„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოთქვა ვარაუდი, რომ რუსეთის გადაწყვეტილებაში, შეეზღუდა რამდენიმე ქართველი მწარმოებლის ღვინის იმპორტი, შესაძლოა „დიფ სთეითის ხელი ურევია“, მათ შორის საშუალო რგოლის მოსყიდვის გზით.
„დიფ სთეითს აქვს ძალიან დიდი გავლენები და შეიძლება, საშუალო რგოლი აქაც იყოს მოსყიდული. ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ ეს სია პირდაპირ არის წინააღმდეგობაში რუსეთის ფედერაციის მათ შორის სახელმწიფოებრივ ინტერესებთან“, – განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს 26 ნოემბერს. .
„ყოველგვარი არგუმენტების, ფაქტების გარეშე გვესაუბრებიან, რაც აჩვენებს იმას, რომ ხელწერა არის იგივე. გვარებს არ დავაკონკრეტებ, მაგრამ შუა რგოლის მოსყიდვა აბსოლუტურად რეალური შეიძლება იყოს. იმედი მაქვს, ამ ყველაფერს კარგად გაიაზრებენ რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში და ეს საკითხი ამოიწურება“, – აღნიშნა მან.
25 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, გიორგი ზურაბაშვილმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომელიც ცოტა ხნის წინ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, მიხეილ გალუზინთან, თავისი პირველი შეხვედრა გაიხსენა. მან იმედგაცრუება გამოთქვა იმის გამო, რომ მოსკოვი არ არის მზად, ქართულ ღვინოზე შეზღუდვები მოხსნას და რომ რუსეთი კიდევ ორი ქართული კომპანიის დასანქცირების საკითხს განიხილავს.
26 ნოემბერს ჟურნალისტებთან საუბრისას, კობახიძემ გალუზინის მიერ დასახელებულ არგუმენტებს „სრული აბსურდული“ უწოდა და განაცხადა, რომ თბილისი მოლაპარაკებებისგან შეზღუდვების სიის სრულ ანულირებას და საკითხის „ძალიან მარტივად“ მოგვარებას ელოდა.
„თუმცა ამის სანაცვლოდ მივიღეთ რა, რომ ბატონი გალუზინის მხრიდან გაგვიზიარეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შეიძლება 2 კომპანია დაემატოს ამ სიას… რაც არის აბსოლუტურად არასწორი დამოკიდებულება. თვითონ ამ სიის შედგენაც იყო არასწორი დამოკიდებულების გამოვლინება და ბუნებრივია, ეს ახალი დამოკიდებულებაც არის იგივე შეფასების საგანი, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად გასაოცარია“, – განაცხადა კობახიძემ.
მან პარალელი გაავლო რუსულ შეზღუდვებსა და იმას შორის, რასაც მან ევროპელ ბიუროკრატებსა და პოლიტიკოსებზე „დიფ სთეითის“ გავლენა უწოდა.
„ჩვენ მიჩვეულები ვართ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან იმას, რომ იქ არის ბიუროკრატია, რომელიც არის გარედან მოსყიდული, ე.წ. დიფ სთეითის მიერ არის მოსყიდული და ასეთ პირობებში ეს ადამიანები, ევროპელი ბიუროკრატები და ზოგჯერ პოლიტიკოსები, იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდება ისევ და ისევ ევროპის ინტერესებს“, – აღნიშნა მან. „მხოლოდ და მხოლოდ მოსყიდვის პირობებში შეიძლება ასეთი რამ ხდებოდეს“.
მისი თქმით, იგივე ტენდენცია შეინიშნებოდა რუსეთთან ბოლო მოლაპარაკებებში. „აქედან გამომდინარე, სრულიად აუხსნელია და ყოველგვარი არგუმენტების გარეშე გვესაუბრებიან, ფაქტების გარეშე გვესაუბრებიან, რაც აჩვენებს იმას, რომ ხელწერა არის იგივე. მე გვარებს არ დავაკონკრეტებ, მაგრამ შუა რგოლის მოსყიდვა აბსოლუტურად რეალური შეიძლება იყოს“, – განაცხადა კობახიძემ.
ყველაფრის მიუხედავად, კობახიძემ განაცხადა, რომ დიალოგი უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ პრინციპებს და რომ მის მიმდინარეობას უნდა განსაზღვრავდეს არა „დიფ სთეითი“, არამედ ობიექტური რეალობა და ობიექტური ინტერესები.
This post is also available in:
civil ახალი ამბები