კობახიძე ე.წ. აგენტების კანონზე: სადაც დაგვისაბუთებენ, იქ მზად ვართ გადასინჯვისთვის

1 day ago 1

„ქართული ოცნების" ხელისუფლება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს(ე.წ. აგენტების კანონი) მხოლოდ მაშინ შეცვლის, თუ „სამართლებრივ ხარვეზებს" დაუსაბუთებენ. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს, 20 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

დაახლოებით ერთი საათით ადრე ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ თბილისში, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობისგან მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეცვლის დაპირება და ამ მიზნით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი საქართველოს და ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მონაწილეობით. ბერსეს ინფორმაციით, პროცესში ჩართული იქნება ვენეციის კომისია.

„ჩვენ ღია ვართ დისკუსიისთვის ნებისმიერ ფორმატში და თუ იქნება კონკრეტული ფორმატი შექმნილი, შემოთავაზებული მათ შორის ევროსაბჭოს მხრიდან მსჯელობისთვის, რა თქმა უნდა აქაც ვართ ღია. შესაბამისად აქ არის სრული თანხვედრა ჩვენს გზავნილებს შორის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება კანონის გადასინჯვას, კობახიძის თქმით: „აქ არის ერთი რამ მთავარი. ჩვენ უნდა დაგვისაბუთონ, სად არღვევს ეს კანონი სამართლებრივ პრინციპებს. სადაც დაგვისაბუთებენ ასეთ რამეს, რომ არის სამართლებრივი ხარვეზები, რა თქმა უნდა, იქ მზად ვართ გადასინჯვისთვისაც".

„ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. აგენტების კანონი(უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ) 2024 წლის გაზაფხულზე მიიღო საქართველოში საპროტესტო აქციების და აშშ-ის, ევროკავშირის სახელმწიფოების და საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ევროსაბჭოს მოწოდებებისა, უარი ეთქვა ამ კანონზე. მას ვეტო დაადო პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

2024 წლის 21 მაისს გამოქვეყნებული დასკვნით, ევროსაბჭოს ვენეციის კომისიამ საქართველოს ხელისუფლებას „მტკიცედ ურჩია“, გაეუქმებინა სამი მოსმენით მიღებული კანონი მისი „ფუნდამენტური ხარვეზების“ გამო.

კომისიამ შეისწავლა კანონპროექტის თავსებადობა საერთაშორისო ნორმებთან, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან და დაასკვნა, რომ იგი ეწინააღმდეგება კონვენციის ოთხ მუხლს:

  • პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას;
  • გამოხატვის თავისუფლებას;
  • შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებას;
  • დისკრიმინაციისგან დაცვის უფლებას.

2024 წლის 28 მაისს საპარლამენტო უმრავლესობამ დაძლია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე" პრეზიდენტის ვეტო.

სრულად წაკითხვა