ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, რომან მროჩკოს თქმით, რუსეთის არმიამ 9 იანვარს ქალაქს სამი მართვადი საჰაერო ბომბი ესროლა.
რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური, მროჩკოზე დაყრდნობით წერს, რომ ავიადარტყმამ დაანგრია საცხოვრებელი სახლი და დააზიანა საბავშვო ბაღი, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა. დაახლოებით ათი ადამიანი დაიჭრა.
მოგვიანებით ხერსონის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე პროკუდინმა განაცხადა, რომ 9 იანვრის ღამეს და დილით რუსეთის არმიის საავიაციო დაბომბვის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და კიდევ ათი დაიჭრა.
მისივე თქმით, დაზიანდა ორი მაღლივი კორპუსი და ოთხი კერძო სახლი.
რუსეთის სამხედრო და ადმინისტრაციული ხელისუფლება უარჰყოფს უკრაინის ტერიტორიაზე სამოქალაქო ობიექტების დაბომბვას.
უკრაინის ხელისუფლება და საერთაშორისო ორგანიზაციები ასეთ იერიშებს ომის დანაშაულებად აფასებენ და ხაზს უსვამენ, რომ რუსეთი განურჩევლად იღებს მიზანში, როგორც სამხედრო ისე სამოქალაქო ობიექტებს.