„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ემი დიაზს უმასპინძლა. ინფორმაცია შეხვედრის შესახებ მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა.
ეს კობახიძესა და დიაზს შორის პირველი შეხვედრაა.
„კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს მთავრობის მზადყოფნა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან აღდგენისთვის, რომელიც ორმხრივ ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებულ კონკრეტულ გზამკვლევს დაეფუძნება“, - ამბობს კობახიძე.
ემი დიაზი დროებითი რწმუნებულის თანამდებობას 2026 წლის ივლისიდან იკავებს. მას მრავალწლიანი დიპლომატიური გამოცდილება აქვს - სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობა 2002 წლიდან დაიწყო.
აშშ-ს ბოლო ელჩმა რობინ დანიგანმა თანამდებობის პენსიაში გავსლის გამო დატოვების შესახებ გასული წლის ივნისში ისაუბრა.
გასული ორი წლისგან განსხვავებით, წელს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ აშშ-ს საელჩოში გამართულ დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავისათვის მიძღვნილ ღონისძიებაზე. სწორედ მაშინ შეხვდა კობახიძე იმდროინდელ ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ალან პერსელს.
- აშშ-ს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა აღარ აკავშირებს: 2024 წლის 30 ნოემბერს აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან მას შემდეგ აირია, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მოწოდებების მიუხედავად, მიიღო „აგენტების კანონი“, ქუჩაში გამოსული დემონსტრაციები კი ძალის გამოყენებით დაშალა.
- საპასუხოდ აშშ-მა სანქციები დაუწესა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვნებსა და კერძო პირებს. სანქციების დაწესება 2024 წლის ივნისში დაიწყო და მომდევნო თვეებშიც გაგრძელდა - ჯამში საუბარია 100-ზე მეტ ადამიანზე.
- „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკას პრეზიდენტი ტრამპი შეცვლიდა, თუმცა აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები არ მოხსნილა. ბოლო პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვედრები ჰქონდათ აშშ-ში. ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ საქართველოშიც.
radiotavisupleba ახალი ამბები