ამერიკელი რეპერი კანიე უესტი (Kanye West, YE) 12 ივნისს თბილისში კონცერტს გამართავს, განაცხადა ღონისძიების ორგანიზატორმა Starring Georgia-მ 6 მაისს.
თბილისში კონცერტი რეპერის ანტისემიტური, რასისტული და ნაცისტური განცხადებების გამო რამდენიმე ევროპული ღონისძიების გაუქმების ფონზე დაიგეგმა.
კულტურის სამინისტრომ, რომელიც Starring Georgia-ს მართავს, „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ პოსტში უესტს „21-ე საუკუნის მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი ფიგურა“ უწოდა.
კონცერტი ცოცხალი შესრულებით თბილისის დინამო არენაზე გაიმართება. ბილეთების გაყიდვა ჯერ არ დაწყებულა.
უესტის კონცერტები ცოტა ხნის წინ გაუქმდა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის პოლონეთსა და შვეიცარიაში. რეპერმა ასევე გადადო კონცერტი საფრანგეთის ქალაქ მარსელში, მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ წინააღმდეგობა გამოხატა. გაერთიანებულმა სამეფომ მას ქვეყანაში შესვლა აუკრძალა ლონდონის Wireless ფესტივალზე გამოსვლისთვის.
რეპერს რამდენიმე სადავო განცხადება ეკუთვმის, რომელთა შორისაა „მე მიყვარს ნაცისტები“. მან ასევე აღფრთოვანება გამოხატა ადოლფ ჰიტლერის მიმართ, თავის ვებგვერდზე ყიდდა სვასტიკის გამოსახულებიან მაისურებს და გასულ წელს გამოუშვა სიმღერა სახელწოდებით Heil Hitler, რომელიც რამდენიმე პლატფორმამ აკრძალა.
2026 წლის იანვარში მან Wall Street Journal-ში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ეწერა: „მე არ ვარ ნაცისტი და არც ანტისემიტი“ და „მე მიყვარს ებრაელი ხალხი“, ხოლო თავისი ადრინდელი განცხადებები ბიპოლარულ აშლილობას მიაწერა.
This post is also available in:

1 hour ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·