იურიდიულ კომიტეტზე რუსული კანონის განხილვა ხმაურით დაიწყო — აფრთხილებენ ოპოზიციონერებს

2 weeks ago 12

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს, 29 აპრილს, დაიწყო „რუსული კანონის“ მეორე მოსმენით განხილვა . სხდომა ხმაურიანად მიმდინარეობს.

კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს რამდენჯერმე გაუთიშა მიკროფონი და ასევე, მისცა გაფრთხილება. გაფრთხილებების გამეორების შემთხვევაში, ოხანაშვილი მათ დარბაზიდან გაძევებით დაემუქრა.

კანონპროექტის განხილვის გაშუქების საშუალება ყველა მედიას, გარდა ტელევიზიებისა, აკრძალული აქვს. პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, კანონპროექტის განხილვის დღეებში საკანონმდებლო ორგანოში აცხადებენ უსაფრთხოების ე.წ. ყვითელ დონეს. პარლამენტში ამბობენ, რომ შეზღუდვის საბაბი ონლაინ მედიის მხრიდან რუსულ კანონზე გამოხატული პროტესტია. შესაბამისად, მედიის დიდ ნაწილს არც პროცესის გაშუქება შეუძლია და არც განხილვებში მონაწილეობა.

ომბუდსმენმა, უფლებადაცვითმა ორგანიზაციებმა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ არაერთხელ მოუწოდეს პარლამენტს, ონლაინ მედიას მიეცეს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის საშუალება.


რამდენიმე კვირაა, მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად იკრიბებიან და მრავალათასიან აქციებსა და მსვლელობებს აწყობენ. საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღას უერთდებიან ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყანაში.

დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.

მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო ფონდებს, მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს ანიჭებს.

მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.

საზოგადოებისთვის „რუსული კანონის“ სახელით ცნობილი დოკუმენტი საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, პირველი მოსმენით, უკვე მიიღო 17 აპრილს. თუმცა საბოლოოდ ძალაში შესასვლელად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენით მიღება, შემდეგ პრეზიდენტის ხელმოწერა, რომელმაც თქვა რომ კანონს ვეტოს დაადებს. ამის შემდეგ, დიდი ალბათობით, „ოცნების“ უმრავლესობა ვეტოს დაძლევას შეეცდება.

ამავე თემაზე:

სრულად წაკითხვა