“ლეხ კაჩინსკის მიერ 2008 წელს თბილისში წარმოთქმული ეს გაფრთხილება დღეს უკვე შემზარავ წინასწარმეტყველებად ჟღერს”, – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში პოლონეთის საელჩო ავრცელებს.
საუბარია თბილისში პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე:
“ჩვენც მშვენივრად ვიცით, რომ დღეს საქართველო, ხვალ უკრაინა, ზეგ ბალტიის ქვეყნები, შემდეგ კი შეიძლება ჩვენი ქვეყნის, პოლონეთის ჯერიც დადგეს”.
პოლონეთის საელჩოს განცხადებით, დღეს 18 წელი შესრულდა იმ ისტორიული გამოსვლიდან. პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი თბილისში რუსეთის მიერ საქართველოზე თავდასხმიდან რამდენიმე დღეში ჩავიდა. 12 აგვისტოს კი მან ქართველთა მხარდასაჭერად გამართულ მასშტაბურ მიტინგში მონაწილეობა მიიღო ლიტვის, ესტონეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან და ლატვიის პრემიერ-მინისტრთან ერთად.
მიტინგზე შეკრებილთათვის მიმართვისას ლეხ კაჩინსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს მეგობრების მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონოდა, ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობის ვალდებულება იყო, წინ აღსდგომოდა რუსეთის იმპერიულ ამბიციებს.
“სიმამაცე და სოლიდარობა, რომლებზეც ლეხ კაჩინსკი მაშინ საუბრობდა, დღესაც მნიშვნელოვან გაკვეთილად რჩება — გაკვეთილად, რომელიც აწმყოსაც ეხება და მომავალსაც”, – ნათქვამია პოლონეთის საელჩოს განცხადებაში.
პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი 2010 წლის 10 აპრილს, რუსეთში, ქალაქ სმოლენსკთან მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა.
netgazeti