კობახიძე ივანიშვილისა და ამერიკის ელჩის გამოცხადებულ შეხვედრაზე: „ეს შეხვედრა არ შემდგარა და ესეც საინტერესო დეტალია"

2 weeks ago 3

ირაკლი კობახიძემ 3 დეკემბერს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი არ შეხვედრია საქართველოში აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს.

ბიძინა ივანიშვილმა 2024 წლის 21 ოქტომბერს ტელეკომპანია „იმედისათვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ სინგაპურში სასამართლო დავის მოგების შემდეგ ჰქონდა კომუნიკაცია ამერიკის ელჩთან და, რომ მათი შეხვედრა არჩევნების შემდეგ გაიმართებოდა.

„ეს შეხვედრა არ შემდგარა და ესეც საინტერესო დეტალია, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად, - მოქმედ ადმინისტრაციას აშკარად არ სურს სიმშვიდე ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ელჩი არის დამოკიდებული იმაზე, რას ეტყვის მისი ადმინისტრაცია, ელჩი თავად არ იღებს გადაწყვეტილებას. ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ყველაფერი არ იყო ისე, როგორც უნდა ყოფილიყო. გრძელდებოდა შანტაჟი, არასწორი მიდგომით მოქმედება ჩვენი ქვეყნის მიმართ“.

ირაკლი კობახიძის თქმით, დღეს მოქმედი ელჩი [რობინ დანიგანი] იანვრიდან ელოდება ახალ ადმინისტრაციას, რის შემდეგაც იმოქმედებს ახალი ადმინისტრაციის მანდატის შესაბამისად:

„ჩვენთვის მთავარი არის ის, რომ დეკემბერი უკვე გადავლილია, "ნაცმაიდანი" ჩავარდა, ყველაფერი მიდის ისე, როგორც სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას.“

ირაკლი კობახიძის თქმით, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის გზავნილები თავიდან ბოლომდე სრულ თანხვედრაშია „ქართული ოცნების“ გზავნილებთან, მათ შორის იმ ორ კანონთან, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ბოლო პერიოდის განმავლობაში. კობახიძე დარწმუნებულია, რომ 20 იანვრის შემდეგ ამერიკული ადმინისტრაციის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ თვისებრივად შეიცვლება:

„აშშ-ს ჯერ კიდევ მოქმედი ადმინისტრაცია ჩვენთან ყველაზე მეტად უპირისპირდებოდა ორ კანონს, ეს იყო გამჭვირვალობის შესახებ კანონი და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი. დღეს ახალმა ადმინისტრაციამ უკვე დააანონსა, რომ თავად მიიღებენ ანალოგიურ კანონს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ, მსგავსი შინაარსი აქვს ამ კანონს. რაც შეეხება გამჭვირვალეობის შესახებ კანონს, ახალი ადმინისტრაცია თავად საუბრობს იმ პრობლემებზე, რომელიც დაკავშირებულია უცხოური დაფინანსების გაუმჭვირვალობასთან. თავიდან ბოლომდე ახალი ადმინისტრაციის გზავნილები არის სრულ თანხვედრაში ჩვენს გზავნილებთან, მათ შორის იმ ორ კანონთან, რომელიც ჩვენ მივიღეთ ამ პერიოდის განმავლობაში. ეს ამყარებს ჩვენს რწმენას იმასთან დაკავშირებით, რომ 20 იანვრის შემდეგ ამერიკული ადმინისტრაციის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ თვისებრივად შეიცვლება. ჩვენ გვაქვს ღირებულებითი თანხვედრა და იმედი მაქვს, რომ ეს ღირებულებითი თანხვედრა საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების სრულად გადატვირთვას. ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამის ძალიან დიდი პერსპექტივა არსებობს“,

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს მთავრობამ 28 ნოემბრის გადაწყვეტილების მიღებისას იჩქარა, რადგან, მისივე თქმით, აშშ-ის ძველი ადმინისტრაცია ცდილობს დაუტოვოს მძიმე მემკვიდრეობა ტრამპის ახალ ადმინისტრაციას.

„თქვენ ხედავთ, რა ხდება უკრაინაში. სამი წლის განმავლობაში რის უფლებასაც არ აძლევდნენ უკრაინას - ეს არის შორი მოქმედების რაკეტების გასროლის უფლება - მოულოდნელად მისცეს. რატომ? იმიტომ, რომ უნდათ ახალ ადმინისტრაციას დაუტოვონ მძიმე მემკვიდრეობა. ზუსტად იგივე რისკებია დაკავშირებული საქართველოსთანაც. ეს ორი თვე - დეკემბერი და იანვარი იყო რისკებთან დაკავშირებული. დეკემბერი იყო ყველაზე დიდი რისკების შემცველი. დეკემბერში ვერავის ვერ მივცემდით ქვეყნის დაშანტაჟების უფლებას. აქციები არ დაწყებულა 5 დღის წინ, აქციები გრძელდებოდა უწყვეტ რეჟიმში. რა იყო ამის საფუძველი? არცერთი მთავრობა, არცერთი ხელისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ ეუთო/ოდირმა აღიარა არჩევნების ლეგიტიმურობა, არ აკეთებდა განცხადებას, ამ ფონზე კი რადიკალური ოპოზიცია თბილისში აწყობდა პერმანენტულ აქციებს, კეტავდა ქუჩებს და ა.შ. ეს პიროტექნიკა და სხვა საშუალებები ერთ დღეში არ შეუძენიათ ამ ადამიანებს. რისთვის აგროვებდნენ ამას? ესე იგი რაღაც იყო დაგეგმილი. რაღაც რომ იყო დაგეგმილი იქიდანაც ჩანს, რომ არც ერთი ქვეყნიდან არ კეთდებოდა განცხადებები ლეგიტიმური არჩევნების აღიარებასთან დაკავშირებით. ეს არ არის ჯანსაღი მიდგომა ჩვენი ქვეყნის მიმართ. ეს ორი თვე იყო რისკებთან დაკავშირებული. რა მოვიგეთ? ჩვენი გადაწყვეტილების გამო ნაადრევად მოუწიათ რესურსების განიავება და ყველამ დაინახა, რომ 20 იანვრამდე ვერავითარი "ნაცმაიდანი" ვერ შედგება, შემდეგ კი გადაიტვირთება ურთიერთობები ამერიკასთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თბილისში და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

მმართველმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომიდან რამდენიმე დღეში გამოაცხადა.

საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.

სრულად წაკითხვა