WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ხმების 99%-ზე მეტის დათვლის შემდეგ, დე ფაქტო ლიდერის მოვალეობის შემსრულებელი მარატ კამბოლოვი ოკუპირებულ ცხინვალში 18 სექტემბერს გამართულ ვადამდელ, ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებში“ ლიდერობს. აღნიშნულმა პროცესმა თბილისისა და დასავლელი პარტნიორების, მათ შორის ევროკავშირის, ნორვეგიისა და გაერთიანებული სამეფოს მკაცრი კრიტიკა გამოიწვია.

ადგილობრივი „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ წინასწარი მონაცემებით, კამბოლოვი ხმების 85.12%-ით ლიდერობს. ეს შედეგი მოსალოდნელი იყო, ვინაიდან კანდიდატმა ღია მხარდაჭერა მიიღო როგორც ადგილობრივი პოლიტიკური ჯგუფებისგან, ისე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისგან.

შემდეგ მოდის მურატ ვალიევი – ცხინვალის „სახელმწიფო დაცვის სამსახურის“ თანამშრომელი – ხმების 3.75%-ით; მას მოსდევენ: ყაზბეგ კოდოევი, „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ რექტორის მრჩეველი (2.40%) და ზურაბ კოკოევი, პარტია „ერთიანობის“ ლიდერი (1,35%).

წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 77.91% შეადგინა; კენჭისყრაში მონაწილეობა 44 182 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან 32 083-მა მიიღო.

18 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ცხინვალის რეგიონში „საპრეზიდენტო არჩევნებისა“ და ორივე ოკუპირებულ რეგიონში სახელმწიფო დუმის არჩევნების ჩატარება.

„აღნიშნული ე.წ. არჩევნების ჩატარება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს. იგი ვერ მიანიჭებს ლეგიტიმაციას საოკუპაციო რეჟიმს და ვერ შეცვლის ცხინვალის რეგიონის, როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილის, საერთაშორისო-სამართლებრივ სტატუსს“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტრომ აღნიშნა, რომ „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებისმიერი ე.წ. არჩევნების ჩატარება რუსეთის ფედერაციის სამხედრო ოკუპაციისა და ეფექტური კონტროლის პირობებში, როდესაც იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს არ ეძლევათ საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების შესაძლებლობა, უკანონოა და ვერ წარმოშობს რაიმე საერთაშორისო-სამართლებრივ შედეგს“.

თბილისმა ასევე დაგმო 18-20 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სახელმწიფო დუმის არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ „საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის საარჩევნო უბნების გახსნა და ფუნქციონირება წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მორიგ უხეშ დარღვევას და რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული პოლიტიკის კიდევ ერთ აშკარა გამოვლინებას“.

იმავე დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში, ევროკავშირმა ასევე დაგმო ე.წ. არჩევნები და განაცხადა, რომ ბლოკი „არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებს, მათში შეტანილი ბოლოდროინდელი ცვლილებების ჩათვლით“, რომელთა საფუძველზეც არჩევნები ჩატარდა. „მათ შედეგს არავითარი იურიდიული ძალა არ გააჩნია“, – აღნიშნა ევროკავშირმა.

„ევროკავშირი მტკიცედ გმობს მოსკოვის ქმედებებს, რომელთა მიზანია რუსეთის ოფიციალური პირის დანიშვნა საქართველოს ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონის, სამხრეთ ოსეთის, დე ფაქტო პრეზიდენტად; გამოხატავს წუხილს 2026 წლის 9 მაისს „სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერის გამო და მკაცრად გმობს რუსეთის განგრძობად მცდელობებს, განამტკიცოს კონტროლი – რუსეთის პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ და სასამართლო სფეროებში სამხრეთ ოსეთის ინტეგრირების საშუალებით“, – ნათქვამია ბლოკის განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, „ეს ზომები ეწინააღმდეგება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას და რუსეთის მიერ ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონის სამომავლო უკანონო ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებს წარმოადგენს. მსგავსი ქმედებები სისტემატურად აღრმავებს განხეთქილებას,  უქმნის საფრთხეს რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს“.

ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების მინისტრმა, სტიუარტ ვუდმა X-ზე დაწერა, რომ „რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე კონტროლის შემდგომი გამყარების მცდელობები ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ამას უპასუხოდ არ დავტოვებთ“.

„რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები”, – დასძინა მან.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ არ ცნობს ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებს“. განცხადების თანახმად, „რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეტაპობრივი პოლიტიკური ინტეგრაციისა და სრული ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები შემაშფოთებელია და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს“.

This post is also available in: English