მსახიობი კახა კინწურაშვილი სპეციალურ მიმართვას ავრცელებს:
“სოხუმი, ძიძარიას მეორე შესახვევი, სახლი 7 – ეს არის ჩემი სახლის მისამართი და ამ მისამართზე ბოლოს 8 წლის ასაკში ვიყავი, მაგრამ კარგად მახსოვს მოხვეული კიბე, მყუდრო ეზო, პალმა, რომელიც ბაბუაჩემმა დარგო, როდესაც მე დავიბადე და ის ხე ახლა 40 წლისაა, როგორც მე.
დაახლოებით რამდენიმე თვის წინ, იმ კაცმა, რომელსაც პრეზიდენტი დაარქვეს, ტელევიზიით თქვა, რომ მე, მსახიობი კახა კინწურაშვილი გლობალური ომის პარტიის წევრი ვარ და ომი მინდა. ალბათ ამ კაცმა არ იცის, რომ მე 8 წლის ასაკში სოხუმიდან ომს გამოვექეცი. მაშინ ასე დავიჯერე, რომ ომი თამაში იყო და ამიტომ ისე გამოვიარე დაბომბვა, გაქცევა, ორკვირიანი მოლოდინი აეროპორტში, მერე თვითმფრინავის აფეთქება, განადგურებული ადამიანები, რომ ამაზე ნამდვილად არ მიფიქრია. სამაგიეროდ, მთელი ჩემი ცხოვრება ამ ტკივილზე ფიქრს და ანალიზს დავუთმე და ასე ვცხოვრობ ახლაც. როგორც ომაგამოვლილმა ბავშვმა შემიძლია გითხრათ, ომი ომის დამთავრებისთანავე არ მთავრდება, მეტიც, ომი არ მთავრდება არასდროს თუ ერთხელ არ გაგიმართლა და ომი შენი თვალით ნახე. ამ ტკივილს და უბედურების განცდას მთელი ცხოვრება ატარებ და ამ ტკივილთან ერთად ცხოვრებას სწავლობ. ცდილობ გადარჩე და ეს გადარჩენაც ომია. ესაა გაუთავებელი ბრძოლა, რომ როგორმე გადაარჩინო შენში ნაომარი ბავშვი და შენც პიროვნებად გადარჩე. მით უმეტეს მაშინ, როცა ცოლი და შვილები გყავს.
ჩემი უფროსი შვილი ხშირად მეკითხება ხოლმე ომზე, ჩემს ბავშვობაზე, დიდი ხანი ვფიქრობდი, რატომ და მერე მივხვდი – მხოლოდ იმიტომ, რომ როცა ამ გამოცდილებაზე ვუყვები, ჩემში ხედავს საკუთარ თანატოლს, 8 წლის ნაომარ ბავშვს და აინტერესებს, როგორ გადავრჩი, ფეხზე როგორ დავდექი. ამაზე ფიქრი მაბედნიერებს, რომ ჩემი შვილი გადარჩენილად მთვლის და არა დაღუპულად. თუმცა მან არ იცის რამდენს ვიბრძვი იმისთვის, რომ გადავრჩე, რა იცის, რა ძნელია იმ შიშის დაძლევა, რომელსაც ომი ტოვებს ადამიანში. თუ ომი ბავშვობაში ნახე, ეს ჭრილობა არასდროს ხორცდება. იბრძვი, რომ ფეხზე დადგე, პიროვნებად ჩამოყალიბდე, ხერხემალი გაიმაგრო და შიში დაძლიო იმისთვის, რომ გიყვარდეს ადამიანები, სამეგობრო გაიჩინო, ოჯახი შექმნა და შვილები გყავდეს. იმიტომ რომ თუ ომი საკუთარი თვალით ნახე, იმდენად ღრმაა ომის შიში, რომ მუდმივად საყვარელი ადამიანების დაკარვგის გეშინია და თუ ომის შიშს არ დაძლევ, ვერასდროს გაბედავ გყავდეს შვილი. სულ იმაზე ფიქრობ, რომ მას დაკარგავ და თუ ეს საშინელება გამოიარე, შენი ქვეყანა ყველაფერს უნდა აკეთედეს, რომ გაძლიერდეს, მეგობრები შემოიკრიბოს, დაცული გახდეს, უსაფრთხო იყოს მასში ცხოვრება, რომ ეს შიში არასდროს განიცადო და, აი, ამ დროს შეუხორცებელ ჭრილობაზე მარილს გაყრიან. ომით გაშანტაჟებენ, რისიც შენ ყველაზე მეტად გეშინია, რადგან საკუთარი თვალით ნახე, გამოიარე და მერე მთელი შენი ცხოვრება ომი იყო. ამ ომში გადარჩი, ადამიანად ჩამოყალიბდი, საკუთარ თავს დაეყრდენი და სხვებისთვისაც საყრდენი გახდი. როგორც იქნა შენც და შენი ქვეყანაც ფეხზე დადექით, თავი აწიეთ, თავმოყვარეობა დაიბრუნეთ და ახლა მოითხოვენ, რომ ეს აწეული თავი უკან დახარო და ზემოდან ბოდიში მოიხადო, ბოდიში მოიხადო იმისთვის, რომ 8 წლის ასაკში საკუთარი სახლიდან გამოგაგდეს, დახოცილი ადამიანები ნახე, დევნილობა განიცადე, წარსული დაკარგე, ბავშვობა და ახალგაზრდობა გაგიმწარდა და ომის შიში ჩაგისახლდა, რომელიც არსებობას არ გაცლის და თურმე ამისთვის ბოდიშს უნდა ვიხდიდე.
ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა, როცა ომზე ყვები, ყოველთვის ბავშვის პერსპექტივიდან აკვირდებიო, ომის შენი ხედვა ისევ ბავშვურიაო. კი, ასეა. მეც და საქართველოც ომგამოვლილი ბავშვები ვართ, ძლიერი და თავაწეული. ომი ბევრჯერ ვნახეთ და არასდროს – მშვიდობა. მშვიდობა არასდროს გვქონია და არც ახლა გვაქვს. ის, რაც ახლა საქართველოს ქუჩებში ხდება, ეს არ არის მშვიდობა. დღეს საქართველოს ქუჩებში დგანან ძლიერი და გაუტეხელი ადამიანები. დგანან ამაყად და იმ ძალას, რომელიც თავს ხელისუფლებას უწოდებს, ზუსტად ამ ძლივს გამაგრებული ხერხემლის დალეწვა უნდა და დაუზოგავად წიხლებით გვდგება, იმისთვის, რომ თავი ისევ ჩავხაროთ, რომ ვეღარასდროს შევძლოთ მაღლა აწევა და თან ბოდიშს ვიხდიდეთ იმისთვის, რომ ასე ამაზრზენად სუსტები ვართ. მე პირადად არ ვიცი ამ ბრძოლიდან რამდენად დასახიჩრებული გამოვალ, მაგრამ ბოლოს ერთს ვიტყვი და ამით დავამთავრებ: ომგამოვლილი ბავშვები ბოდიშს არ იხდიან!”