„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 9 ივნისს ბრიფინგი გამართა, რომელიც „ქართული ოცნების“ დამფუნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მიეძღვნა და სადაც მან ივანისშვილსა და ქვეყნის პოლიტიკაში მის როლზე ისაუბრა.
თითქმის რვაწუთიანი გამოსვლის დროს კობახიძემ ივანიშვილს „პოლიტის გროსმეისტერი“ უწოდა, რომელიც, მისი თქმით, „ქვეყნის გარე მტრების და მათი ადგილობრივი აგენტურის აგრესიისა და პოლიტიკური თავდასხმის მთავარი ობიექტია“.
კობახიძის თქმით, ისინი ვინც მოქმედ ხელისუფლებას „ივანიშვილის რეჟიმად“ მოიხსენიებენ, ცდილობენ „2012 წლიდან დამკვიდრებული დემოკრატია ავტოკრატიად წარმოაჩინონ“.
„ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმეისტერი და მას უყვარს საკუთარი ხალხი და ქვეყანა. მისი პოლიტიკური წონა სწორედ ამ ორ ძირითად ფაქტორს ეფუძნება: გამორჩეულ ინტელექტს და უანგარო პატრიოტიზმს“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, სწორედ ამ თვისებებმა შეაძლებინა ივანიშვილს 2012 წელს ის, რაც „ყველას შეუძლებელი ეგონა: გროსმეისტერულად ჩამოეშორებინა ძალაუფლებას უცხოური აგენტურა, რომელსაც ქვეყნის გარედან ყოველგვარ ძალადობაზე მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული“ და „ქვეყანაში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული დემოკრატიული მმართველობა დაამკვიდრა“.
კობახიძემ მმართველ პარტიასა და საქართველოს პოლიტიკაში ივანიშვილის პირად როლზეც ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ქვეყნის გარე მტრებისა და მათი ადგილობრივი აგენტურის საუბარი იმაზე, რომ საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტები არ არსებობს და ქვეყანაში ერთმმართველობაა დამკვიდრებული, სრული სიყალბეა და პირადად ჩემთვის შეურაცხმყოფელია“.
მან აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი 2023 წლის დეკემბრის ბოლოდან „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე და მისი პოლიტიკური საბჭოს წევრია.
„სწორედ ამ მოცემულობით წარსდგა მმართველი პარტია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში და ამ მოცემულობით მიიღო მან მყარი ნდობა ქართველი ხალხისგან. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის როლი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში არა მხოლოდ ფორმალიზებულია, არამედ უშუალო დემოკრატიულ ლეგიტიმაციასაც ეფუძნება“, – განაცხადა კობახიძემ.
აღნიშნა რა, რომ მმართველი პარტია ქვეყანას კონსტიტუციის შესაბამისად მართავს, კობახიძემ განაცხადა, რომ ივანიშვილი „არსებითად, არ ერევა სამთავრობო მენეჯმენტში და საკადრო გადაწყვეტილებებში“.
ამავდროულად, კობახიძემ აღნიშნა, რომ „მე, როგორც მთავრობის მეთაური და მმართველ პარტიაში მეორე პირი, ხშირად ვსარგებლობ მისი რჩევით, როდესაც საქმე ქვეყნისთვის საკვანძო მნიშვნელობის საკითხებს ეხება. მისი რჩევები ყოველთვის ფასდაუდებელია და ამ შესაძლებლობაზე უარის თქმა, პირველ რიგში სწორედ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არასწორი იქნებოდა“.
კობახიძის თქმით, ივანიშვილს „ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია“. „ვერავინ მოიტანს ვერცერთ ფაქტს იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან რაიმე პირადი სარგებელი მიიღო“, – დასძინა მან.
აღნიშნა რა, რომ ივანიშვილის კორუფციისადმი დამოკიდებულება „უკომპრომისოა“, კობახიძემ განაცხადა, რომ 2023 წელს ივანიშვილის დაბრუნებამ აქტიურ პოლიტიკაში საშუალება მისცა მთავრობას სწრაფად ემოქმედა კორუფციის წინააღმდეგ“ და რომ კორუფცია „მმართველობის ზედა დონეზე დღეს უკვე სრულად არის აღმოფხვრილი“.
კობახიძემ განაცხადა, რომ „არანაკლებ მძიმეა უცხოური აგენტურის მმართველობის შედეგები ევროპის ქვეყნებშიც, სადაც დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, სიტყვისა და მედიის თავისუფლების დაკნინების, ეროვნული და რელიგიური იდენტობის დასუსტებისა და ეკონომიკური სტაგნაციის მთავარი მიზეზი სწორედ სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის დაკარგვაა“.
„ერთ დროს სამაგალითო ევროპულ ქვეყნებში დღეს უმძიმესი ტენდენციებია, რაც სწორედ იმის შედეგია, რომ მათი ხელისუფლებები არა საკუთარ ხალხებს, არამედ გარე ძალებს ემსახურებიან. ბიძინა ივანიშვილის მიმართ აგრესიის მთავარი მიზეზიც სწორედ ამას უკავშირდება – მან ქართველი ხალხი გაათავისუფლა აგენტოკრატიისგან და მას დაუბრუნა ის, რაც ეკუთვნოდა – დემოკრატია და არჩევნების უფლება“, – განაცხადა მან.
კობახიძემ კიდევ ერთხელ შეაქო ივანიშვილი და აღნიშნა, რომ სწორედ მისი დამსახურებაა, რომ „დღეს საქართველო ინარჩუნებს 14-წლიან უწყვეტ მშვიდობას“.
„შესაბამისად, ქვეყნის მართვა აუცილებლად გაგრძელდება საქართველოს კონსტიტუციის პატივისცემით და იმ პრინციპების საფუძველზე, რომლებიც ქართულ პოლიტიკაში 2012 წელს ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა“, – დასძინა მან.
This post is also available in:

6 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·