„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირლანდიაში გაემგზავრა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-9 სამიტი იმართება. მას თან ახლავს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი შედიან.
12 ნოემბერს კობახიძე, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, EPC-ის მე-9 სამიტის გახსნით პლენარულ სესიას დაესწრება, ასევე მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატის პანელურ დისკუსიაში, რომლის მთავარი თემაა დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა.
ირლანდიაში ვიზიტის ფარგლებში, 11 ნოემბერს, კობახიძე სიტყვით გამოვიდა საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში დაგეგმილ დისკუსიაზე და ევროპის არქიტექტურაში საქართველოს როლზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ „ამ თვალსაზრისით გარკვეულ ნეგატიურ ტენდენციებსაც ვხედავთ, მათ შორის მიგრაციასთან დაკავშირებულ პროცესებსა და იმ უარყოფით ტენდენციებს, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ეთნიკურ და რელიგიურ იდენტობას უკავშირდება“. მისი თქმით, საქართველო და სამხრეთ კავკასიის რეგიონი „ევროპისთვის აღმოსავლეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ მარშრუტად რჩება“.
დისკუსია საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში
მთავრობის პრესრელიზის თანახმად, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართული დისკუსიის დროს კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო თავს ევროპულ ერად მიიჩნევს თავისი ქრისტიანული მემკვიდრეობის, ტრადიციებისა და კულტურის გამო. მან ასევე დასძინა, რომ ევროპამაც უნდა შეინარჩუნოს საკუთარი „ტრადიციული ღირებულებები“.
„ამ თვალსაზრისით გარკვეულ ნეგატიურ ტენდენციებსაც ვხედავთ, მათ შორის მიგრაციასთან დაკავშირებულ პროცესებსა და იმ უარყოფით ტენდენციებს, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ეთნიკურ და რელიგიურ იდენტობას უკავშირდება. ამრიგად, პირველი მიზეზი, რის გამოც საქართველოს ევროპულ ერად მივიჩნევთ, არის ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები და კულტურა – საქართველოს ევროპული კულტურული იდენტობა“, – განაცხადა მან.
დისკუსიის დროს მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპისთვის საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა რეგიონულ დაკავშირებადობაშია, და დასძინა, რომ საქართველო და სამხრეთ კავკასიის რეგიონი „ევროპისთვის აღმოსავლეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ მარშრუტად რჩება“.
„ამ ვითარებაში საქართველო და სამხრეთ კავკასიის რეგიონი ევროპისთვის აღმოსავლეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ მარშრუტად რჩება. სწორედ ამიტომ, ეკონომიკური თვალსაზრისით, უაღრესად მნიშვნელოვანია არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ თავად ევროპისთვისაც ევროკავშირსა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობისა და ძლიერი კავშირების შენარჩუნება”, – განაცხადა კობახიძემ.
ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას, მან განაცხადა, რომ „დღეს ჩვენი ურთიერთობების მდგომარეობა, რბილად რომ ვთქვათ, საკმარისად პოზიტიური არ არის“ და დასძინა, რომ ხელისუფლება დაინტერესებულია ვითარების შეცვლით.
„ჩვენ ძალიან დაინტერესებული ვართ ამ ვითარების შეცვლით. თუმცა უაღრესად მნიშვნელოვანია ორ მხარეს შორის ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობის არსებობა”, – აღნიშნა კობახიძემ.
This post is also available in:
civil ახალი ამბები