1
ტვ პირველის ცნობით, საკონსტიტუციო სასამართლოში პოსტი მოსამართლე ხვიჩა კიკალიშვილმა დატოვა. არადა, მას ვადის ამოწურვამდე კიდევ ხუთი წელი ჰქონდა დარჩენილი.
მოსამართლე უზენაესის სასამართლოს მიერ იყო განმწესებული, რაც იმას ნიშნავს, რომ უზენაესი სასამართლო საკონსტიტუციოში ახალ კადრს მიავლენს.
“პირველებს” ხვიჩა კიკალიშვილი უდასტურებს, რომ თანამდებობა დატოვა, თუმცა არ პასუხობს კითხვას, რატომ გადაწყვიტა პოსტის დატოვება მაშინ, როდესაც მას უფლებამოსილების კიდევ 5 წლიანი ვადა ჰქონდა.
საკუთარი სურვილით დავტოვე. კანონი არ მავალდებულებს მიზეზის ახსნას. დღეს არ გადავწყვიტე, ერთი კვირაა, რაც განცხადება დავწერე, – ეუბნება კიკალიშვილი “პირველებს”.
საკონსტიტუციოში ფიქრობენ, რომ ადამიანი, ვინც კიკალიშვილს შეცვლის, “ოცნების” რჩეული იქნება.
საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლე ჰყავს. აქედან 3 საქართველოს პარლამენტი ირჩევს, 3 საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს, ხოლო სამის წარდგენის უფლება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს.
აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს მერაბ ტურავას ვადა ამოეწურა. იმის გამო, რომ ის პარლამენტის დანიშნულია, მისი თავიდან წარდგინების შანსი აღარ არსებობდა. ამას 90 ხმა სჭირდება, “ოცნებას” კი ამდენი ხმა არალეგიტიმურ პარლამენტში არ აქვს.
როგორც ჩანს, ხვიჩა კიკალიშვილის ნაცვლად საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგენენ ახალ კადრს, რომელიც შემდეგ უკვე თავმჯდომარე გახდება. არსებობს ეჭვი, რომ უკვე უმაღლესი საბჭოს წარდგინებით სასამართლოში მერაბ ტურავას შეაბრუნონ, რადგან პარლამენტი ამას ფიზიკურად ვერ გააკეთებს.