უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კით კელოგი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეთავაზებას კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების განახლების შესახებ და თქვა, რომ მოლაპარაკებების დაწყება ცეცხლის უპირობო შეწყვეტის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
„როგორც პრეზიდენტმა ტრამპი არაერთხელ თქვა, შეწყვიტეთ მკვლელობები!! ჯერ უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა და, ამ პერიოდში, ყოვლისმომცველ სამშვიდობო დისკუსიებზე გადასვლა. არა პირიქით“, – დაწერა კით კელოგმა.
10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინას 2022 წელს შეწყვეტილი სტამბოლის მოლაპარაკებების განახლება შესთავაზა და თქვა, რომ მზად არის მოლაპარაკებები 15 მაისიდან, დამატებითი პირობების გარეშე დაიწყოს.
ზელენსკის პასუხი იყო, რომ რუსებისაგან ცეცხლის შეწყვეტას ელის, უკრაინა კი მზადაა შეხვედრისათვის.
მანამდე გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთისა და ბრიტანეთის ლიდერებმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად მოითხოვეს უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა და გააფრთხილეს მოსკოვი, რომ პუტინის მხრიდან შესაძლო უარს ახალი, „მასშტაბური“ სანქციები მოჰყვება.