WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

25

შსს–ს ცნობით, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ძარცვისა და გამოძალვის ბრალდებით, 7 პირი დააკავეს.

უწყების მტკიცებით, დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება ჩამოაყალიბა, რომლის წევრებთან ერთადაც წინასწარ შეიმუშავა მოქალაქეებზე თავდასხმის, მათ მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებისა და მატერიალური სარგებლის მართლსაწინააღმდეგოდ მიღების გეგმა.

დაჯგუფების წევრები სხვადასხვა სოციალურ ქსელში მდედრობითი სქესის სახელით ყალბ პროფილებს ქმნიდნენ, აღნიშნული ანგარიშების მეშვეობით, ისინი მამაკაცებს უკავშირდებოდნენ და გაცნობის საბაბით წინასწარ შერჩეულ ადგილებზე შეხვედრებს უნიშნავდნენ, დათქმულ ადგილზე მისულ პირებს კი ჯგუფურად თავს ესხმოდნენ.

ბრალდებულები მოქალაქეებს განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდნენ, ცივი იარაღისა და ბასრი საგნის დემონსტრირებით აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ასევე, მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ მათ კუთვნილ ფულსა და პირად ნივთებს.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დაზარალებულთა ცემისა და დამცირების პროცესს მობილური ტელეფონებით იღებდნენ, რის შემდეგაც აღნიშნულ ვიდეომასალას სოციალურ ქსელის საშუალებით ავრცელებდნენ, ხოლო აღნიშნული პირების მიმართ ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და თანხის გამოძალვას განაგრძობდნენ.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია ცივი იარაღები, ნიღბები, ტაქტიკური აღჭურვილობა, ასევე, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე, 181-ე და 225-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დანაშაულში ჩართული სხვა პირების გამოვლენისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, – წერს შსს და აქვეყნებს ვიდეოს, რომელიც სენსიტიური კადრების გამო, სოციალურმა ქსელმა უკვე დაბლოკა.