WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

თბილისის მერის, კახა კალაძის მძიმე პოზიცია-შეფასებებს, პატიმრობაში მყოფ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მწვავე პოსტით ეხმაურება პატიმრის და, ლიკა დავითაძე:

“კახა კალაძე, შენ საერთოდ ღირსებაზე როგორ ლაპარაკობ გამაგებინე, შე გარყვნილო ადამიანო!

ფსკერს ხვრეტ ისეთი გახრწნილი ხარ უკვე! სად გაქვს ღირსება, მორალი ან შუბლის ძარღვი, სად?!

ის უნდა განიცადო შენი დარჩენილი ცხოვრება საკუთარ თავზე, რასაც მე და ჩემი ოჯახი განვიცდით ახლა! მინდა, ზუსტად ისე მოგექცნენ, როგორც ჩემს ძმას მოექცნენ ციხეში, მალე მოვა შენი დროც, შე არაკაცო!

შენ იარლიყების მიკერებას ცდილობ, მაგრამ არ გამოგივა! რა არ გვეძახე – საბოტაჟნიკები, აკაცუკები, კოლექტიური ნაცები და კიდევ ახლა თურმე ამ ამბავს ჩვენ ვიგონებთ, ხო?! სრულიად საქართველომ იცის რომ მე და ჩემი ოჯახი მთელი ცხოვრება უსამართლობას ვებრძვით! სრულიად საქართველომ გაიგო, რომ ჩემი ძმა ციხეში გააუპატიურეს, ფაქტი ჯიუტია და კადრებით ეს დასტურდება!

ბატონო კახი, თქვენ მე ძალიან კარგად მიცნობთ, მრავალი წელი ვიმუშავე ქალაქ თბილისის მერიაში, ვემსახურებოდი ხალხს და ქვეყანას და არა “ქართული ოცნების” პარტიას, როგორც კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე, მაგრამ თქვენ ეგეც ვერ დაინახეთ და პეტიციაზე ხელმოწერის გამო, საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება მთლიანად გააუქმეთ და ხელმომწერები გაგვიშვით სახლში!

ჰოდა დაიმახსოვრე, რომ არ შეგარჩენ ჩემი ძმის პატივის და ღირსების შელახვას და აუცილებლად აგებთ პასუხს, ყველა, ვინც ამ დანაშაულს დაფარავს!

“ქართული ოცნების” მხარდამჭერებო თქვენ მოგმართავთ, წინა რეჟიმზე აღშფოთებულო საზოგადოებავ, ახლა სად ხართ, სად?! თქვენ ემსახურებით თეთრი რეზინის ხელთათმანების რეჟიმს, ეს არის თქვენი სიმბოლო!” – წერს ლიკა დავითაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.