ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ინიციატივით გამოვიდა, კანადა ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრი გახდეს.
ასოცირებული წევრის ინსტიტუტი ევროკავშირში აქამდე არ ყოფილა. მათ შორის, ასოცირებულ წევრებად არ ითვლებიან ქვეყნები, რომელსაც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული.
„ევროპასა და კანადას სწამთ დემოკრატიის. სწამთ იმის, რომ ძალაუფლება ეკუთვნის არა ყველაზე ძლიერებს, მდიდრებსა და ხმაურიანებს, არამედ ყველა ჩვენგანს. რომ დემოკრატიებს აქვთ თავისუფლება, თავად აირჩიონ, ვისთან ითანამშრომლონ. ამიტომ, ჩვენ ნებაყოფლობით ვაერთიანებთ ძალებს. საერთო კეთილდღეობისა და ეკონომიკური უსაფრთხოების სივრცის შესაქმნელად, ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან „მომავლის ალიანსზე“ გადავალთ. ვიმუშავებთ ინტელექტუალური წარმოების მიმართულებით. შევქმნით ტექნოლოგიურ ალიანსს. მოვახდენთ თავდაცვითი ინდუსტრიული ბაზების ინტეგრაციას. არქტიკას ჩვენს ფლაგმან ერთობლივ პროექტად ვაქცევთ. ვიმუშავებთ ენერგეტიკის, კრიტიკული მნიშვნელობის მინერალებისა და ბატარეების მიმართულებით. ასევე, ხელოვნური ინტელექტის, კვანტური ტექნოლოგიების, კიბერ და ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებზე“, — განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას.
მისი თქმით, ევროკავშირს სურს, კანადასთან ურთიერთობა შესაძლო უმაღლეს დონეზე აიყვანოს. ამასთან, ხაზი გაუსვა, რომ ეს არ არის პარტნიორობა ვინმეს (იგულისხმება აშშ) წინააღმდეგ, არამედ — საერთო სიძლიერისთვის.
„მსურს თქვენთან ერთად ვიმუშაო კანადისთვის კარის გაღებაზე, რათა ის ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრი გახდეს. ჩვენ ვიზიარებთ ერთ ოკეანეს, ღირებულებათა ერთ სისტემასა და სამყაროს ერთნაირ ხედვას. ახლა კი, ჩვენს საერთო მომავალსაც ერთად ავაშენებთ“, — მიმართა ევროკომისიის პრეზიდენტმა კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის, რომელიც ევროპარლამენტშ ფონ დერ ლაიენის ანგარიშს დაესწრო.
მოქმედი კანონმდებლობით, ევროკავშირის წევრი შეიძლება გახდეს ქვეყანა, რომელიც გეოგრაფიულ ევროპას ეკუთვნის.
netgazeti