კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ 5 041 396 ლარის ღირებულების 3 ხელშეკრულება მარნეულის მერის მოადგილის მამის კომპანიას გაუფორმა, რომელიც ამავდროულად, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველია.
საუბარია კომპანიაზე „ქცია“, რომლის 50-50%-იანი წილები ეკუთვნით პაატა შუბითიძეს და თეიმურაზ გოგრიჭიანს. სწორედ შუბითიძეა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, თემური შუბითიძის მამა. აღნიშნულ პოზიციაზე თემურ შუბითიძე 2021 წლის დეკემბერში დაინიშნა და დღემდე მუშაობს.
პაატა შუბითიძემ “ქართულ ოცნებას” თანხა ორჯერ შესწირა:
- 2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდში 60 000 ლარის ოდენობით;
- 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ 50 000 ლარის ოდენობით.
“ქცია” – კონკურენტი ადგილობრივი ბიზნესმენებისთვის
“ქციას” სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში 131 ტენდერი აქვს მოგებული, რომელთა ჯამური ღირებულება 121 138 324 ლარია.
კასპის მერიამ “ქციასთან” თანამშრომლობა 2024 წლის თებერვალში დაიწყო.
მანამდე მსგავსი ტიპის სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ტენდერებში ძირითადად, ასევე „ოცნების“ შემომწირველი, ადგილობრივი ბიზნესმენების კუთვნილი კომპანიები იმარჯვებდნენ ხოლმე, მათ შორის „ჩაგელა“, „საგზაო სამშენებლო სამმართველო N1“ და „იბოლია“.
“ქციას” და კასპის მერიის თანამშრომლობა
- პირველი ხელშეკრულება კასპის მერიასა და „ქციას“ შორის 2024 წლის 28 თებერვალს დაიდო.
ტენდერში, რომელიც მერიას კასპში მშვიდობის, 300 არაგველის, კოჯორის და კრწანისის ქუჩების რეაბილიტაციისთვის ჰქონდა გამოცხადებული, ორი კომპანია იღებდა მონაწილეობას: “ჩაგელა” და “ქცია”. ორივე კომპანია სამუშაოების შესასრულებად იდენტური თანხას, 845 878 ლარს ითხოვდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ შპს “ჩაგელას” მფლობელიც “ქართული ოცნების“ შემომწირველია – ლევან ჩაგელიშვილმა გასულ წელს პარტიას 20 000 ლარი გადაურიცხა, თუმცა კასპის მერიამ არჩევენი მარნეულის მერის მოადგილის მამის კომპანიაზე შეაჩერა.
რა კრიტერიუმებით შეარჩია კასპის მერიამ “ქცია”, შესაბამის ოქმში დასაბუთებული არ არის, თუმცა ნახსენებია, რომ „ქცია“ თეთრ სიაში იმყოფება, რაც იმას ნიშნავს, რომ შესყიდვების სააგენტოსთვის სანდო კომპანიად არის მიჩნეული.
- კიდევ ერთი, ამჯერად 3 285 081-ლარიანი ხელშეკრულება კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ „ქციასთან“ 2024 წლის მარტში გააფორმა.
კომპანიამ კასპში ცენტრალურ მონაკვეთზე, წყალარინების ქსელის და გზების მოწყობის სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. ამ შემთხვევაში „ქცია“ ტენდერის ერთადერთი მონაწილე იყო.
ხელშეკრულებას ვადა 2025 წლის 30 სექტემბრამდე იყო, თუმცა კომპანიამ ვადის 1 თვით გადაწევა მოითხოვა და ამის მიზეზად დაასახელა “რიგი სამუშაოების ცვლილებების აუცილებლობა”.
- მე-3 ხელშეკრულება, რომლის ღირებულება 811 503 ლარი იყო, ამავე პერიოდშია გაფორმებული.
ამჯერად, ტენდერი ეხებოდა კასპში თევდორეს და ვარძიის ქუჩებზე ასფალტ/ბეტონის საფარის მოწყობას.
„ქცია“ ამ შემთხვევაშიც ტენდერის ერთადერთი მონაწილე იყო. ხელშეკრულება 811 503 ლარზე გაფორმდა.
სატენდერო კომისიებს, რომელიც ტენდერების გამარჯვებულას “ქციას” აცხადებდა, კასპის მერის მოადგილე. დავით ქისიშვილი თავმჯდომარეობდა.
| “კანონი რომ გვაძლევდეს ამის უფლებას, დიდი ტენდერები რაც ტარდება, პირდაპირი წესით მივცემდი შპს „ქციას”.
ყველაზე ხშირად “ქციასთან” ხელშეკრულებას მარნეულის და რუსთავის მერიები აფორმებენ.
“ქციასა” და საბიუჯეტო დაწესებულებების თანამშრომლობაზე არაერთი მასალაა მომზადებული. ერთ-ერთს კი, რომელიც მარნეულის სათემო რადიომ მოამზადა, ასეთი სათაური აქვს:
“მხოლოდ 17 თვეში, მარნეულის მერის მოადგილის მამის კომპანიამ 15 985 260 ლარის ღირებულების ტენდერები მოიგო“. [2023 წლის 8 მაისი]
ამ სტატიას საკრებულოს სხდომაზე, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე გამოეხმაურა.
„ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული და კანონი რომ გვაძლევდეს ამის უფლებას დიდი ტენდერები რაც ტარდება პირდაპირი წესით მივცემდი შპს „ქციას“, ის კეთილსინდისიერად ასრულებს სამუშაოებს“, – თქვა ამირან გიორგაძემ.