კახეთის რეგიონის ახმეტის მუნიციპალიტეტში ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად უკანონო ყალბი რეცეპტის გაცემის საქმეზე ექიმი ნევროლოგის, მაია კოხტაშვილის დაკავებამ კითხვები და უკმაყოფილება გამოიწვია. ადგილობრივი საზოგადოება და სამედიცინო წრეები ექიმს სოლიდარობას უცხადებენ და ეჭვობენ, რომ იგი შესაძლოა მიზანმიმართული პროვოკაციის მსხვერპლი გახდა.
ექიმს, რომლის დაკავების შესახებაც 11 სექტემბერს გახდა ცნობილი, მეორე დღეს თელავის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა და თანხის შეტანის შემდეგ ის გათავისუფლდება. ოჯახის წევრების თქმით, საჭირო თანხა ხალხის შემოწირულობებით სულ რაღაც ერთ საათში შეგროვდა. ოპონენტები საქმეში პოლიტიკურ მოტივებს ხედავენ და შეშფოთებას გამოთქვამენ რეცეპტების გაცემის გამკაცრებული წესების შესაძლო უარყოფითი შედეგების გამო.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კოხტაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია „სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმესთან“ დაკავშირებული დაკავებების ფარგლებში გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, ექიმმა „სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეს ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად უკანონოდ დაუმზადა და გასცა ყალბი რეცეპტი“.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 268-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოში სხვადასხვა საქმესთან დაკავშირებული კადრებია გაერთიანებული. ერთ-ერთ ფრაგმენტში ასახულია ორ ადამიანს შორის საუბარი, რომელთაგან ერთი, სავარაუდოდ, კოხტაშვილია; მისი სახე ბუნდოვანია, ხოლო ხმა შეცვლილი. ჩანაწერში, სავარაუდოდ, კოხტაშვილი ამბობს: „24-ში [აგვისტოში] იყავი შენ ჩემთან, მე-15 დღე არის ორშაბათი, 7 [სექტემბერი]“. შემდეგ ისმის მეორე ადამიანის, სავარაუდოდ, იმ მამაკაცის ხმა, რომელიც ვიდეოს იღებს და რომელიც კითხულობს, უნდა მივიდეს თუ არა ვიზიტზე 7 რიცხვში (სექტემბერში); ექიმი კი პასუხობს: „აღარ მოხვიდეთ, დამირეკეთ“; მომდევნო კადრში კი ჩანს, რომ ის ამბობს: „მე დაგიწერ ჩემს ტელეფონს, დამირეკე და გამოგიწერ ისე“.
This post is also available in:
civil ახალი ამბები