WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ბელარუსის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, ჯონ კოულის დიპლომატური ძალისხმევით ბელარუსის ციხეებიდან კიდევ 25 ადამიანი გათავისუფლდა. გათავისუფლებულთა შორის არიან 2021 წელს ხელისუფლების მიერ დარბეული საინფორმაციო სააგენტო „ბელაპანისა“ და პორტალ TUT.BY-ის ყოფილი ხელმძღვანელები, ასევე დამოუკიდებელი ჟურნალისტები, მეწარმეები და 2020 წლის საპროტესტო ტალღის დროს დაკავებული აქტივისტები.

„პირდაპირი დიპლომატიისადმი პრეზიდენტ ტრამპის ერთგულებას შედეგები მოაქვს. მადლობას ვუხდით პრეზიდენტ ლუკაშენკას ამ ნაბიჯისთვის, ასევე ჩვენს მეგობრებს ლიეტუვაში მხარდაჭერისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ აშშ-სა და ბელარუსს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას და ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა უახლოეს მომავალში კიდევ უფრო მეტი ადამიანი გათავისუფლდეს. მიღწეულზე არ გავჩერდებით!“ - ჯონ კოულის თქმით, ბელარუსმა და აშშ-მა ასევე მიაღწიეს შუალედურ შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ, აშშ ბელარუსულ კომპანიებს - „ლაკოკრასკასა“ და „ბელლესექსპორტს“ სანქციებს მოუხსნის.

პოლიტიკის ექსპერტთა თქმით, კოულის ბოლო მისია ვერ აღმოჩნდა ისეთი წარმატებული, როგორსაც თვითონ მხარეები მოელოდნენ. რამდენიმე ასეულის ნაცვლად, ლუკაშენკამ მხოლოდ 25 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა. ღიად დარჩა ბელარუსული კალიუმის აშშ-ში ექსპორტისა და მისთვის ევროპული სანქციების მოხსნის საკითხი.

რატომ მხოლოდ 25 პოლიტპატიმარი?

ბელარუსის ციხეებიდან პოლიტპატიმრების მორიგი ჯგუფის გათავისუფლებას მიესალმა როგორც აშშ-ის ადმინისტრაცია, ასევე ბელარუსის ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება.

ბელარუსის დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა ლიეტუვის საზღვარზე გადაღებული გათავისუფლებულებთან შეხვედრის ამსახველი ვიდეო, რომელსაც დაურთო წარწერა: „გმადლობ, ჯონ კოულ!“

ციხანოუსკაიამ ასევე გაიხსენა, რომ ბელარუსში გისოსებს მიღმა კვლავ რჩება ასობით პოლიტიკური პატიმარი.

„თითოეული ციფრის უკან დგას ადამიანი, დგანან ოჯახები და ახლობლები, რომლებიც კვლავ განაგრძობენ ლოდინს. თითოეული გათავისუფლებული ადამიანი გამარჯვებაა. ამიტომ დღევანდელი გათავისუფლება მორიგი ჰუმანიტარული შედეგია, თუმცა ეს პროცესი ჯერ კიდევ შორს არის დასასრულისგან“, - განაცხადა სვიატლანა ციხანოუსკაიამ.

თვითონ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი მინსკში ჩასვლისა და ლუკაშენკასთან შეხვედრის წინ აცხადებდა, იმედი მაქვს, რომ ასობით ადამიანი გათავისუფლდებაო. თუმცა მისი ეს მოლოდინი არ გამართლდა.

“საუბარი იყო 200–250 პატიმარზე, შედეგად კი გამოვიდა 25, - ამბობს რადიო თავისუფლების ბელარუსული რედაქციის ანალიტიკოსი ვალერი კარბალევიჩი, - ვერ შეთანხმდნენ? ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც დღეს სვამენ ბელარუსის დემოკრატიული საზოგადოების წარმომადგენლები. წინა პროცესმა თითქოს დააფიქსირა გარკვეული ტრენდი: ჯონ კოულის ყოველი ახალი ვიზიტისას გათავისუფლებული პოლიტპატიმრების რაოდენობა იზრდებოდა და მეტიც, გასულ ჯერზე გათავისუფლებულთა აბსოლუტური უმრავლესობა (სულ 250 იყო) ბელარუსში დარჩა. ამჯერად ეს ტრენდი დაირღვა. გათავისუფლდა მხოლოდ 25 ადამიანი, 10-ჯერ ნაკლები, ვიდრე გასულ ჯერზე. თანაც ყველა მათგანის დეპორტაცია მოხდა, არავინ დატოვეს სამშობლოში. ოთხ მათგანს პასპორტიც კი არ მისცეს. ეს ნიშნავს, რომ ოფიციალური მინსკის პოზიცია გახდა უფრო ხისტი და საკითხი რეპრესიების შეჩერებასა თუ რეჟიმის ლიბერალიზაციაზე, როგორც ჩანს, საერთოდ არ დგას დღის წესრიგში. ყველაფრის მიხედვით, ამერიკულ მხარეს არ აქვს რაიმე სერიოზული არგუმენტები, რომ შეეწინააღმდეგოს ამას და გაგრძელდეს უწინდელი ტრენდი”.

ბელარუსელი უფლებადამცველი, ნობელის პრემიის ლაურეატი ალეს ბიალიაცკი, რომელიც ასევე ჯონ კოულის ძალისხმევით გათავისუფლდა მრავალწლიანი პატიმრობიდან, „ამერიკის ხმის“ რედაქციისათვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ლუკაშენკას ხელისუფლება პირველ რიგში საკუთარ სარგებელს ეძებს და არ ხელმძღვანელობს ჰუმანიტარული მოსაზრებებით:

„ამერიკის ადმინისტრაცია მუშაობს ჰუმანიტარული მიმართულებით, რომელიც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ისახავს მიზნად. მე ამას შევადარებდი სიტუაციას, როდესაც მოლაპარაკებას აწარმოებ ბანდიტებთან, რომლებმაც ადამიანები მძევლად აიყვანეს: „გამოუშვით ათი ადამიანი და ჩვენ მანქანას მოგცემთ. კიდევ ათი ადამიანი გაათავისუფლეთ და ვერტმფრენს მოგცემთ“. ამ პროცესიდან ლუკაშენკა, რეალურად, სანქციების გაუქმებას იღებს. მისი ბოლო განცხადება, რომ იტვირთება კალიუმის სასუქებით დატვირთული გემი, რომელიც ამერიკაში გაემგზავრება, იმაზე მიუთითებს, რომ დიახ, გარკვეული სანქციები გაუქმებულია. არ ვიცი, რამდენ ტონაში „გამცვალეს“ მე - ათას ტონა კალიუმის სასუქში თუ 10 ათას ტონაში. მე გარეთ ვარ და ჩემი თავისუფლება სწორედ ამდენი დაჯდა. ამავე დროს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ბალანსი: რით შეიძლება ვაჭრობა და რისი დათმობა არ შეიძლება. ამერიკელ პოლიტიკოსებთან კონტაქტების დროს ჩემი მთავარი გზავნილი სწორედ ის იყო, რომ ეს ბალანსი უნდა გაითვალისწინონ და ყველაფერი, უბრალოდ, გამადიდებელი შუშით უნდა შეამოწმონ, რათა ზედმეტი არაფერი დათმონ. რეჟიმი ვერაგია, რეჟიმი ეშმაკია, ისინი ცდილობენ შეინარჩუნონ კონტროლი ბელარუსის საზოგადოებაზე, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, რეპრესიების საშუალებით. მაგრამ, მეორე მხრივ, ისინი ამ გაცვლაზე მიდიან, რადგან იძულებული არიან. ცუდი ეკონომიკური მდგომარეობა, სრული პოლიტიკური და ეკონომიკური იზოლაცია - ეს ყველაფერი ბელარუსის რეჟიმს მძიმედ აწვება”.

კალიუმი პოლიტპატიმრების სანაცვლოდ?!

21 სექტემბერს კოულის ვიზიტის დასრულების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მუშაობს ბელარუსისგან კალიუმის სასუქების შესყიდვის მასშტაბურ შეთანხმებაზე.

„ფასი გაცილებით დაბალი იქნება იმაზე, რასაც ამჟამად კანადას ვუხდით - ეს შესანიშნავი ამბავია ჩვენი ფერმერებისა და მეცხოველეებისთვის. გმადლობთ ამ საკითხისადმი ყურადღებისთვის!“ - დაწერა დონალდ ტრამპმა თავის გვერდზე Truth Social-ში.

თუმცა იმავე დღეს ბელარუსის პრეზიდენტმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა, სურვილის შემთხვევაშიც კი, აშშ-თვის საჭირო მოცულობის მიწოდებას ვერ შეძლებდა.

„რამდენადაც პრემიერ-მინისტრისა და მთავრობისგან ვიცი, ჩვენ შევძელით აღმოსავლეთის მიმართულებით გადართვა. ამის დასტურია ამერიკელებთან მოლაპარაკებები. და რამდენს ყვირიან აქ: „აჰ, კალიუმი!“ ჩვენ რომც გვინდოდეს მისი სხვა ბაზრებზე, დასავლეთის ბაზრებზე მიწოდება, უბრალოდ, არ გვაქვს ასეთი მოცულობები - ყველაფერი კონტრაქტებით არის გათვალისწინებული“, - განაცხადა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ.

"ბელარუსკალი" - ბელარუსის მრეწველობის ფლაგმანი

"ბელარუსკალი" - ბელარუსის მრეწველობის ფლაგმანი

ბელარუსის კალიუმის სასუქები - ბელარუსის ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი ნაწარმია, რომელიც ქვეყნისთვის უცხოური ვალუტის შემოდინების უმნიშვნელოვანეს წყაროს წარმოადგენს. ბელარუსი გლობალურ ბაზარზე ამ სექტორის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა, რის გამოც ამ დარგს არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ დიდი გეოპოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს. კალიუმის სექტორიდან მიღებული შემოსავალი ბელარუსის მშპ-ს დაახლოებით 4%-ს შეადგენს. კალიუმის ექსპორტზე მოდის ქვეყნის მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 7%. ვინაიდან ბელარუსი მწირია სხვა ბუნებრივი რესურსებით, ადგილობრივ ნედლეულზე დაფუძნებული ეს დარგი წარმოების დაბალი თვითღირებულებით გამოირჩევა და ქვეყნისთვის მყარი უცხოური ვალუტის (დოლარი, იუანი) უწყვეტ შემოდინებას უზრუნველყოფს. სანქციების დაწესებამდე ბელარუსი მსოფლიო კალიუმის ბაზრის თითქმის მეხუთედს (20%) აკონტროლებდა. სანქციების ფონზე წარმოების დროებითი ვარდნის შემდეგ, ქვეყანამ აღადგინა პოზიციები და ამჟამად გლობალური წარმოების დაახლოებით მეშვიდედზეა (14-15%) გასული. სახელმწიფო გიგანტი „ბელარუსკალი“ (Belaruskali) - სახელმწიფო კომპანია, რომელიც მსოფლიოში კალიუმის სასუქების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია. ბელარუსის უმსხვილესი დამსაქმებელი და ბიუჯეტის მთავარი დონორი. 2020-2021 წლების პოლიტიკური კრიზისის შემდეგ, ევროკავშირმა და აშშ-მა ბელარუსულ კალიუმს მკაცრი სანქციები დააწესეს, რის გამოც ქვეყანამ დაკარგა ტრადიციული და ყველაზე მოხერხებული სატრანზიტო გზა - ლიეტუვის კლაიპედას პორტი. 2022 წლისთვის ექსპორტი მკვეთრად (9,1 მლნ ტონიდან 3,9 მლნ ტონამდე) შემცირდა, რამაც მსოფლიო ბაზარზე ფასების რეკორდული ზრდა გამოიწვია. სანქციების გვერდის ავლით, ბელარუსი იძულებული გახდა ექსპორტი გადაემართა რუსეთის პორტებისა და რკინიგზისკენ, რაც სატრანსპორტო ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდის. ამჟამად ბელარუსული ექსპორტის ძირითადი ნაწილი (85%-ზე მეტი) მიმართულია აღმოსავლეთით - ძირითადად ჩინეთში, ინდოეთსა და ბრაზილიაში. რუსულ ინფრასტრუქტურაზე მიჯაჭვულობამ კი კიდევ უფრო გაზარდა მინსკის ეკონომიკური დამოკიდებულება კრემლზე. აშშ-ის მიერ ბელარუსულ სასუქებზე გარკვეული შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, დარგი კვლავ საერთაშორისო ყურადღების ცენტრშია. ვაშინგტონი, კანადურ პროდუქციასთან კონკურენციისა და ფასების შემცირების მიზნით, ბელარუსთან მასშტაბური სავაჭრო შეთანხმების გაფორმებას განიხილავს. თუმცა, ბელარუსის პრეზიდენტის, ალიაქსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი მაქსიმუმამდეა დატვირთული და მიმდინარე წლის მოცულობები უკვე სრულად არის კონტრაქტებით გაწერილი აზიურ ბაზრებზე.

ანალიტიკოსების ვარაუდით, ბელარუსული კალიუმის სასუქის საკითხი კვლავ რჩება კოულსა და ლუკაშენკას მოლაპარაკების დღის წესრიგში და, როგორც ჩანს, ვერც ამჯერად მოხერხდა მისი გადაჭრა ორივე მხარისთვის მისაღები ფორმით. წინა მოლაპარაკებებმა კითხვები გააჩინა მეზობელ ლიეტუვაში, რომელმაც განაცხადა, რომ განიცდის ზეწოლას ბელარუსული კალიუმის სასუქების კლაიპედის პორტით გადატვირთვასთან დაკავშირებით.

აშშ-მა ბელარუსული კალიუმის წარმოების წინააღმდეგ სანქციები 2026 წლის მარტში გააუქმა, მას შემდეგ, რაც ბელარუსის ხელისუფლებამ აშშ-ის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების ფარგლებში 250 პატიმარი გაათავისუფლა. გადაწყვეტილება შეეხო წარმოების გიგანტ „ბელარუსკალს“, მის მარკეტინგულ სტრუქტურას „ბელარუსის კალიუმის კომპანიას“ და კომპანია „აგრორაზვიტიეს“, თუმცა ევროკავშირმა, რომლის წევრიც ლიეტუვაა, ბელარუსული კალიუმის სასუქის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების გაუქმებაზე უარი განაცხადა.

პრეზიდენტ ტრამპის მიერ ბელარუსული სასუქების ექსპორტის შესახებ განცხადების გავრცელების შემდეგ, ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, რიმიგიუს მოტუზასმა განაცხადა, რომ ლიეტუვამ ასეთი შეთანხმების შესახებ არაფერი იცის და, რომ მინსკის მიმართ ვილნიუსის პოზიცია უცვლელი რჩება.

„დღეს ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების გაუქმების საფუძველი არ გვაქვს. ეს არა მხოლოდ ლიეტუვის, არამედ ევროკავშირის საერთო პოზიციაა. ეს სანქციები თებერვლის ბოლომდე მოქმედებს“, - განაცხადა ლიეტუველმა პარლამენტარმა 21 სექტემბერს სააგენტო BNS-თან (Baltic News Service) საუბრისას.

„რა თქმა უნდა, ჩვენ გავლენას ვერ მოვახდენთ ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელ გადაწყვეტილებაზე ან ბელარუსისგან სასუქების შესყიდვის შესახებ შეთანხმებაზე. დრო გვიჩვენებს, როგორ შეძლებს ამერიკის შეერთებული შტატები ბელარუსისგან სასუქების შესყიდვაზე შეთანხმებას, - აღნიშნა რიმიგიუს მოტუზასმა, - ჩვენ კვლავ მივიჩნევთ ბელარუსს არადემოკრატიულ სახელმწიფოდ, ხოლო მის პრეზიდენტს - არადემოკრატიულად არჩეულად. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ პატიმრებს ათავისუფლებენ, ბელარუსში არაფერი იცვლება. ვხედავთ, რომ ოპოზიციას კვლავ უგულებელყოფენ და, რომ მას ბელარუსში საქმიანობა პრაქტიკულად არ შეუძლია. ოპოზიციის წარმომადგენლების უმრავლესობა ქვეყნიდან წავიდა, ხოლო მათ, ვინც საზოგადოებრივ ცხოვრებაში ან სოციალურ ქსელებში აქტიურობს, ციხეში სვამენ. ბელარუსი კვლავ იმავე პოლიტიკას ატარებს“.

ლიეტუველი პოლიტიკოსის თქმით, გარდა იმისა, რომ მინსკი კვლავ მხარს უჭერს რუსეთის ომს უკრაინაში, ლიეტუვა და სხვა მეზობელი სახელმწიფოები ბელარუსისათვის სხვადასხვა სახის ჰიბრიდული თავდასხმების სამიზნეებადაც რჩებიან.

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა მინდაუგას სინკიავიჩიუსმაც 21 სექტემბერს განაცხადა, რომ არ ფლობს ინფორმაციას ვაშინგტონსა და მინსკს შორის ტრამპის მიერ ნახსენები შეთანხმების შესახებ.

ბელარუსი პოლიტოლოგის პაველ უსაუს თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სავარაუდოდ იმედოვნებდა, რომ შეძლებდა მიმდინარე პროცესით ბელარუსის მეზობლების - ლიეტუვის, ლატვიის, პოლონეთის დაინტერესებას, რათა შედეგად რამენაირად შერბილებულიყო ამ ქვეყნების მიდგომები მინსკისთვის დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით.

“ასევე შეცვლილიყო ევროკავშირის მიდგომები ბელარუსისადმი და ასეთ კომპლექსურ ასპექტში ამოქმედებულიყო სანქციების მოხსნაზე პოლიტპატიმრების გაცვლის უფრო ფართო პროცესი. <…> მაგრამ, მეჩვენება, რომ მან ვერ შეაფასა თავისი შესაძლებლობები არა ლუკაშენკოსთან, არამედ ევროპელ მოკავშირეებთან მიმართებით. როგორც გვახსოვს, არც ლიეტუვა და არც პოლონეთი არ წავიდნენ დათმობებზე კალიუმის ექსპორტის გატარების საკითხზე. <…> ვფიქრობ, რომ ამ დიდი გარიგების ნაწილი მოიცავდა იმას, რომ შტატები მოითხოვდნენ ევროკავშირისა და ბელარუსის მოსაზღვრე ცალკეული ქვეყნების მხრიდან მიდგომების შემსუბუქებას. როგორც ჩანს, ეს ვერ მოხერხდა. თუმცა ლუკაშენკა, რათა სრულად არ გაეწყვიტა კავშირი და შეთანხმებები, მაინც წავიდა პატიმართა ნაწილის გათავისუფლებაზე” - უთხრა პაველ უსაუმ რადიო თავისუფლების ბელარუსულ რედაქციას.

თვითონ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ ბელარუსის ციხეებიდან პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მიმდინარე ომები ართულებენო.

„ეს ომები რომ არა, მომავალ სამშაბათამდე ყველას გამოვიყვანდით, - განაცხადა ჯონ კოულმა Reuters-თან ინტერვიუში, - ომები ჩვენი მთავრობის მუშაობას ართულებენ, ისინი ართულებენ ბელარუსის მთავრობის მუშაობას და ამჟამად მსოფლიოში ყველა დანარჩენი მთავრობის მუშაობასაც. ასე რომ, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია. შესანიშნავი იქნებოდა, ეს ომები ახლავე ან უახლოეს მომავალში რომ დასრულებულიყო. ისინი მართლაც ძალიან ართულებს საერთაშორისო ურთიერთობებს“.

ექსპერტების ვარაუდით, ჯონ კოული “ომებში” პირველ რიგში გულისხმობს რუსეთ-უკრაინის ომს, რომელიც მართლაც ართულებს ბელარუსთან - როგორც რუსეთის მოკავშირესთან მოლაპარაკების პროცესს.

„ერთი, რომ ლუკაშენკა ისეთი მოქნილი არ არის, როგორიც ომის არარსებობის შემთხვევაში იქნებოდა - ის უფრო სწრაფად წავიდოდა დათმობებზე და მოსკოვისთვის ანგარიშის გაწევა არ დასჭირდებოდა. მეორე ის, რომ აშშ-იც უფრო მოქნილი იქნებოდა, შეძლებდა მეტი სანქციის მოხსნას და აღარ მოუწევდა იმის გათვალისწინება, დაეხმარებოდა თუ არა ეს რუსეთს ომის წარმოებაში. საბოლოო ჯამში, ანტირუსულ სანქციებს ჯერჯერობით ხელუხლებლად ტოვებენ. მე ამას ასე ვხსნი. ვფიქრობ, კოულს სჭირდებოდა ეჩვენებინა რაღაც ობიექტური მიზეზები, რატომ შენელდა მოლაპარაკებები და მან ასეთი მიზეზი იპოვა“, - უთხრა DW-ს პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა არტემ შრაიბმანმა.

არტემ შრაიბმანი ასევე მიიჩნევს, რომ ჯონ კოული შესაძლოა ევროპელების პოზიციასაც გულისხმობს: რომ არა ომი, ევროპელები მოლაპარაკებებს უფრო სწრაფად შეუერთდებოდნენ, თუმცა ამჟამად მინსკთან საუბრისთვის ისინი მზად არ არიან, მათ შორის, სწორედ ომის გამო.

რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის პოლიტიკური მიმომხილველის, ვალერი კარბალევიჩის თქმითაც, ის სანქციები, რომლებიც ბელარუსზე ყველაზე უარყოფით გავლენას ახდენს და, რომელთა გაუქმებაც მინსკს ყველაზე მეტად სურს, ევროკავშირს სწორედაც რომ რუსეთის აგრესიის მხარდაჭერის გამო აქვს დაწესებული.

„და რადგან ევროპა მზად არ არის სანქციების მოსახსნელად, ბალტიის ქვეყნების პორტები ბელარუსული საქონლისთვის, განსაკუთრებით ბელარუსული კალიუმისთვის, კვლავ დაბლოკილია, ეს კი მნიშვნელოვნად აფერხებს პოლიტპატიმრების გათავისუფლების პროცესს. კოულის ლოგიკა ასე მესმის: ეს ომი რომ დასრულებულიყო, სანქციების დაწესების საფუძველიც გაქრებოდა და, თუ ეს პირობები აღარ იარსებებდა, შესაძლებელი იქნებოდა სანქციების გაუქმებაც და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაც“, - ამბობს ვალერი კარბალევიჩი.

ალიაქსანდრ ლუკაშენკა, რომელიც პოზიტიურად არის განწყობილი კოულის დიპლომატიური მისიის მიმართ, ხშირად იმეორებს (და ეს ბოლო შეხვედრის დროსაც გააკეთა), რომ ბელარუსს არ ჰყავს პოლიტპატიმრები. პასუხად ჯონ კოულმა რადიო თავისუფლების მიერ დაფუძნებულ The CurrentTime-ს უთხრა, რომ ამას მისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს:

“უბრალოდ პატიმრებს ვუწოდებ, თუ მას ასე სურს - იყოს მისი ნება. თუ სურს, რომ თუნდაც „კურდღლები“ ვუწოდო იმის სანაცვლოდ, რომ გაათავისუფლებენ, ჩემთვის ესეც სულერთია. თუ მას მიაჩნია, რომ ისინი პოლიტპატიმრები არ არიან, დაე მიაჩნდეს. ჩემთვის ამ საკითხში სემანტიკას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. სხვა ადამიანებისთვის ეს შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ ჩემთვის - არა”.

მიუხედავად წინააღმდეგობრივი პროცესისა, ბელარუსელი უფლებადამცავები უაღრესად მნიშვნელოვნად მიიჩნევენ ჯონ კოულისა და აშშ-ის ადმინისტრაციის ძალისხმევას, რომელიც ალეს ბიალიაცკის თქმით, პოლიტპატიმრების გათავისუფლებიდან რეპრესიების შეჩერებისკენ უნდა იქნას მიმართული.

“ამჟამად ბელარუსის ციხეებში თითქმის ათასი ბელარუსი პოლიტპატიმარი იმყოფება. მოსალოდნელია, რომ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი უახლოეს მომავალში გათავისუფლდება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ბელარუსის ციხეებში არაადამიანურ პირობებში რჩებიან, ასეულობითაა. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გათავისუფლების ეს პროცესი გაგრძელდეს და, ამავდროულად, ბალანსი შენარჩუნდეს, რადგან ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული თავისუფლებების მხრივ მდგომარეობა ძალიან მწვავეა. მხოლოდ პოლიტპატიმრების გათავისუფლება ამ პრობლემას ვერ გადაწყვეტს”, - ამბობს ალეს ბიალიაცკი, ბელარუსელი უფლებადამცველი და ნობელის პრემიის ლაურეატი.