„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი „ძალადობის თანამონაწილეა“ და „აგრძელებს ძალადობის წაქეზებას“ იმით, რომ არ გმობს საქართველოში მიმდინარე „ძალადობრივ“ აქციებს. მან ევროკავშირის ელჩი „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების მცდელობაშიც დაადანაშაულა.
ევროკავშირის ელჩზე კობახიძის თავდასხმას წინ უძღოდა ჰერჩინკის განცხადება, რომლის თქმითაც ევროკავშირი მუშაობს საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევაზე, დაშინებასა და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობის გამოყენებაზე პასუხიმსგებელი პირების დასანქცირებაზე. „ევროკავშირი ვერ შეეგუება ძალადობას, დაუსჯელობასა და დაშინებას, რაც უკვე თითქმის სამი თვეა გრძელდება“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ 24 თებერვალს.
საპასუხოდ, ირაკლი კობახიძემ 25 თებერვალს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ევროკავშირის ელჩი „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ და „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ საარჩევნო აგიტაციაში იყო ჩართული.მან ასევე აღნიშნა, რომ ელჩი ჰერჩინსკი საქართველოში „არჩევნებში დამარცხდა“ და და დასძინა, რომ მას არც ერთხელ დაუგმია „ის ძალადობრივი მიტინგები, რომელიც საქართველოში იმართებოდა“.
„აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, ეს ადამიანიც არის ძალადობის თანამონაწილე და აგრძელებს ძალადობის წახალისებას, თუმცა მისი ეს მცდელობა ამ შემთხვევაში წარმატებული აღარ არის“, – აღნიშნა კობახიძემ.
მან ასევე განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ევროკავშირის ელჩმა „პირდაპირ მოუწოდა ამომრჩეველს მაქსიმალური მობილიზებისკენ და „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო ხმის მიცემისკენ“. „მან პირდაპირ თქვა, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში ევროინტეგრაცია შეჩერებული იყო და იმისთვის, რომ პროცესები სხვანაირად წარმართულიყო, საჭირო იყო ამომრჩევლის მაქსიმალური მობილიზება. ეს იყო პირდაპირი მოწოდება იმისკენ, რომ გამოსულიყვნენ ამომრჩევლები და ხმა მიეცათ „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ და რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ“, – განაცხადა მან.
„მოგვიანებით, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირს კი არ შეუჩერებია ევროინტეგრაცია, არამედ „ქართულ ოცნებას“, თვითონვე აიხლართა საკუთარ ტყუილებში. ეს ტყუილები ემსახურებოდა ერთადერთ რამეს, ის იყო ჩართული საარჩევნო აგიტაციაში „კოლექტიური ნაცმოძრაობის სასარგებლოდ. რა თქმა უნდა, ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელია ევროკავშირის ელჩის ნებისმიერი განცხადება, რომელიც ემსახურება ხელისუფლებაში „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დაბრუნებას“, – განაცხადა კობახიძემ.
„პირადად, შემიძლია პატივისცემა გამოვხატო ბატონი ჰერჩინსკის მიმართ, თუმცა ის პირდაპირ მოქმედებს „დიფ სთეითის“ დავალებების ქვეშ. აქედან გამომდინარე, მისი მდგომარეობა იოლი არ არის“, – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის თავდასხმა ევროკავშირის ელჩზე ბრიუსელში შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ევროკავშირის პრესსპიკერმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ანიტა ჰიპერმა ევროკავშირის სრული მხარდაჭერა გამოხატა ელჩის მიმართ IPN-ის ბრიუსელის კორესპონდენტისთვის მიცემულ კომენტარში. მან ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი ვერ ხედავს საქართველოდან პოზიტიურ სიახლეებს და ამის დასტურია ევროკავშირის ელჩის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებები.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)