„საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშის“ მონაწილე დემონსტრანტების მიერ „ოლე, ოლას“ სიმღერას „ოცნების“ მხარდამჭერების გაღიზიანება მოჰყვა, რის შემდეგაც მათ დემონსტრანტებს აგინეს.
მობილიზებულია პოლიცია - კორდონი მხარეებს შორის დგას.
„ოცნების“ ოფისის მხარეს მყოფი ორი პირი დემონსტრანტებისკენ იწევდა, თუმცა პოლიციამ შეაჩერა.
იქვეა „ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი, ყოფილი მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი.
„რუსებო, რუსებო“, - სკანდირებენ დემონსტრანტები.
„ოცნების“ ერთ-ერთმა მხარდამჭერმა „სნოს“ წყლის ბოთლი ესროლა დემონსტრანტებს.
„ჩვენი მიზანია, აქ შევქმნათ მუდმივი საპროტესტო კერა მინიმალური დანაკარგებით. ამიტომ, თუ შეიძლება, გადმოიწიეთ და გადავინაცვლოთ პარლამენტისკენ“, - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, გოტა ჭანტურიამ რუპორში.
აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირისკენ გააგრძელეს მსვლელობა.
ამავე ადგილას დაპირისპირება იყო 3 სექტემბერს, შტაბის გახსნისას.
- „ოლე, ოლა“ არის სიმღერა, რომელიც შეიცავს „ქართული ოცნების“ გინებას და რომელსაც ხშირად მღერიან 2024 წლის 28 ნოემბრიდან უწყვეტად მიმდინარე ანტისამთავრობო დემონსტრაციებზე: „ოლე, ოლა, „ქოცების“ დედის **ნა“.
- მასზე მწვავედ რეაგირებენ „ქართული ოცნების“ წევრები.
- ამ სიმღერის გამო 2025 წლის 4 მარტს თავს დაესხნენ მუსიკოსს, საპროტესტო აქციების მონაწილე დავით გაბუნიას, 6 ივლისს - ვანო თარხნიშვილს (ორივენი უკრავენ ბენდში „გამოუვალი მდგომარეობა“), 9 ივლისს კი - მუსიკოს ალექსანდრე კორძაიას (Kordz).