დღეს 6 დეკემბერია მაგრამ მათთვის, ვინც საორგანიზაციო საკითხებში აქტიურად იყვნენ ჩართული ამ დრომდე არ მიუწოდებიათ ინფორმაცია, იგეგმება თუ არა საღამოს “მოამბის საგანგებო ეთერი”. კონკრეტული პასუხი ტელევიზიის წარმომადგენლებისგან ვერ მიიღო რადიო თავისუფლებამაც.
აქტივისტების თქმით, მათ ეჭვს ისიც აღრმავებს, რომ მცდელობების მიუხედავად ვერ ახერხებენ გადაცემის პროდიუსერებთან ან არხის მენეჯმენტთან დაკავშირებასაც:
“ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ 31 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით დასვენება იყო და 3 იანვრიდან უნდა გაგვეგრძელებინა გადაცემა. 3-ში არ გაგრძელდა, გადაიდო 6 იანვრამდე. არხის წარმომადგენლები ჩვენთან კონტაქტზე არ გამოდიან და არც ჩვენს სატელეფონო ზარებს და მესიჯებს პასუხობენ. გვაქვს შიდა ინფორმაციაც, რომ ეს რისკი არსებობს.
საჯაროდაც გავაკეთეთ განცხადება ამასთან დაკავშირებით და თუ ასეა არაა, შეეძლოთ დაგვკავშირებოდნენ და ეთქვათ, რომ ეთერი გაგრძელდება. ან ეპასუხათ ჩვენს შეტყობინებებზე და ზარებზე”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას აქტივისტი გიორგი ჭანტურია. ის ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, ვინც “საგანგებო ეთერისთვის” სტუმრების შერჩევასა და “პირველი არხის” მიმართ მიმდინარე პროტესტის სხვა საორგანიზაციო საკითხებში იღებს მონაწილეობას.
რაც შეეხება ტელევიზიას, არხის მენეჯმენტთან დაკავშირებას რადიო თავისუფლება ამ დრომდე ცდილობს. პრესსამსახურში ჩვენს ზარებს და შეტყობინებებს არ პასუხობენ.
“საგანგებო ეთერის” ერთ-ერთი პროდიუსერი, ნინო თარგამაძე და გადაცემის წამყვანი, თამთა სანიკიძე რადიო თავისუფლებასთან აცხადებენ, რომ მათთვის უცნობია იგეგმება თუ არა “მოამბის საგანგებო ეთერის” გაგრძელება, ან გეგმავენ თუ არა მას დღეს.
“მოამბის საგანგებო ეთერი” პირველად საზოგადოებრივმა მაუწყებლის ეთერში 30 ნოემბერს, სახალხო პროტესტის შემდეგ დაიწყო. პროევროპული აქციების მესამე დღეს “პირველ არხთან” შეიკრიბნენ მოქალაქეები და მოითხოვეს საჯარო დისკუსიები. ისინი “პირველ არხს” მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით სიმართლის დამალვასა და მიკერძოებულ გაშუქებაში ადანაშაულებდნენ.
რამდენიმესაათიანი პროტესტისა და ტელევიზიის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების შემდეგ იმ საღამოსვე, 20 საათზე ჩაინიშნა ეთერი, რომელსაც არხის დირექტორი, თინათინ ბერძენიშვილი უძღვებოდა. ეთერში პროევროპული აქციების მონაწილეებსა და მხარდამჭერებს საუბრის შესაძლებლობა მიეცათ. ეთერის შემდეგ სტუდიაში “პირველი არხის” თანამშრომლები შევიდნენ. ისინი აქციის მონაწილეების მხრიდან გაკეთებული განცხადებების გამო თავს შეურაცხყოფილად გრძნობდნენ და არ იზიარებდნენ პოზიციას, რომ არხი ინფორმაციას მიკერძოებულად ან საერთოდ არ აშუქებს.
მოგვიანებით, ხელმძღვანელობასა და აქტივისტებს შორის რამდენიმე ეტაპიანი მოლაპარაკებების საფუძველზე აღნიშნული გადაცემა თითქმის ყოველდღიურად გადიოდა ეთერში 30 დეკემბრის ჩათვლით.
ტელევიზიის გარეთ მიმდინარე პროტესტის პარალელურად სატელევიზიო ეთერში საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს ითხოვს "პირველი არხის" თანამშრომლების ნაწილი. ამჟამად სატელევიზიო ეთერში მხოლოდ ფილმები, სერიალები და საინფორმაციო გამოშვება გადის.