საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და „რეფორმატიკსის“ დამფუძნებელი ნიკა გილაური ამბობს, რომ აშშ-ის დასასანქცირებელთა სიაში მისი ძმის, „საქართველოს კაპიტალის“ დამფუძნებელი ირაკლი გილაურის მოხვედრა „კაგებეშნიკური“ ოპერაციაა, რომლის ინიციატორები სავარაუდოდ სანქციების რეალური სამიზნეები და „სასარგებლო იდიოტები“ არიან.
ნიკა გილაური წერს, რომ „საქართველოს კაპიტალის“ დირექტორთა საბჭოს განცხადებამდე არ უნდოდა კომენტარის გაკეთება „რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებულ „ბიძინა ივანიშვილის მაცოცხლებელი ქსელის სიაზე“, სადაც მისს ძმაც არის მოხსენიებული.
„მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ „საქართველოს კაპიტალი“ ლონდონის ბირჟაზე განთავსებული კომპანიაა, რომელიც მართავს ამერიკული და ევროპული უმსხვილესი ფონდების ფულს. ჩემი ძმა კი არის „საქართველოს კაპიტალის“ დირექტორი, რომელსაც ამ დასავლურმა ფონდებმა თავისი ფული ანდეს იმისთვის, რომ მას საქართველოში ინვესტიციები გაეკეთებინა. ძალიან ცოტა ადამიანია საქართველოში, ვისაც ასეთ ნდობას უცხადებენ დასავლური ფონდები და ვისაც ამხელა თანხების მოტანა შეუძლია ჩვენს ქვეყანაში. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ სწორედ იმის გამო, რომ ამ კომპანიის აქციები ლონდონის ბირჟაზე ივაჭრება, მას აქვს ძალზედ მკაცრად გაწერილი ნებისმიერ პოლიტიკურ პროცესში არ-მონაწილეობის წესები, რაც საქართველოში ხანდახან არასწორად „ითარგმნება“ ხოლმე — თითქოს სიჩუმე თანხმობის ნიშანია“, — წერს ნიკა გილაური.
ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინებით, გილაურის თქმით, მისი ძმის ამ სიაში მოხვედრა უფრო „მიზანმიმართულ, პროცესის მადისკრედიტირებელ ოპერაციას ჰგავს, რომელსაც კარგად ეტყობა ე.წ „კაგებეშნიკური” ხელწერა და რომლის მიზანი რეჟიმის რეალური მაცოცხლებელი ქსელიდან ფოკუსის გადატანა და მისი სიმწვავის განელებაა“.
„ეს ხომ სწორედ რომ „კაგებეშნიკური“ მიდგომაა — თუ ვერ აჩერებ პროცესს, რომელიც შენ წინააღმდეგ მუშაობს მაშინ ამ პროცესის დისკრედიტაცია უნდა მოახდინო. ჩემი ძმის ამ სიაში ჩასმის ინიციატორები სავარაუდოდ სწორედ ისინი არიან, ვინც რეალურად არის და უნდა იყვნენ ამ სანქციების სამიზნე. არც „სასარგებლო იდიოტების” გამოყენების გარეშე მოხდებოდა ეს ამბავი, თუმცა „არა არს დაფარული, რაც არ გაცხადდეს” და ამის შესახებ ინფორმაციას დამატებით მოგაწვდით“, — წერს ნიკა გილაური.
გილაური ამბობს, რომ თავისი არხებით დაუკავშირდა აშშ-ის კონგრესს და მომავალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და დარწმუნებულია, რომ „ეს შეცდომა მალე გასწორებული იქნება“.
„ხოლო ის ადამიანები კი ვისზეც მართლაც დგას ეს რეჟიმი აუცილებლად დასანქცირდებიან. როგორც დამარწმუნეს ჩემმა ამერიკელმა მეგობრებმა, „ეს სია დასაკალიბრებელია — შეიძლება ვიღაც არასწორად მოხვდა (სხვადასხვა მიზეზების გამო და ესეც გაირკვევა) და ვიღაც კი დასამატებელი იყოს“, — აცხადებს ნიკა გილაური.
„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, მარკო რუბიოს, აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივანს, კონგრესიდან გაუგზავნეს ჩამონათვალი ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრებისა, რომელთა სანქცირება უნდა მოხდეს.
წერილში ჩამოთვლილია 25 ადამიანი, ივანიშვილის „ელიტური გარემოცვა, კორუმპირებული ფინანსური მუშაკები, პროპაგანდისტები და ისინი, ვინც რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს ამუშავებენ“. სიაში ფიგურირებს ნიკა გილაურის ძმა, „საქართველოს კაპიტალის“ დირექტორი ირაკლი გილაური. თავად ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, საჯარო სივრცეში აქტიურად 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ დაბრუნდა. მიმდინარე აქციებზე დაზარალებულთა დასახმარებლად ნიკა გილაურმა შექმნა ფონდი, რომელშიც პირველ შენატანი 100 000 ლარის ოდენობით თავად გააკეთა.