კალაძის თქმით, საარჩევნო პლაკატის გაკვრის უფლება მფლობელმა მისცა და არა მუნიციპალიტეტმა

3 days ago 1

თბილისის მერი და მერობის კანდიდატი კახა კალაძე ამბობს, რომ მისი საარჩევნო შტაბის ფასადზე საარჩევნო პლაკატის გაკვრის ნებართვა შენობის მფლობელისგან მიიღო და არა - მუნიციპალიტეტისგან.

ამ საკითხზე მან ისაუბრა ჟურნალისტებთან, რომლებმაც ჰკითხეს, რამდენად კანონიერადაა გამოკრული ბანერები მელიქიშვილის გამზირზე გახსნილ მის ოფისზე - ბანერის დაზიანების ბრალდებით 23 წლის ქალია დაკავებული.

„[ბანერების გაკვრაზე] ნებართვა, რა თქმა უნდა, გვქონდა. ამას სჭირდება არა მუნიციპალიტეტის, არამედ მფლობელის ნებართვა და, რა თქმა უნდა, გვაქვს, იმიტომ რომ ნაქირავები გვაქვს ფართი შტაბისთვის და ის პირობა, რომ ბანერები გაიკრას, პრობლემას არ წარმოადგენს”, - თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

საქართველოს საარჩევნო კოდექსით, სააგიტაციო, საარჩევნო მასალა შეიძლება გაიკრას:

  • შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე მესაკუთრეების თანხმობის შემთხვე­ვაში;
  • მუნიციპალიტეტების შესაბამისი ორგანოების მიერ განსაზღვრულ ადგილებში.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ გასარკვევია, სამართლებრივად რამდენად სწორად გამოფინეს კახა კალაძის საარჩევნო პლაკატები მელიქიშვილზე, მის საარჩევნო შტაბზე. თბილისის მერიის არქიტექტურული სამსახურის ვებსაიტზე, სადაც მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული თანხმობების შესახებ ინფორმაციაა თავმოყრილი, არ იძებნება ამ შენობაზე საარჩევნო პლაკატის გამოკვრაზე ნებართვა.

კალაძის საარჩევნო პლაკატების გაკვრის კანონიერების შესახებ კითხვები მას შემდეგ დაისვა, რაც მასზე წარწერის გაკეთების გამო დააკავეს 23 წლის მეგი დიასამიძე. პოლიციამ ის გუშინ, 10 აგვისტოს დააკავა „სხვისი ნივთის დაზიანების“ ბრალდებით, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით.

წარწერა „რუსული ოცნება“ კალაძის საარჩევნო პლაკატზე 9 სექტემბერს დატოვეს. ვიდეოკადრებში ამ ადამიანის იდენტიფიცირება არ ხდებოდა.

სრულად წაკითხვა