WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა არაერთხელ შეცვლილ საარჩევნო კოდექსში დამატებით ცვლილებებს გეგმავს.

ვრცელი კანონპროექტის ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიების ნაცვლად, კენჭისყრის შედეგები საუბნო საარჩევნო კომისიების მონაცემებზე დაყრდნობით შეაჯამოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ.

ახალი კანონპროექტი

პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, კანონპროექტი 28 ოქტომბერს წარადგინეს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა.

ესენი იყვნენ ნოდარ ტურძელაძე, არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, დავით მათიკაშვილი, ალუდა ღუდუშაური და ირაკლი შატაკიშვილი.

16-გვერდიანი კანონპროექტით არაერთი საკითხი წესრიგდება განსხვავებულად.

მაგალითად, ყველა ტიპის არჩევნების შეჯამება 15 დღეში უნდა დასრულდეს, - აქამდე ზოგიერთი არჩევნების შეჯამების ვადა 26 დღემდე იყო განსაზღვრული.

„დგინდება, რომ როგორც მუნიციპალიტეტის ორგანოთა, ისე საქართველოს პარლამენტის არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამება და შესაბამისი შემაჯამებელი ოქმების შედგენა განხორციელდება კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-15 დღეს“, - წერენ ავტორები განმარტებით ბარათში.

შეჯამება ცესკოს მიერ - და არა საოლქო კომისიებში

განმარტებითი ბარათის თანახმადვე, „არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებასა და შესაბამისი შემაჯამებელი ოქმების შედგენას განახორციელებს ცესკო“ - ანუ ცენტრალური საარჩევნო კომისია.

არსებობს სამი დონის საარჩევნო კომისია:

  • საუბნო - რომელიც ფუნციონირებს უშუალოდ საარჩევნო უბნებზე;
  • საოლქო - რომელიც თავს უყრიდა და აჯამებდა საუბნო კომისიებიდან მიღებულ მონაცემებს;
  • ცენტრალური - რომელიც შედეგებს ორი დონის კომისიებიდან მიღებულ მონაცემებს აჯამებდა.

ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, ცესკო არჩევნებს შეაჯამებს „საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში მითითებული მონაცემების გათვალისწინებით“.

რა იცვლება - სიტყვასიტყვით

კანონის ამ პუნქტის (მე-17 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის) ახლანდელი რედაქცია ასეთია:

ცესკო „საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების თაობაზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გათვალისწინებით ადგენს ... არჩევნების ... შედეგებს, რის თაობაზედაც დგება ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი“.

ცვლილებების მიღების შემდეგ კი იგივე პუნქტი შემდეგნაირად ჩამოყალიბდება:

ცესკო „საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმებში მითითებული მონაცემების საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების თაობაზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გათვალისწინებით აჯამებს ... არჩევნების ... შედეგებს, რის თაობაზედაც დგება ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი“.