„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 16 მაისს ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის (EPC) სამიტს დაესწრო. მას თან ახლდნენ „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და „ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლევან ჟორჟოლიანი.
2024 წლის ოქტომბრის სადავო საპარლამენტო არჩევნებისა და შემდგომი საპროტესტო აქციების შემდეგ, ეს ირაკლი კობახიძის პირველი გამოჩენა იყო ევროპელ ლიდერებთან.
ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის მეექვსე სამიტზე ევროპის კონტინენტის 45 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური შეიკრიბა, რომელთაგან 25 ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან იყო. არაფორმალურ, ერთდღიან შეკრებაში სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა – საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ასევე თურქეთი, უკრაინა და მოლდოვა მონაწილეობდა.
კობახიძის გამოსვლა მრგვალი მაგიდის დისკუსიაზე
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში თემაზე „ევროპის უსაფრთხოება და დემოკრატიული მდგრადობის გაძლიერება“.

„ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კობახიძემ ყურადღება გაამახვილა „ძლიერი ევროპის მნიშვნელობაზე ძლიერი მსოფლიოსთვის და ბოლოდროინდელ ტენდენციებს შემაშფოთებელი უწოდა“.
„ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ევროპული სახელმწიფოების დიდი ნაწილი იდენტობის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას, ამავდროულად, ევროპა კარგავს ძალას, იყოს ძლიერი მოთამაშე და დაიცვას პარტნიორები“, – ნათქვამია ადმინისტრაციის პრესრელიზში.
„ამ კონტექსტში პრემიერმა უკრაინის მაგალითზე ომის მძიმე შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასეთ ვითარებაში სხვა ქვეყნებს დაცვის გარანტია ვერ ექნებათ“, – ნათქვამია პრესრელიზში.
ამავე ინფორმაციით, კობახიძემ ყურადღება გაამახვილა „საქართველოს მიღწევებზე“ და ხაზი გაუსვა „ქვეყნისადმი უსამართლო დამოკიდებულების შეცვლის აუცილებლობას“. კობახიძის თქმით, „საქართველო მრავალი კრიტერიუმით უსწრებს იმ ქვეყნებს, რომლებსაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ და მსგავსი უსამართლო დამოკიდებულება ევროპული ინსტიტუტების იმიჯისთვის დამაზიანებელია“.
„პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება და ევროპა გაძლიერდება, რაც აუცილებელია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია პრესრელიზში.
მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ პანელურ დისკუსიაში, რომლის თანათავმჯდომარეები იყვნენ გაერთიანებული სამეფოსა და შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრები, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, პოლონეთის, სლოვაკეთის, სომხეთისა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრები, საბერძნეთის, უკრაინის, ევროპული საბჭოს და ევროპარლამენტის პრეზიდენტები და ეუთოს გენერალური მდივანი მონაწილეობდნენ.
შეხვედრები
ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩს, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა.
სერბეთის პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ ვუჩიჩთან შეხვედრის შესახებ, „ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაცია იტყობინება: „მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე, ორი ქვეყნისა და ევროპის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა სამართლიანი დამოკიდებულების მნიშვნელობაზე, რაც წესებზე დაფუძნებული წესრიგის უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს“.
რაც შეეხება რობერტ ფიცოსთან შეხვედრას, ოფიციალურ პრესრელიზში ნათქვამია, რომ „შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობას, ასევე ორი ქვეყნის საერთო გამოწვევებს. პრემიერ-მინისტრებმა დაადასტურეს მზადყოფნა პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის“.
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანსაც შეხვდა. „მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის მჭიდრო პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ ორმხრივი ეკონომიკური კავშირების შემდგომ გაღრმავებას შეუწყობს ხელს საქართველო-უნგრეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა, რომელიც უახლოეს მომავალში ბუდაპეშტში გაიმართება“.
სახელისუფლებო მედიის მიერ ვიზიტის გაშუქება
მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ და მისი მედია ცდილობდნენ კობახიძე დასავლელი ლიდერების მიერ მხარდაჭერილ ადამიანად წარმოეჩინათ იმ ფონზე, როცა მათ სადავო არჩევნებისა და მიმდინარე რეპრესიების გამო მმართველი პარტია უპრეცედენტო იზოლაციაში მოაქციეს, მისი შეხვედრები, რომლებიც არაფორმალურ გარემოში გაიმართა, როგორც ჩანს, მხოლოდ სამი ლიდერით შემოიფარგლა.
სახელისუფლებო მედია ცდილობდა წარმოეჩინა ეს ვიზიტი, როგორც გარღვევა საერთაშორისო იზოლაციაში, რასაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება თვეების განმავლობაში განიცდიდა. „ქართული ოცნების“ მიერ კონტროლირებადმა მედიამ გაავრცელა ვიდეო, სადაც კობახიძეს ხანმოკლე საუბარი ჰქონდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან.
მრგვალ მაგიდასთან კობახიძე ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასა და ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრ ლუკ ფრიდენს შორის იჯდა. „ქართული ოცნების“ მთავრობამ ასევე გაავრცელა მათ შორის პირისპირ საუბრების ფოტოები.
„მე მქონდა 30-მდე ლიდერთან გასაუბრების საშუალება“, – განუცხადა კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებს.
„როგორც პრეზიდენტ მაკრონთან, ისე რობერტა მეცოლასთან და სხვა ლიდერებთან, გვქონდა საუბარი იმ თემებზე, რაც შეეხება საქართველოს განვითარებას, ევროპულ პერსპექტივას და ჩვენს როლს რეგიონში“, – განაცხადა კობახიძემ. „გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის უშუალო საუბრები, ჩვენ არ გვაქვს გასაჯაროების უფლება, თუცა ზოგადად, რა თქმა უნდა, შემიძლია გითხრათ, რომ საქმე ეხებოდა საქართველოს ინტერესებთან დაკავშირებით ჩვენი გზავნილების გაზიარებას“.
„იყო გარკვეული შეზღუდვა კომუნიკაციაში, როგორც ჩანს, მოსწყურდათ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს საქართველოსთან ურთიერთობა“, – დასძინა კობახიძემ.
ასევე წაიკითხეთ:
- 15/05/2025 – ამერიკელი და ევროპელი პარლამენტარები მოუწოდებენ პორტუგალიას, არ დაუშვას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მონაწილეობა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
- 15/05/2025 – კობახიძე აშშ-საქართველოს ამჟამინდელ ურთიერთობებს „აქტიურ უარყოფითს“ უწოდებს
- 14/05/2025 – ევროკავშირის ელჩი სანქციებსა და „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის დაგეგმილ აკრძალვაზე საუბრობს
- 09/05/2025 – საქართველო ვარშავაში ევროკავშირის არაფორმალურ შეხვედრაზე არ მიიწვიეს
This post is also available in: English