WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის" თავმჯდომარე ფრიდრიხ მერცმა „კატასტროფა“ უწოდა ადგილობრივ არჩევნებში თავისი პარტიის მარცხს, თუმცა თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს.

  • მეკლენბურგ-წინა პომერანიის ფედერალური მიწის პარლამენტის(ლანდტაგი) არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, ქრისტიან-დემოკრატებმა 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს, ხმების მხოლოდ 4,9% მიიღეს და პარტიის არსებობის ისტორიაში პირველად რჩებიან პარლამენტს მიღმა.

გერმანიის ამ რეგიონში 20 სექტემბერს ჩატარებული არჩევნების შედეგად პირველ ადგილზეა ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“(38,2%), ხოლო მეორეზე - „სოციალ-დემოკრატიული პარტია"(35,5%).

არჩევნების წინასწარი შედეგების გარკვევისა და ქრისტიან-დემოკრატების უპრეცედენტო მარცხის შემდეგ კანცლერმა მერცმა პრესკონფერენცია გამართა ბერლინში, პარტიის მთავარ ოფისში.

მერცმა აღიარა, რომ არჩევნების შედეგები მისი პარტიისთვის კატასტროფაა. მიუხედავად ამისა, ფრიდრიხ მერცი არ აპირებს „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის„ თავმჯდომარისა და კანცლერის თანამდებობებიდან წასვლას. მისი განცხადებით, გააგრძელებს რეფორმებს და ეს რეფორმები არის „საშუალება ავტორიტარიზმის საწამლავის“ წინააღმდეგ.

მერცმა რადიკალური მემარჯვენე და მემარცხენე პარტიები დაადანაშაულა გერმანიის ინსტიტუტებისადმი ნდობის შემცირებაში და თქვა, რომ მზად არის ახალი ცვლილებებისთვის.

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ თანათავმჯდომარე ტინო ხრუპალამ DW-ს განუცხადა, რომ „ქვეყანა იმსახურებს" კანცლერ ფრიდრიხ მერცის გადადგომას.

მეკლენბურგ-წინა პომერანიის ფედერალური მიწის პარლამენტის არჩევნების შედეგად მეორე ადგილზე გასული „სოციალ-დემოკრატიული პარტიის" წარმომადგენელი მანუელა შვეზინგი, რომელიც გერმანიის ამ რეგიონის მთავრობას ხელმძღვანელობს, მიიჩნევს, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წარმატებას მიაღწია უკრაინის სამხედრო-ფინანსური დახმარებისა და რუსეთთან ენერგეტიკული თანამშრომლობის შეწყვეტის კრიტიკით.

  • ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ხმების თითქმის 44%-ით გაიმარჯვა საქსონია-ანჰალტის ფედერალური მიწის პარლამენტის არჩევნებშიც, რომელიც 6 სექტემბერს ჩატარდა.
  • ქრისტიან-დემოკრატები 17%-ით მეორე ადგილზე გავიდნენ.

20 სექტემბერს ჩატარდა ბერლინის დეპუტატთა პალატის არჩევნებიც.

წინასწარი ოფიცილური შედეგებით, ხმების 25%-ზე მეტით პირველ ადგილზე გავიდა „მემარცხენე პარტია".

კანცლერ მერცის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი" მეორე ადგილზეა ხმების 18%-ზე მეტით.

მესამე „ალტერნატივა გერმანიისთვისაა“ 16%-ით.

ბერლინის დეპუტატთა პალატის მანდატები მოიპოვეს „მწვანეებმა" და სოციალ-დემოკრატებმაც.