საქართველოს ხელისუფლებამ ყურძნის ჩაბარების ფასები მას შემდეგ შეცვალა, რაც კახეთში მევენახეებმა ორდღიანი საპროტესტო აქციები გამართეს. ადგილობრივები მოსავლისთვის უფრო მაღალ ფასს ითხოვდნენ და პროტესტის ნიშნად გზებიც კი გადაკეტეს.
აქციები მას შემდეგ დასრულდა, რაც მთავრობამ 22 სექტემბერს ფასების გადახედვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ოფიციალური პირები ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში „უპრეცედენტო“ მოსავალს ელოდებიან, თუმცა არსებობს გამოწვევები კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, რაც, გავრცელებული ინფორმაციით, ყურძნის შაქრიანობაზე ახდენს გავლენას.
აქციები ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში დაიწყო და შემდეგ კიდევ ორ სოფელს – ახალსოფელსა და ველიცსიხეს – მოედო. ზოგიერთმა მევენახემ მოსავლის ჩაბარებაზე უარი განაცხადა და ყურძნით დატვირთული მანქანები ჩასაბარებელ პუნქტებთან რიგში დატოვა. მათ პროდუქციის ჩაბარება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეს, რაც ხელისუფლებამ ფასები დააკორექტირა.
უკმაყოფილების დიდი ნაწილი უკავშირდებოდა ფასწარმოქმნის ახალ სქემას, რომელიც ყურძენს შაქრიანობისა და ხარისხის მიხედვით განასხვავებს.
მიმდინარე წლის მოსავლისთვის აგვისტოში გამოცხადებული ფასწარმოქმნის სქემის თანახმად, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ყურძენს წინასწარ განსაზღვრული დიფერენცირებული სქემით შეისყიდდა. აღნიშნული სქემა პირველად გასულ წელს ამოქმედდა და მისი მიზანი „კონკურენტუნარიანი და მაღალი ღირებულების პროდუქციის“ წარმოების ხელშეწყობა იყო.
ყურძნის ჯიშების უმეტესობის შემთხვევაში, 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის მქონე ყურძენს სახელმწიფო კილოგრამზე 0.3 ლარად ჩაიბარებდა, ხოლო 17%-დან 20%-მდე შაქრიანობის მქონე ყურძნის ფასი 0.8 ლარს შეადგენდა. დაუზიანებელი ყურძენი, რომლის შაქრიანობაც 20%-ს აღემატებოდა, კილოგრამზე 1.3 ლარად ფასდებოდა.
„საფერავის“ ჯიშის ყურძენზე განსხვავებული ფასები დაწესდა: სახელმწიფო 1 კგ დაუზიანებელ ყურძენში, რომლის შაქრიანობაც არანაკლებ 21%-ია, 1,5 ლარს იხდიდა; 17%-დან 21%-მდე შაქრიანობის ან ნაწილობრივ დაზიანებულ ყურძენში — 0,9 ლარს, ხოლო 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის ან დაზიანებულ ყურძენში — 0,3 ლარს.
მევენახეების განცხადებით, მოსავალში შემოთავაზებული ფასები არასაკმარისია წარმოების ხარჯების დასაფარავად, ვენახის მოვლის, აგროქიმიკატების, მუშახელისა და ტრანსპორტირების ხარჯების ჩათვლით.
მოგვიანებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობასთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან კონსულტაციის შედეგად, რთველის ფარგლებში ჩასაბარებელი ყურძნის ფასები შეიცვალა.
კერძოდ, მაღალკონდიციური საფერავის ფასი 1.50 ლარი, რქაწითელისა და სხვა ჯიშების კი 1.30 ლარი იქნება, დაბალკონდიციური საფერავის – 1 ლარი, რქაწითელისა და სხვა ყურძნის – 90 თეთრი. 16 გრადუსამდე ყურძნის ფასი 50 თეთრით, ჰიბრიდის კი 30 თეთრით განისაზღვრა. მეხუზლას თქმით, მევენახეებს, რომლებმაც ყურძენი მოქმედი ფასით უკვე ჩააბარეს, ახალი ღირებულების მიხედვით სხვაობა აუნაზღაურდებათ.
This post is also available in:
civil ახალი ამბები