კალუგინი: ევროკავშირის პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით ჩიხში შევიდა, თბილისში „პრაგმატიზმმა გაიმარჯვა“

2 hours ago 6

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა მიხაილ კალუგინმა განაცხადა, რომ „რუსეთის იზოლაციის პოლიტიკაში“ ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებითაც შევიდა ჩიხში, რადგან თბილისში „კიდევ უფრო დიდმა პრაგმატიზმმა გაიმარჯვა ქვეყნისა და მისი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე“.

12 მაისს, რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-თან ინტერვიუში, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან რუსეთის ურთიერთობების კონტექსტში, კალუგინს ჰკითხეს, თუ როგორ მოქმედებს ევროკავშირის პოლიტიკა საქართველოს მიმართ, „კერძოდ, ბრიუსელის მიერ რუსეთთან ნებისმიერი თანამშრომლობის უარყოფისკენ სწრაფვა“, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე.

„რუსეთის იზოლაციის პოლიტიკაში ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებითაც შევიდა ჩიხში“, – განაცხადა მან და დასძინა, „უფრო მეტიც, ევროკავშირის ოფიციალური პირების მიერ საქართველოს ხელისუფლების ზეწოლამ და რესპუბლიკის საქმეებში მათმა უცერემონიო ჩარევამ ბრიუსელისთვის მოულოდნელი შედეგი გამოიღო. თბილისში კიდევ უფრო დიდმა პრაგმატიზმმა გაიმარჯვა, რომელიც ქვეყნისა და მისი ხალხის ფუნდამენტურ ინტერესებს ეფუძნებოდა“.

„თითქოსდა, ევროკავშირს შესაბამისი დასკვნები უნდა გაეკეთებინა. თუმცა, პირიქით მოხდა, ის კიდევ უფრო ხშირად მიმართავდა შანტაჟსა და მუქარას, რათა აეძულებინა საქართველო, შეეცვალა კურსი“, – აღნიშნა კალუგინმა.

მისი თქმით, ბრიუსელი „საჯაროდ მოითხოვს, რომ საქართველო შეუერთდეს ევროკავშირის ანტირუსულ სანქციებს, დააწესოს ენერგეტიკული ემბარგო ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და შეაჩეროს სატრანსპორტო კავშირები, მათ შორის ფრენები“, რაც, მისი თქმით, ზიანს მიაყენებს საქართველოს ეკონომიკას, თუმცა ევროკავშირის ოფიციალურ პირებს „ეს არ აღელვებთ“ და მათი მიზანია რუსეთისთვის ზიანის მიყენება „თუნდაც საქართველოს ინტერესების ხარჯზე“.

შემდეგ მან განაცხადა, რომ საქართველო და რუსეთი „ბუნებრივი პარტნიორები“ არიან და რომ მოსკოვი მზადაა „გააგრძელოს თანამშრომლობა“ თბილისთან და „კონსტრუქციულად მოაგვაროს პრაქტიკული საკითხები“.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა