“კარგად რომ დაინახოთ, რა საზიზღრობას კადრულობს ხელისუფლება…” – მერაბ მეტრეველი

4 days ago 10

2

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი:

კარგად რომ დაინახოთ, რა საზიზღრობას კადრულობს და რაზეა წამსვლელი ხელისუფლება:

გუშინ ირაკლი კობახიძემ გაიმეორა ის შეთხზული ვერსია, რომ მზია ამაღლობელმა ემოციურ ნიადაგზე კი არ მოუქნია ხელი ბათუმის პოლიციის უფროსს, არამედ ეს უცხო ძალის დავალებით გააკეთაო. ანუ წარმოიდგინეთ, რას ამბობენ: მზიას ვიღაცამ უთხრა, წადი ახლა აქციაზე და პოლიცელს ხელი დაარტყი, ამის გამო კი დაგიჭერენ, შეიძლება წლები მოგისაჯონ, მაგრამ ეს უნდა აიტანო, რადგან პოლიციის იმიჯის შელახვა გვჭირდებაო და მზიაც კარგი გაწვრთნილი აგენტივით ამის გაკეთებას დათანხმდა.

სიგიჟის ლეველს ხვდებით, ხომ?

რაში დაჭირდათ ასეთი ერთი შხედვით აბსურდული ვერსიის შეთხზვა?

პასუხი მარტივია: მათ დაინახეს, რომ მსუბუქი სილის გამო 3-დან 7 წლამდე მუხლის მიყენებას საკუთარ მხარდამჭერებშიც კი ვეღარ აპრავებდნენ. მათ მხარდამჭერებსაც გაუჩნდათ კითხვები, რომ რა საჭიროა ასეთი მკაცრი სასჯელი. ზოგს ალბათ თანაგრძნობაც გაუჩნდა,ზოგმა, ვისაც მაღალ ეშელონებში ხმა მიუწვდებოდა, ითხოვა,იქნებ ადმინისტრაციული სასჯელი ვაკმაროთ, თორემ ჩვენც ვერ „ვაპრავებთ“ ერთი სილის გამო ქალის ასე მძიმედ დასჯასაო.

ჰოდა, დანაშაულის დასამძიმებლად ადგნენ და ასე არსაიდან დაამატეს ეს ახალი ვერსია, უბრალოდ ადგნენ და მოიგონეს, რომ მზია უბრალო დამოუკიდებელი ჟურნალისტი კი არაა, რომელმაც უსამრთლობით აღშფოთებულმა პოლიციელს სპონტანურად მოუქნია ხელი, არამედ ეს იყო კარგად დაგეგმილი ოპერაცია, რომ ის არის უცხო ძალის დავალებების შემსრულებელი, რომ ეს ყველაფერი იყო უცხო ძალის მიერ შემუშავებული მზაკვრული გეგმა, რათა პოლიციის იმიჯი შეელახათ.

ამ ახალი ვერსიით უკვე სიტუაცია სრულად იცვლება. მზიას მძიმე მუხლით გასამართლება მათ მხარდმაჭერებში უკვე მორალურად გამართლებული ხდება, მათ ტროლებს და ბოტებს დღეიდან შეეძლებათ მზიას გულშემატკივრებს სასჯელის მიზანშეწონილობაზე ამ არგუმენტით უპასუხონ და ვის ადარდებს, ის სიმართლეა, თუ არა.

კობახიძემ იმ ინტერვიუში ისიც თქვა, ანდრო ჭიჭინაძე შეიძლება მსხვერპლი იყოს (მაგალითად, მისი ნათესავის, ელენე ხოშტარიასიო), მაგრამ მზია მსხვერპლი არაა, უცხო ძალის აგენტი და დავალებების შემსრულებელიაო.

ეს რას ნიშნავს? იმას რომ თუ თეორიულად შეიძლება რაღაც ეტაპზე ანდროსი და სხვა პატიმრების გამოშვება განიხილონ, მზიას მიმართ დანდობა არ იქნება. ამისთვის ამზადებენ ნიადაგს. მათი მიზანია, მზიას მიმართ თანაგრძნობა სრულად გაქრეს, რომ ეს სიმკაცრე მათ მხარდამჭერებში აღარავის გაუკვირდეს და მყარად იყვნენ რწმენაში.

ასეთი სისასტიკის მიზეზი კი ისაა, რომ მთელი მათი ხელისუფლება დღეს პოლიციაზე და მათ ლოიალობაზე დგას და უნდათ მათ აჩვენონ, ჩვენც ბოლომდე დაგიდგებით გვერდით, ამისთვის ადამიანისთვის აბსურდის დაბრალება და მისი საციხოდ გაწირვაც რომ დაგვჭირდესო.

აი, ესაა დღეს ამ ხელისუფლების ჭეშმარიტი სახე.

სრულად წაკითხვა