WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

კანადა შესაძლოა, ევროკავშირის ასოცირებული წევრი გახდეს. ეს სიტყვათშეთანხმება, შესაძლოა, ადრეც გსმენიათ იმ ქვეყნებთან მიმართებაში (საქართველოს ჩათვლით), რომელთაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება აქვთ გაფორმებული, თუმცა არასწორად — ევროკავშირს ასოცირებული წევრი ამ დრომდე არ ჰყოლია.

16 სექტემბერს, ევროპარლამენტის წინაშე ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოვიდა ინიციატივით, კანადა ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრი გახდეს.

კანადის პრემიერ-მინისტრი ამ წინადადებას მიესალმა, თქვა რა, რომ ევროკავშირი და კანადა ერთად უფრო ძლიერები არიან.


რას ნიშნავს ევროკავშირის ასოცირებული წევრობა?

ბუნდოვანია, რამეთუ ასეთი მაგალითი ჯერ არსებობს. თუმცა ეს, სავარაუდოდ, მოიცავს არსებული სავაჭრო-ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას.

 EPAურსულა ფონ დერ ლაიენი და მარკ კარნი. ფოტო: EPA

ევროპარლამენტში გამოსვლისას, იმ სფეროებს შორის, სადაც თანამშრომლობის გაღრმავება შეიძლება, მარკ კარნიმ ჩამოთვალა: კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალები, თავდაცვის სამრეწველო შესაძლებლობები, ენერგოუსაფრთხოება, ხელოვნური ინტელექტი და კოსმოსი. ოტავას ასევე სურს, ევროკავშირის სასტიპენდიო Erasmus Plus პროგრამას შეუერთდეს.

კარნის თქმით, კანადას შეუძლია ევროპის ენერგოუსაფრთხოების მხარდასაჭერად დიდი ოდენობით თხევადი ბუნებრივი აირისა (LNG) და წყალბადის მიწოდება.

კანადასა და ევროკავშირს უკვე გაფორმებული აქვთ ყოვლისმომცველი ეკონომიკური და სავაჭრო შეთანხმება (CETA), რომელიც ორ მხარეს შორის მანამდე არსებული ტარიფების 98%-ს აუქმებს. შეთანხმება ჯერ კიდევ საჭიროებს ევროკავშირის ყველა წევრის მიერ რატიფიცირებას, მანამდე კი ძალაშია დროებით, ინვესტიციების დაცვის გამოკლებით. CETA-ს დროებითი ამოქმედებიდან ცხრა წლის განმავლობაში ევროკავშირსა და კანადას შორის ვაჭრობა 80%-ით გაიზარდა და 130 მილიარდ ევროს მიაღწია.

ევროკავშირი კანადის სიდიდით მეორე სავაჭრო პარტნიორია შეერთებული შტატების შემდეგ, კანადა კი ევროკავშირისთვის მე-12 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია საქონლის ვაჭრობაში და 2025 წელს მასზე ევროკავშირის მთლიანი საგარეო ვაჭრობის 1.8% მოდიოდა.

სრული წევრობა

კანადის პრემიერმა განაცხადა, ევროკავშირის სრული წევრობისკენ არ ისწრაფვის.  ევროკავშირის მოქმედი კანონმდებლობით (რომელიც შესაძლოა, კონსენსუსის შემთხვევაში შეიცვალოს) ბლოკის წევრი შეიძლება გახდეს ქვეყანა, რომელიც გეოგრაფიულად ეკუთვნის ევროპას. სწორედ ამ არგუმენტით, თავის დროზე ევროკავშირმა უარყო მაროკოს გაწევრიანების განაცხადი.

ევროკავშირის დიპლომატმა POLITICO-ს უთხრა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კანადას შეიძლება მიეცეს ევროკავშირის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონების შეთანხმების ეკვივალენტი — ბაზარზე წვდომის შეთანხმება, რომელიც შესთავაზეს საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას — სხვა ეკონომიკური ან პოლიტიკური ინტეგრაციისთვის მანდატი მცირეა. „წევრი სახელმწიფოები სხვა არაფერზე არ შეთანხმდებიან“, — თქვა დიპლომატმა.

სხვა დიპლომატმა კი დასძინა, რომ ასოცირებული წევრობის ნებისმიერი სტატუსი მოითხოვს ევროკავშირის ფუნდამენტურ ხელშეკრულებებში ცვლილებებს — რაც „შეუძლებელია“ მხარდაჭერის არარსებობის გამო.

აშშ-ის პოლიტიკის პასუხად

ირაკლი სირბილაძე

„კანადისა და ევროკავშირის პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადაყვანას ფუნდამენტურ საფუძვლად უდევს ტრამპის ადმინისტრაციის მეორე ვადაში ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში არსებული პოლიტიკური დაძაბულობა“, — ამბობს ირაკლი სირბილაძე, საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსი.

აშშ-ის მიერ გამოცხადებული სატარიფო ომის ფონზე, მარკ კარნი აცხადებს, რომ კანადა და ევროკავშირი „მდგრადობის განმტკიცებას“ ცდილობენ, რათა არავინ შეძლოს მათი ღია ბაზრების გაკონტროლება ან სუვერენიტეტის შელახვა.

სწორედ მარკ კარნი იყო ის ლიდერი, რომელიც წლის დასაწყისში, დავოსის ფორუმზე, არსებული მსოფლიო წესრიგის რღვევის ფონზე, „საშუალო ძალებს“ ერთობისკენ მოუწოდა.

„დიდი სახელმწიფოების მეტოქეობის სამყაროში, მათ შორის არსებულ ქვეყნებს აქვთ არჩევანი: გაეჯიბრონ ერთმანეთს კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, ან გაერთიანდნენ და შექმნან გავლენიანი მესამე გზა“, — თქვა მან.

ცოტა ხნის წინ კი განმარტა, რომ არ გულისხმობს ე.წ. „მესამე ბლოკის“ შექმნას, რომელიც „დიდი სახელმწიფოების მეტოქე იქნებოდა, ოღონდ უფრო დახვეწილი მანერებით. „კანადისა და ევროკავშირის ალიანსი სხვა დემოკრატიებისთვის შუქურად იქცეოდა“, — თქვა მან და დასძინა, რომ ევროკავშირთან ერთად მდგრადობის გაძლიერებას ესწრაფვიან, რათა ვერავინ შეძლოს მათი ღია ბაზრების კონტროლი ან სუვერენიტეტის შერყევა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კანადის ასოცირებული წევრობის პერსპექტივას „სასაცილო“ უწოდა და დამატებითი ტარიფების დაწესებით დაიმუქრა.

„ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ევროკავშირის როგორც ლიბერალურ-დემოკრატიული მმართველობის მოდელის წინააღმდეგ იდეოლოგიური გალაშქრება, ადმინისტრაციის მიერ ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ამერიკის როლის გადაფასება და, ასევე, ვაშინგტონსა და სხვა ტრანსატლანტიკურ მოკავშირეებს შორის რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით არსებული განსხვავებები მათ შორის ნდობას მნიშვნელოვნად ასუსტებს. შედეგად, ევროკავშირის ქვეყნები და კანადა ცდილობენ ახალ გეოპოლიტიკურ, გეოეკონომიკურ და ტექნოლოგიურ რეალობაში ამერიკის ფაქტორი გადაიაზრონ და შეძლონ საფრთხეებთან ერთობლივად გამკლავება“, — ამბობს სირბილაძე.

მისი თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტის მიერ კანადისთვის ევროკავშირის „ასოცირებული წევრის“ სტატუსის შეთავაზება სიმბოლური დემონსტრირებაა იმისა, რომ ლიბერალურ-დემოკრატიული მმართველობის მოდელი გეოპოლიტიკური რყევებისა და პოპულისტურ-ავტორიტარული პოლიტიკური ტალღის წინაშე სტრატეგიული მედეგობის განვითარებას ცდილობს.

ასოცირებული წევრობა სხვა ქვეყნებისთვის

თუ მხედველობაში მივიღებთ ევროპარლამენტის პრეზიდენტის კომენტარს, რომ „ასოცირებული წევრები” შესაძლოა გახდნენ სხვა ქვეყნებიც, მაგალითად ავსტრალია და ახალი ზელანდია, ირაკლი სირბილაძის აზრით, ბრიუსელში შესაძლოა მწიფდებოდეს პოლიტიკური ნება „ასოცირებული წევრის” მოდელის შემუშავებაზე.

„მოხერხდება თუ არა ამ სტატუსის სამართლებრივი ინსტიტუციონალიზაცია — რაც ყველა წევრი ქვეყნის თანხმობას მოითხოვს — ჯერჯერობით უცნობია. შესაძლებელია როგორც კანადის და სხვა შესაძლო ასოცირებული წევრებისთვის ურთიერთობების ახალი, სპეციალური სამართლებრივ-ინსტიტუციური რეჟიმის განსაზღვრა, ისე პოლიტიკურად მოქნილი ურთიერთობების განვითარება, რომელიც უკვე არსებულ ინსტიტუციურ-სამართლებრივ საფუძველს დაემყარება“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ სირბილაძემ.

მისი თქმით, შექმნის შემთხვევაში, ეს მოდელი, სავარაუდოდ, გავრცელდება ევროკავშირისგან გეოგრაფიულად შორს მყოფ ისეთ ქვეყნებზე, რომლებიც ევროკავშირის სრული წევრები ვერ გახდებიან, თუმცა იზიარებენ მის ხედვას თანამშრომლობითი საერთაშორისო წესრიგის შესახებ, რომლის ფარგლებშიც მოკავშირეები მოქმედებენ ერთმანეთთან შეთანხმებით, იცავენ ლიბერალურ დემოკრატიას და აღიარებენ თავისუფალი ვაჭრობის მნიშვნელობას.

ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ კანადისთვის ასოცირებული წევრის სტატუსის შეთავაზებამდე, გერმანია გამოვიდა უკრაინისთვის უკრაინის ასოცირებული წევრობის წინადადებით, თუმცა კიევმა ეს იდეა უარყო და განაცხადა, რომ მას მხოლოდ ევროკავშირში სრული ინტეგრაცია სურდა.

„ოქტომბერში გამართული ევროპული სამიტის ფარგლებში წევრი ქვეყნების ლიდერების დამოკიდებულება მოგვცემს პირველ მინიშნებას იმაზე თუ რამდენად სერიოზულად უყურებს ევროკავშირი ევროკომისიის პრეზიდენტის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას“, — დასძენს სირბილაძე.

ევროპული საბჭოს შეხვედრა, სადაც გაფართოებასა და რეფორმებზე უნდა იმსჯელონ, მიმდინარე წლის 15-16 ოქტომბერს იმართება.