კიდევ ერთი საინიციატივო ჯგუფი – “ეროვნული ფასეულობების დასაცავად”

2 hours ago 4

კიდევ ერთი საინიციატივო ჯგუფი იქმნება “ეროვნული ფასეულობების დასაცავად” – ბრიფინგის, რომელიც “საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის” ოფისში გაიმართა,  მსახიობი გიორგი შანიძე, რეჟისორი გიორგი სიხარულიძე, ბათუმის თეატრის დირექტორი კოტე მჟავია ესწრებოდნენ.

ჯგუფი “ქართული ოცნებისგან” მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.

“ახალი საინიციატივო ჯგუფის მტკიცებით, ინიციატივა ბრიტანული კანონის ანალოგია, რომლითაც სამეფო ოჯახის შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით დასჯადია.

თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლება უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა, თუმცა, ეს უფლება არ შეიძლება იქცეს ინსტრუმენტად იმ სიწმინდეების და ფუნდამენტური ფასეულობების შეურაცხყოფისთვის, რომლებიც ქვეყნის ისტორიულ, კულტურულ და სულიერ საფუძველს წარმოადგენს. ეს ტენდენცია საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ თანხმობას, ეროვნულ ერთობას და სამოქალაქო მშვიდობას.

ფაქტია, რომ გარედან მიღებული დავალების შესაბამისად, ამ ადამიანებმა მოახერხეს და საქმე ლამის ღია სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანეს – დაპირისპირებამდე ქართველ ერსა და გარედან დაფინანსებულ დესტრუქციულ, მართულ ჯგუფებს შორის. თუკი საქმე პროცესების ესკალაციამდე მივა, სწორედ ეს მცირე ჯგუფი აღმოჩნდება ყველაზე მეტად დაზარალებული, რადგან ქართველი ხალხი ქართული იდენტობისა და ქართული ღირებულებების გვერდით დგას.

ამიტომ, იმისთვის, რომ ვითარება კიდევ უფრო მეტად არ გამწვავდეს და არ მივიდეს იმ მდგომარეობამდე, როდესაც ბრძენმა ქართველმა ხალხმაც კი შეიძლება დაკარგოს მოთმინება, აუცილებელია პასუხისმგებლიანი ნაბიჯების გადადგმა და არსებული პრობლემების სამართლებრივი, მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა.

სწორედ ამიტომ, ჩვენ ვიწყებთ საკონსულტაციო პროცესს იურისტების, სამართლის სპეციალისტების, ისტორიკოსების, ხელოვნებისა და სპორტის სფეროების წარმომადგენლების და სხვა ყველა დაინტერესებული საზოგადოებრივი ჯგუფის მონაწილეობით, რათა მომზადდეს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა. მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, პარლამენტს და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს: აქტიურად ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში”, – განაცხადეს ბრიფინგზე. 

შეგახსენებთ, რომ 27 ივლისს MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა ახალი მოძრაობა, “ეროვნული თაობის” შექმნა დააანონსა. სპორტსმენმა აღნიშნა, რომ მზად არიან პასუხი აგონ თითოეულ ქმედებაზე და საჭიროების შემთხვევაში ციხეშიც კი წავიდნენ.

სრულად წაკითხვა