„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 16 აპრილს სახელისუფლებო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში რიგი საკითხები განიხილა, მათ შორის ოქტომბერში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და მმართველი პარტიის გეგმა ოპოზიციის აკრძალვის შესახებ; ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია; „ქართული ოცნების“ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროინდელ სავარაუდო დანაშაულებს იძიებს; თავისი სადავო განცხადება 9 აპრილს; გრანტების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები; და პროევროპული აქციების დროს დაკავებული პატიმრები.
ადგილობრივი არჩევნები და ოპოზიცია
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრს მიაჩნია, რომ მმართველ პარტიას ოქტომბერში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება არ გაუჭირდება, მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა ოპოზიცია მონაწილეობას. მან იქვე იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებს, რაც, მისი თქმით, „ქართული ოცნებას“ მხოლოდ გაუადვილებს საქმეს. „მიიღებენ მონაწილეობას და მძიმედ დამარცხდებიან, თუ არ მიიღებენ და ასე დამარცხდებიან, ჩვენთვის ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა“, – აღნიშნა მან.
კობახიძე არ დაეთანხმა იმ მოსაზრებას, რომ ადგილობრივ ხელისუფლებაში ერთპარტიული წარმომადგენლობა არ არის კარგი ქვეყნის დემოკრატიისთვის და სანაცვლოდ, გააკრიტიკა ოპოზიცია, ბოლო არჩევნებზე ბარიერგადალახულ ოპოზიციურ ძალებს „აგენტურა” უწოდა და განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტებში მათი არყოფნა უბრალოდ „ძალიან კარგი“ იქნებოდა.
„ნეტავ არსებობდეს ისეთი ოპოზიცია, რომელიც არ არის უცხოური აგენტურა“, – განაცხადა მან. „როგორც კი ეს სპექტრი, აგენტების სპექტრი გაქრება პოლიტიკური სივრციდან“, მაშინვე, „ბუნებრივია“ გამოჩნდება „ჯანსაღი ოპოზიცია“.
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ, მმართველი პარტიის გეგმებზე საუბრისას, კობახიძემ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი არაუგვიანეს წლის ბოლომდე დასრულდება.
„ქართული ოცნება“ ოპოზიციის აკრძალვას ადგილობრივი არჩევნების შემდეგ გეგმავს, ერთპარტიული პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საბოლოო ანგარიშის საფუძველზე.
გიორგი გახარია, გავრილოვის ღამე და „დიფ სთეითი“
ირაკლი კობახიძემ თავისი ყოფილი თანაპარტიელი და ამჟამად ოპოზიციის ლიდერი, გიორგი გახარია გააკრიტიკა. ეს უკანასკნელი 14 აპრილს პარლამენტის დროებითი კომისიის წინაშე წარსდგა.
2019 წლის 20 ივნისს პარლამენტთან საპროტესტო აქციის დარბევაზე საუბრისას, რომელიც „გავრილოვის ღამის“ სახელითაა ცნობილი და რა დროსაც რამდენიმე ადამიანმა რეზინის ტყვიების მოხვედრის შედეგად თვალები დაკარგა, კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტია ამ ფაქტის შემდეგ შეთანხმდა, რომ გახარიას, რომელიც მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრად მსახურობდა, თანამდებობა უნდა დაეტოვებინა.
„დისკუსია გაიმართა 20 ივნისის შემდეგ და საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება იქნა მიღებული იმასთან დაკავშირებით, რომ გახარიას უნდა დაეტოვებინა საკუთარი თანამდებობა…გაისმა ზარი „დიფ სთეითიდან“. ეს იყო ოფიციალური თანამდებობის პირი, საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირი, რომელმაც ქვეყნის გარედან დარეკა და თქვა, რომ არ იყო მიზანშეწონილი მისი გადაყენება“, – განაცხადა კობახიძემ ამ პირის დასახელების გარეშე. თუმცა, მისი თქმით, მმართველმა პარტიამ იცის ვინ არის ის. კობახიძემ აღნიშნა, რომ გახარიას გაპრემიერება იყო „კომპრომისების შედეგი“ და რომ „დიფ სთეითთან” კომპრომისის საფუძველზე გახდა ის პრემიერ-მინისტრი. 2021 წლამდე, როდესაც გახარიამ მმართველი პარტია დატოვა, „საქართველოს სუვერენიტეტი შეზღუდული იყო“, აღნიშნა კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ პარლამენტის საგამოძიებო კომისია, აგვისტოს ომი და გიორგი ანწუხელიძე
კობახიძემ კომენტარი გააკეთა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ჩადენილ დანაშაულებს იძიებს.
რაც შეეხება 2008 წლის აგვისტოს ომს – კომისიაში ერთ-ერთ ყველაზე სადავო თემას – კობახიძემ გაიმეორა მმართველი პარტიის ნარატივი, რომ ომი სწორედ „სააკაშვილის რეჟიმმა“ დაიწყო. მისი თქმით, ამის მტკიცებით „ქართული ოცნება“ თავად ქვეყანას არ ადანაშაულებს.
„ეს იყო სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი, აგენტურა! აგენტურა როდესაც იწყებს ომს…არალეგიტიმური, კრიმინალური რეჟიმი როდესაც იწყებს ფართომასშტაბიან სამხედრო მოქმედებებს, ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ საქართველომ დაიწყო ომი. სააკაშვილის კრიმინალურმა რეჟიმმა, აგენტურამ, დაიწყო ომი – დავალებით, დაკვეთით”, – განაცხადა მან.
კობახიძემ სრულად მიემხრო კომისიის თავმჯდომარის თეა წულუკიანის სადავო განცხადებებს, რომ ომის შემდეგ საოკუპაციო ძალების მიერ ნაწამები და მოკლული ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე „უაზროდ“ მოკლეს, თუმცა შეუსწორა, რომ ანწუხელიძე არა სააკაშვილის პიარ კამპანიას, არამედ „აგენტურის ღალატს“ შეეწირა.
„ჩვენ არ გვჭირდება [ომით] ახალი გმირების გაჩენა. ჩვენ გვჭირდება გმირები, რომლებიც სამშობლოს ემსახურებიან არა საკუთარი თავის გაწირვით ომში, არამედ იმით, რომ ზრუნავენ ამ ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაზე“, – დასძინა მან.
9 აპრილის განცხადება
კობახიძე ასევე შეეხო 9 აპრილს გაკეთებულ განცხადებას, სადაც 1989 წლის ხოცვა-ჟლეტის დამნაშავის, საბჭოთა რუსეთის ხსენებას მოერიდა, თუმცა, სანაცვლოდ, არაერთხელ ახსენა „უცხოური ძალა“, როგორც 1989 წლის 9 აპრილს ძალადობის ჩამდენი. კობახიძის ამ განცხადება საზოგადოების კრიტიკა მოყვა, თუმცა საპასუხოდ, კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართველი ლიბერალი, ისევე როგორც ზოგადად ლიბერალი, არის შეზღუდული აზროვნების მქონე“.
„იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც 9 აპრილის დემონსტრაცია დაარბიეს და ადამიანები მოკლეს, იყვნენ რუსების გარდა…იყვნენ უკრაინელები, ბალტიისპირელები, შუააზიელები და ა.შ. საბჭოთა კავშირი იყო“, – განაცხადა მან.
კანონი გრანტების შესახებ
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ახლახანს მიღებულ ცვლილებებზე საუბრისას, კობახიძემ განაცხადა: „თუ რაიმეს იცავს ეს კანონი, ეს იცავს სწორედ პირველ რიგში ქართული საზოგადოების ინტერესებს… უნდა დავიცვათ საზოგადოება ამ ყალბი პროპაგანდისგან, ამ ტოტალური პროპაგანდისგან რომელიც რევოლუციური მიზნებით იყო შემოტანილი ჩვენ ქვეყანაში“.
პოლიტპატიმრები
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა უმრავლესობა პროპაგანდის „მსხვერპლია“. თუმცა, მან „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დაკავებული ჟურნალისტი, მზია ამაღლობელი გამოყო და განაცხადა, რომ ის ასეთი „მსხვერპლი“ არ არის. კობახიძის თქმით, „მისი დავალება იყო პოლიციის დაკნინება და პოლიციის ღირსების შეურაცხყოფა“.
მან განაცხადა, რომ ხელისუფლების მიდგომა უნდა იყოს ჰუმანური, თუმცა „ეს არ გულისხმობს იმას, რომ კანონი არ უნდა აღსრულდეს“.
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ გალუზინის ბოლო განცხადების კომენტირებისას, რომ მოსკოვი მზად არის აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსთან, კობახიძემ განაცხადა, რომ ოკუპაცია „წითელ ხაზად“ რჩება, რაც ასეთ ნაბიჯს შეუძლებელს ხდის.
„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სამართლებრივად, ჩვენთვის არის შეუძლებელი საუბარი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ოკუპაციის პირობებში“, – განაცხადა მან.
აშშ-საქართველოს ურთიერთობები
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა გაიმეორა მმართველი პარტიის გზავნილი, რომ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვა „არსებითად“ დამოკიდებულია „დიფ სთეითის“ დამარცხებაზე.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური)