სოფელ კაბალში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული პირი ლაგოდეხის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, მირზა ალიევია.
მირზა ალიევი ლაგოდეხის საკრებულოში 2010-2014 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ სიით იყო დეპუტატი. 2014 წელს კი ლაგოდეხის საკრებულოში მირზა ალიევი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარული სიით მოხვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მირზა ალიევი ერთ-ერთი დასაკავებელი პირი იყო, რომელმაც სპეცრაზმელებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ერთ-ერთი სპეცრაზმელი მძიმედ დაიჭრა.
შსს-ს განცხადებით, პოლიციის საპასუხო ცეცხლის შედეგად მირზა ალიევი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული.
მირზა ალიევის ახლობელი TV პირველთან ამბობს, რომ პირველად ცეცხლი სპეცრაზმმა გახსნა.
„მთავრობა სუფთა მაფიაა. პირველად [სპეცრაზმა] ისროლა. მირზა იყო „ქართული ოცნების“ ხელში, კაბალის დეპუტატი იყო რამდენიმე წელი. ამ წელსაც არჩევნებში მირზას დამსახურებით გაიმარჯვა ამ მთავრობამ“, – აცხადებს მირზა ალიევის ახლობელი.
როგორც შსს აცხადებს, ხუთ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“, „ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვის ბრალდებით დაკავებულია 34 პირი, 7 პირს კი – მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ 2 პირს და საზღვარგარეთ მყოფ 4 პირს და ერთ „კანონიერ ქურდს“ – ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
„ლიკვიდირებულია ერთი თავდამსხმელი, სპეცრაზმელი დაიჭრა“ – შსს აცხადებს, რომ 34 პირი დააკავა

2 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·