„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 12 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „დიფ სთეითი“ და საქართველოში მისი „აგენტურა“ ქვეყანაში რუსული ტურიზმისთვის ძირის გამოთხრას ცდილობენ, მათ შორის „რუსოფობიის“ ხელოვნურად გაღვივებით. მან „ხალხთა შორის მტრობის“ გაღვივების მცდელობებზეც გაამახვილა ყურადღება.
ბრიფინგის დროს კობახიძემ არაერთხელ ახსენა „დიფ სთეითისა“ და „გლობალური ომის პარტიის“ შეთქმულების თეორიები, რომელთაც მმართველი პარტია რეგულარულად იყენებს, რათა დასავლეთი რუსეთთან ომში საქართველოს ჩათრევისა და უკრაინის ომში მეორე ფრონტის გახსნის მცდელობებში დაადანაშაულოს.
„ვფიქრობ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რას ემსახურება „დიფ სთეითის“ გეგმა საქართველოში საკუთარი აგენტურის გამოყენებით რუსოფობიის ხელოვნურად გაღვივებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კობახიძემ და გააფრთხილა, რომ „ეს არის საქართველოს, ქართველი ხალხისა და მისი სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიტანილი შტურმის თვისებრივად ახალი ეტაპი, რომელიც სინქრონულად, რამდენიმე მიმართულებით ვითარდება“.
მისი თქმით, „მიზანმიმართული შტურმის ნაწილია ბოლო პერიოდში მომხდარი არაერთი ფაქტი, მათ შორის „დიფ სთეითის“ ადგილობრივი აგენტების მიერ ქართველი გმირი სამხედროების ომის დამნაშავეებად შერაცხვა და აბსურდული ტყუილის გავრცელება, თითქოს აფხაზეთში მიმდინარე კონფლიქტის დროს ქართველებს ტყვეები არ აჰყავდათ და მათ ხვრეტდნენ. საქართველოს საზღვაო კურორტებზე ხელოვნურად მოწყობილი ანტირუსული კამპანიები, ასევე, როგორც რამდენიმე დღის წინაც აღვნიშნე, სოციალურ მედიაში გავრცელებული ყალბი ცნობები, სადაც ადამიანები არარსებული სახელებით, გვარებით, პროფესიებით საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს საქართველოში რუსი ტურისტებისთვის უარყოფითი გარემოა შექმნილი“.
მან ასევე განაცხადა, რომ „დიფ სთეითის“ ახალი გეგმა ითვალისწინებს საქართველოში რუსი ტურისტების ჩამოსვლის ხელის შეშლას. „აშკარაა, რომ „დიფ სთეითის“ დავალების შესაბამისად, მათი აგენტურის მიერ დღეს საქართველოში რუსოფობიური განწყობების გაღვივება ხელოვნური პროცესია, რომელიც ერებს შორის ზიზღის უკიდურესად გამწვავებით, ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოშლითა და ვითარების მაქსიმალური ესკალაციით უნდა დასრულდეს“, – აღნიშნა მან.
„ამიტომაც, როგორიც არ უნდა იყოს „დიფ სთეითის“ გეგმა, არ უნდა დავუშვათ, რომ პოლიტიკური უთანხმოებები, წარსულში დაშვებული პოლიტიკური შეცდომები თუ გლობალური ომის პარტიის მიერ საქართველოს ომში ჩართვისა და რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს, რადგან საზოგადოებებს შორის ურთიერთობების შენარჩუნება და მშვიდობიანი თანაცხოვრება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური კონიუნქტურა თუ არაფორმალური ოლიგარქიული ძალების კონკრეტული გეგმა კონკრეტულ სახელმწიფოებთან მიმართებაში“, – განაცხადა კობახიძემ.
სტატისტიკური მონაცემებით, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ტურისტების ყველაზე დიდ ჯგუფს წარმოადგენენ. 2026 წლის მეორე კვარტალში რუსეთიდან ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობა ვიზიტორთა საერთო რაოდენობის 25.1%-ს (328 900) ანუ ყოველი ოთხიდან თითქმის ერთს შეადგენდა.
This post is also available in:
civil ახალი ამბები