უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალებმა (USF) 14-15 ივლისის ღამეს, ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულის მახლობლად, რუსეთის “ჩრდილოვანი ფლოტის” 20 ხომალდზე მიიტანეს იერიში.
ამ ინფორმაციის წყაროა, რობერტ „მადიარ“ ბროვდი, უპილოტო სისტემების ძალების მეთაური.
მისი თქმით, სამიზნეში ამოღებული 20 ხომალდიდან 17 ნავთობტანკერი იყო, ორი — გაზის ტანკერი, ხოლო ერთი — ბუქსირი.
საერთო ჯამში, მისივე ცნობით, ცხრა დღის განმავლობაში, უპილოტო სისტემების ძალებმა აზოვის ზღვაში 116 ხომალდზე შეძლეს იერიშის მიტანა.
13-14 ივლისის ღამეს, უპილოტო სისტემების ძალებმა ხუთი ტანკერი, ხუთი მშრალტვირთიანი გემი და ერთი ბუქსირი დააზიანეს.
მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, G7-ის ქვეყნებმა (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ა.შ.), ევროკავშირმა და ავსტრალიამ რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვარი დააწესეს (მაგალითად, 60 დოლარი ბარელზე). ეს ნიშნავს, რომ დასავლურ კომპანიებს ეკრძალებათ რუსული ნავთობის ტრანსპორტირება ან დაზღვევა, თუ ის ამ ფასზე ძვირად იყიდება. რუსეთს სურდა ნავთობის საბაზრო (უფრო მაღალ) ფასად გაყიდვა, ამიტომ მათ შექმნეს ალტერნატიული გზა — „ჩრდილოვანი ფლოტი“, რომელიც არ ექვემდებარება დასავლურ რეგულაციებს.
“ჩრდილოვანი ფლოტის” გემები არ დადიან რუსეთის დროშის ქვეშ. ისინი იყენებენ ისეთი ქვეყნების დროშებს, სადაც რეგულაციები სუსტია. სანქციების თავიდან ასაცილებლად ეს გემები იყენებენ სხვადასხვა ხრიკს: ისინი ხშირად თიშავენ ავტომატურ საიდენტიფიკაციო სისტემას (AIS), რათა რადარებმა ვერ დაინახონ, სად იმყოფებიან (მაგალითად, როცა რუსულ პორტებში შედიან). ნავთობს ღია ზღვაში ერთი გემიდან მეორეზე ტვირთავენ, რათა ნავთობის წარმომავლობა (რუსული კვალი) დაიკარგოს და ისე გაიყიდოს მსოფლიო ბაზარზე.

1 week ago
38







English (US) ·
Georgian (GE) ·