WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

კანადის მთავრობამ რუსეთის საწინააღმდეგო სანქციები გააფართოვა.

სანქციები ამოქმედდა რუსეთის სამოქალაქო თავდაცვისა და საგანგებო სიტუაციების მინისტრ ალექსანდრ კურენკოვის და მისი ცოლის, „დაკარგული და დაზარალებული ბავშვების დახმარების ეროვნული ცენტრის" მზრუნველთა საბჭოს ხელმძღვანელ ელენა მილსკაიას წინააღმდეგ.

მათ, კანადის მთავრობის თანახმად, კავშირი აქვთ უკრაინელი ბავშვების უკანონო და ძალადობრივ დეპორტაციასთან, იდეოლოგიურ დამუშავებასა და მილიტარიზაციასთან.

  • უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისკენ მიმართული ქმედებებისა და აგრესიის გამო ალექსანდრ კურენკოვი სანქცირებულია აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის სახელმწიფოების, შვეიცარიის და სხვა ქვეყნების მიერ. ელენა მილსკაიას წინააღმდეგ აშშ-ის სანქციები მოქმედებს.

კანადის მიერ სანქცირებულებს შორის კურენკოვისა და მილსკაიას გარდა რუსეთის კიდევ ექვსი მოქალაქეა. მათ შორის ფედერალური სააგენტო „როსმოლოდიოჟის“ ხელმძღვანელი გრიგორი გუროვი და პუტინის მხარდამჭერი „პირველების მოძრაობის“ ხელმძღვანელი არტურ ორლოვი.

  • ევროკავშირის მონაცემებით, უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა უკრაინიდან იძულებით წაიყვანა 20 500-მდე ბავშვი.
  • 2023 წლის მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები. სასამართლის თანახმად, ისინი სავარაუდოდ, პასუხისმგებლები არიან ომის დანაშაულის ჩადენაზე - უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე.