„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარიზს სტუმრობს, სადაც კოსმოსის საერთაშორისო სამიტში მონაწილეობს. ღონისძიება 9-10 სექტემბერს იმართება და მას საფრანგეთი და გერმანია თანათავმჯდომარეობენ. სამიტი, სხვა საკითხებთან ერთად, ფოკუსირებულია კოსმოსის მომავალზე, მასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და კოსმოსის მართვის პროცესში ევროპის როლზე.
ოფიციალური პრესრელიზის თანახმად, კობახიძე საფრანგეთში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევით იმყოფება. სამიტის გახსნას კობახიძე დელეგაციასთან ერთად დაესწრო, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.
„მნიშვნელოვანია, ევროპას ჰქონდეს თავისი ხედვა, თავისი დამოუკიდებელი პოლიტიკა კოსმოსის საკითხებთან დაკავშირებით“, – განაცხადა კობახიძემ. „ჩვენი, როგორც პატარა ქვეყნის, რესურსები ამ მიმართულებით შეზღუდულია, თუმცა ჩვენ ვართ გადაწყვეტილებების მიღების ნაწილი“.
მან ასევე განაცხადა, რომ სამიტზე საქართველო კოსმოსის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სამ დეკლარაციას შეუერთდა. „მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით. საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში“, – აღნიშნა კობახიძემ.
10 სექტემბერს მედიასთან საუბრისას კობახიძემ ასევე განაცხადა: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ სამიტზე სხვადასხვა მხრიდან მოსაზრებების მოსმენა, პოზიციების მოსმენა იმისათვის, რომ სამომავლოდ ჩამოაყალიბოს ქვეყანამ სწორი პოზიცია ყველა საკითხთან დაკავშირებით და მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები“.
როგორც კობახიძემ, ისე ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვეს სამიტის მნიშვნელობას მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრების გამართვის კუთხით.
სამიტზე 100-ზე მეტი ქვეყნის გადაწყვეტილების მიმღები პირები, პროფესიონალები და ბიზნესის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. გამომსვლელებს შორის იყვნენ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და პრეზიდენტი მაკრონი.
This post is also available in:
civil ახალი ამბები