ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა იმ ბრიფინგზე, რომელზეც ისაუბრა კახა კალაძის მხარდამჭერების, ძალადობისთვის ბრალდებული ორი პირის პასუხისგებისგან გათავისუფლებაზე.
„საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უკვე მიმართა სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შესახებ და ის რამდენიმე საათში გათავისუფლდება პატიმრობიდან“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
მეგი დიასამიძე 10 სექტემბერს დააკავეს. შსს-მა საქმე აღძრა სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე (სხვისი ნივთის დაზიანების) მუხლით. წაყენებული ბრალდებით მას ემუქრება ჯარიმა, შინაპატიმრობა ან ხუთ წლამდე პატიმრობა.
იურისტების განმარტებით, წინასაარჩევნო პერიოდში კანდიდატის პლაკატის დაზიანების საკითხზე პასუხისმგებლობა აუცილებლად სისხლის სამართლის წესით არ განისაზღვრება - საარჩევნო კოდექსი სააგიტაციო მასალის დაზიანებაზე 1000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.
მეგი დიასამიძის შესახებ განცხადებამდე რამდენიმე წამით ადრე, ალექსანდრე დარახველიძემ თქვა, რომ დროებითი დაკავების იზოლატორიდან ბრალის წაყენების გარეშე გაათავისუფლეს
- 1965 წელს დაბადებული ზაზა მამალაძე, რომელმაც სახეში გაარტყა ახალგაზრდა ქალს ხელი და მოგვიანებით უხამსი ჟესტით მიუთითებდა დემონსტრანტებს საკუთარ გენიტალიაზე;
- 2003 წელს დაბადებული ირაკლი ბუაჩიძე, რომელსაც აქციაზე ჰქონდა რეზინის ხელკეტი. მან ის ჩაარტყა ერთ-ერთ დემონსტრანტს, მოგვიანებით კი პოლიციელს ნივთის წართმევის დროს უთხრა: „თქვენიანი ვარ“.
„დაზარალებულმა აქტივისტებმა არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან და მათი ჩვენებებიდან გამომდინარე, შეუძლებელი გახდა ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ორი პირის პასუხისგებაში მიცემა – შესაბამისად, ისინი დღეს გათავისუფლდნენ დაკავებიდან“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.