„სავარაუდოდ, რეზინის ტყვია მომხვდა“ — აქციაზე დაშავებულმა ნიკა დემურიშვილმა კლინიკა დატოვა

2 weeks ago 8

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 2 მაისს გამთენიისას მიმდინარე ანტირუსულ აქციაზე დაშავებულმა ნიკა დემურიშვილმა კლინიკა დატოვა. მას თვალი დაუზიანდა, აქვს ტვინის მსუბუქი შერყევაც.

ნიკა დემურიშვილს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გაუწია პირველადი დახმარება, შემდეგ კი „ნიუ ჰოსპიტალსში“ გადაიყვანეს. კლინიკის თქმით, იქ ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარდა, თუმცა პროტესტის დაშავებულ მონაწილეს შესაბამისი მეთვალყურეობის გაწევის მიზნით კლინიკაში დარჩენის რეკომენდაცია მისცეს.

დემურიშვილმა კლინიკა პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა. მის მხედველობას კლინიკის დატოვების მომენტში საფრთხე არ ემუქრებოდა.

2 მაისს, გამთენიისას მომხდარ ინციდენტს ნიკა დემურიშვილი ნეტგაზეთთან იხსენებს, როცა შსს-ს მხრიდან გაშვებული ცრემლსადენი გაზიდან პროტესტის მონაწილეები გამოჰყავდა.

„გაზის საწინააღმდეგო ნიღაბი მეკეთა. გაშვებულ გაზში შევდიოდი, რომ ხალხს გამოსვლაში დავხმარებოდი. რამდენიმე ადამიანი რომ გამოვიყვანე და ისევ შევბრუნდი, მაგ დროს მომხვდა სახეში ან რეზინის ტყვია, ან გაზის ბალონი. სავარაუდოდ, უფრო ტყვია იყო. ყველაფერი მომენტალურად მოხდა. იმხელა ტკივილი ვიგრძენი, რომ ღრიალი დავიწყე. გავბრუვდი. მერე სხვა ბიჭები დამეხმარნენ და სასწრაფოს მანქანასთან ჩამიყვანეს.

თავს ახლა შედარებით უკეთ ვგრძნობ. ჯერჯერობით არანაირი გართულება არ არის. ტვინის მსუბუქი შერყევა მაქვს და თვალის არეში დაზიანებები, სისხლჩაქცევები. სახლში მერჩივნა ყოფნა. რა თქმა უნდა, ყურადღებას მივაქცევ“ ,— გვეუბნება ნიკა დემურიშვილი.

ფოტოზე: ნიკა დემურიშვილი, ტვ ფორმულა


ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 1-2 მაისს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციიდან კლინიკებში, ჯამში, 15 ადამიანი გადაიყვანეს. მათ შორის არიან პოლიციელებიც.

უწყებს ცნობით, ისინი სხვადასხვა კლინიკებში არიან გადანაწილებული.

დაშავებულებს აღენიშნებათ სხვადასხვა სახის დაზიანებები, მათ შორის, ჭრილობები სახის, თავისა და სხეულის სხვადასხვა ნაწილზე, ასევე — ინტოქსიკაცია და სასუნთქი გზების გართულებები.

1 მაისს რუსული კანონის გასაპროტესტებლად ათობით ათასი მოქალაქე კვლავ შეიკრიბა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქცია 2 მაისის დილამდე გაგრძელდა. როგორც გასულ დღეებში, პოლიციამ ამჯერადაც გამოიყენა წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი. აქციის მონაწილეები ნაწილი ამბობს, რომ რეზინის ტყვიებიც მოხვდათ. მათ შორისაა, “გირჩი — მეტი თავისუფლების” წევრი ცოტნე კობერიძე.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ წიწაკის სპრეის, ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების და წყლის ჭავლის გამოყენება 22:00 საათზე დაიწყო. შსს რეზინის ტყვიების გამოყენებას უარყოფს.

საზოგადოებისთვის „რუსული კანონის“ სახელით ცნობილი დოკუმენტი საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე 83 ხმით, უკვე მეორე მოსმენითაც მიიღო პირველ მაისს. ამის შემდეგ პროცედურით გათვალისწინებულია იურიდიულ კომიტეტზე მესამე მოსმენით კენჭისყრა, შემდეგ კი კვლავ სესიაზე — მესამე მოსმენით. აღნიშნულის შემდეგ კანონის ძალაში შესასვლელად საჭიროა პრეზიდენტის ხელმოწერა, რომელმაც თქვა, რომ კანონს ვეტოს დაადებს. ამის შემდეგ, დიდი ალბათობით, „ოცნების“ უმრავლესობა ვეტოს დაძლევას შეეცდება, რის შემდეგაც საბოლოოდ შევა ძალაში.

სრულად წაკითხვა