება და გამარჯვებული პოლიტიკური ძალისთვის უფრო სტაბილური საპარლამენტო უმრავლესობის უზრუნველყოფა. თუმცა საბოლოო შედეგი ჯერ კიდევ დეპუტატთა პალატის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
ნინო ხოშტარია
დაკავშირებულ თემაზე: იტალიას ისტორიაში პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს – ულტრამემარჯვენე ჯორჯა მელონის პრეზიდენტმა მთავრობის ფორმირება დაავალა
nostal.ge ახალი ამბები