იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

7 months ago 7
კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი. წყარო: კადრი საზოგადოებრივი მაუწყებლის ვიდეოდან

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 29 აპრილს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა თავისი უფლებამოსილება მაქსიმალურად გამოიყენა ოპოზიციის კომენტარების შესაზღუდად. რეგლამენტის „დარღვევის“ მოტივით, კომიტეტის თავმჯდომარემ სულ 17 ადამიანი, მათ შორის ოპოზიციონერი დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დარბაზიდან გააძევა.

სხდომის მსვლელობისას ოცმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, სადაც ანრი ოხანაშვილი იმის გამო გააკრიტიკა, რომ იგი  „ბოროტად იყენებს უფლებამოსილებას და ზღუდავს დეპუტატების საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გარანტირებულ შესაძლებლობას – ოპონირება გაწიონ, დასვან მწვავე კითხვები და მიიღონ პასუხები“. არასამთავრობოების თქმით, კითხვების დასმის შესაძლებლობა მათ წარმომადგენლებსაც შეეზღუდათ.

იმავდროულად, „ქართული ოცნება“ თბილისში სადავო კანონპროექტის მხარდასაჭერად აქციას მართავს. გავრცელებული ინფორმაციით, მმართველმა პარტიამ მთელი ქვეყნის მასშტაბით მხარდამჭერების, ძირითადად საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულების მობილიზება განახორციელა აქციაზე დასასწრებად. აქციაზე მმართველი პარტიის დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლაც იგეგმება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა